ინდოეთთან ასობით პროცენტით ვაჭრობის გაზრდის და კრემლის მოთხოვნით დოლარში ვაჭრობის მიტოვების გამო, რუსულ კომპანიებს პრობლემა შეექმნათ - ინდოელი კონტრაგენტებისგან საქონლის გაყიდვისთვის მიღებული რუპიები აღმოჩნდა, რომ ვერ კონვერტირდება.

რუსმა ექსპორტიორებმა დააგროვეს ინდური ვალუტა, მაგრამ ინდოეთის მარეგულირებელი არ უშვებს მის ვაჭრობას მოსკოვის ბირჟაზე, რათა რუბლებში გადახურდავდეს, განაცხადა ბირჟის ბიზნეს განვითარების მენეჯერმა, კირილ პესტოვმა Reuters-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, გასული წლის შუა პერიოდიდან, სავალუტო ბაზრის მონაწილეები რუპიების გაყიდვით დაინტერესდნენ - ინდოეთში ფასდაკლებული რუსული ნავთობი შევიდა, რითაც წლის ბოლომდე მარაგები 33-ჯერ გაიზარდა. მათი მოცულობა - თითქმის 1,5 მილიონი ბარელი დღეში - აღემატებოდა იმპორტს ერაყიდან და საუდის არაბეთიდან ერთად. მაგრამ მოსკოვში რუპიის გაყიდვა შეუძლებელია.

„ინდური ვალუტის რეგულაცია ზღუდავს მიმოქცევას და რუპიებში ანგარიშსწორებას ინდოეთის ფარგლებს გარეთ და ეს ეხება მთელ გარე სამყაროს“, - განმარტა პესტოვმა.

მისი თქმით, მოსკოვის ბირჟა, ელოდება ინდოეთის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებებს რუპიის ინტერნაციონალიზაციის გაფართოების შესახებ, მაგრამ პროცესი მაინც ნელია.

პირდაპირი რუპიების გამოყენება - იმპორტისთვის - ასევე რთული აღმოჩნდა: ინდოეთთან ვაჭრობა ერთი მიმართულებით მიდის. რუსეთში ინდური საქონლის მიწოდება ჩერდება, რის შედეგადაც წარმოიქმნება გიგანტური სავაჭრო დისბალანსი.

ნოემბერში რუსი ოფიციალური პირების დელეგაცია გაემგზავრა ნიუ დელიში სავაჭრო საკითხების განსახილველად და წარმოადგინა დაახლოებით 500 საქონლის სია, რომელიც ინდოეთს შეეძლო მიეყიდა რუსეთს.

მასში შედიოდა დგუშები, ზეთის ტუმბოები, აალების კოჭები, ბამპერები, ტექნიკა ტექსტილის ინდუსტრიისთვის, მათ შორის ძაფები და საღებავები და მეტალურგიის თითქმის 200 პროდუქტი. იანვარში მეორე ვიზიტი შედგა, თუმცა პროცესის დაძვრა ვერ მოხერხდა.

შედეგად, რუსულმა ბანკებმა დაიწყეს უარის თქმა რუპიების მიღებაზე, განუცხადეს Bloomberg-ს ნიუ-დელის წყაროებმა: მათ არ სურთ ინდური ვალუტის ჭარბი დაგროვება, რომელსაც არსად აქვს „მიმაგრება“. ამის გამო ეროვნული ვალუტით ვაჭრობის მექანიზმი ჩერდება. მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთის ცენტრალურმა ბანკმა ჯერ კიდევ ივნისში დაამტკიცა რუსული ბანკებისთვის საკორესპონდენტო ანგარიშების გახსნა რუპიებში, არცერთი მნიშვნელოვანი ტრანზაქცია არ განხორციელებულა.

ინდურ მხარეს არ სურს რუპების ნაცვლად რუბლი გამოიყენოს. რუსულ ვალუტას კურსთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, განმარტავს ინდოეთის ერთ-ერთი გადამამუშავებელი ქარხნის ტოპ მენეჯერი.

სანდრო პირველი