“ყველა პროგნოზით, ლარი წლის პირველ ნახევარში, ალბათ, გამყარების ტენდენციას შეინარჩუნებს", - ამის შესახებ ეკონომიკის დოქტორი, ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე აცხადებს.

“ყველა პროგნოზით, ლარი წლის პირველ ნახევარში, ალბათ, გამყარების ტენდენციას შეინარჩუნებს. ყველა მაკროეკონომიკური ფაქტორი, რომელიც ლარის კურსთანაა დაკავშირებული პოზიტიურია: ესაა საგადამხდელო ბალანსი, ექსპორტი, რომელიც ძალიან გაზრდილია, ასევე ეკონომიკური ზრდა , რომელიც საკმაოდ მაღალია, 8,4% იყო იანვარში. თებერვალშიც მაღალი ზრდა გვექნება.

ლარის კურსი გამყარებას მარტშიც გააგრძელებს. უკვე 1 თვეზე მეტია 2.60-ის ნიშნულს ჩამოსცდა. კიდევ ერთი ფაქტორი, რაც მომავალში ლარის კურსზე პოზიტიურად აისახება, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები იქნება. ფულადი გზავნილები და ინვესტიციებიც გაზრდილია.

ვნახეთ, რომ შარშან ინვესტიციების სარეკორდო მაჩვენებელი გვქონდა – 2 მილიარდს გადააჭარბა. ინვესტიციები არა მხოლოდ კაპიტალში იყო, არამედ რეინვესტირება იყო ძალიან მნიშვნელოვნად გაზრდილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ინვესტორებს პოზიტიური მოლოდინი და განწყობები აქვთ, როდესაც ფულს ქართულ ეკონომიკაში ტოვებენ.

ეს ტენდენცია ამ წელსაც, წესით, უნდა გაგრძელდეს. უნდა ვივარაუდოთ, რომ ლარის კურსი 2.5- ის ნიშნულისკენ იქნება დაძრული", - აღნიშნავს ცუცქირიძე.