პრემიერის თქმით, მოსახლეობას პირველადი პროდუქტების შეძენა 100%-იანი ფასნამატით უწევს. ღარიბაშვილმა ეკონომიკურ გუნდს გამოსავლის გზების საპოვნელად ორი კვირა მისცა.

დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ივა ჭყონია „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ ფასნამატი ხშირად მართლაც აღწევს 100%-ს, თუმცა ეს არ არის სადისტრიბუციო კომპანიების ნება.

ჭყონიას თქმით, სიამოვნებით ითანამშრომლებს მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან გამოსავლის გზების საპოვნელად.

„საბოლოო ფასი რეალურად ნამდვილად არის 100%-იანი ფასნამატით. არაერთხელ მითქვამს და გამიცხადებია მეც ამის შესახებ. ამას აქვს ბევრი მიზეზი, როცა მცირე მაღაზიები არსებობდნენ, მაშინ თუ ყოველი კვირის ბოლოს ან 10 დღეში გვიბრუნდებოდა თანხა, ახლა ეს დრო 60-75 დღეა.

ასევე ძალიან მაღალია ქეშბექი, რასაც დისტრიბუტორები რითეილერებს უხდიან. ყველა კომპანიას საბანკო ვალდებულებები აქვს. არის სხვა უამრავი პრობლემა, რის გამოც დისტრიბუტორები იძულებული არიან რითეილერების მხრიდან გაზრდილი მოთხოვნების გამო მაღალი ფასნამატით გაყიდონ პროდუქცია.

მერწმუნეთ, ბაზარზე იმდენად დიდი კონკურენციაა, მონოპოლიაზე საუბარი ვერ იქნება. ვერ იქნება ამხელა ფასნამატი, რომ არა ობიექტური პირობები. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ეკონომიკურ გუნდთან. არაერთი საკითხია მათთან გასავლელი", - განუცხადა ჭყონიამ ,,ბიზნესპრესნიუსს".