„რეგულაცია ნამდვილად არ ითვალისწინებს იმას, რომ პროდუქტზე ქვედა ან ზედა ზღვარი უნდა დაწესდეს და პროცენტებში მოხდეს ჩარევა“ - ამის შესახებ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა  ივა ჭყონიამ რადიო „კომერსანტის“  გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ ისაუბრა. მისი თქმით, დისტრიბუტორთა  ასოციაცია აქტიურად იქნება ჩართული იმაში, რომ  ფასწარმოქმნაზე ხელოვნური ჩარევა არ მოხდეს და პროცესები ზედმეტად არ დაამძიმოს, რადგან ეს ნეგატიურად აისახება პროდუქციის ხარისხზე.

„კონკურენცია საკმაოდ მაღალია, ამას ადასტურებს კონკურენციის სააგენტოც, ერთგვაროვანი პროდუქცია ათობით იმპორტიორ კომპანიას შემოაქვს და შესაბამისად, აქ თითოეულ თეთრსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ის მოსაზრება, რომ ფასები იმპორტების  და სადისტრიბუციო კომპანიების მხრიდან ხელოვნურად არის გაზრდილი, არასწორია. ჩვენ დავადასტურეთ, თუ საიდან მომდინარეობს ფასწარმოქმნა, რომელიც სადისტრიბუციო კომპანიებს აქვს და ამ ფასწარმოქმნაში რას რა როლი უჭირავს.

მას შემდეგ, რაც პრემიერმა ისაუბრა, რომ ფასებთან დაკავშირებულ პრობლემებში იმპორტიორების ბრალეულობაა, დაახლოებით ორკვირიანი მუშაობა მოგვიწია იმაზე, რომ მეჩვენებინა თუ რა წილი უჭირავს ფასში და აქ სხვადასხვა პრობლემები გამოიკვეთა და მივედით  იმ შედეგთან, რასაც წლებია ვითხოვ, ეს  არის კანონი  სამართლიანი ვაჭრობის შესახებ, რომელიც  ევროპაში 2009 წლიდან მოქმედებს და მიმწოდებელსა და  რითეილ  სექტორს შორის ურთიერთობას ეხმარება, აქ საუბარია შეცვლილ გადასახადებზე,  მალფუჭებად პროდუქციაზე მაგალითად ფასის გარდა რა ვადაში უნდა იყოს  პროდუქცია დაბრუნებული და ა.შ. ბევრი ისეთ ნიუანსია, რაც ბაზარზე სიტუაციის  დარეგულირებას და დასტაბილურებას  გამოიწვევს და ფასებზეც დადებითად  აისახება“ -  აღნიშნა ივა ჭყონიამ .

ივა ჭყონიამ ასევე განმარტა, რომ დღეს დახლებზე განთავსებული პროდუქციის ფასები, აქციების შედეგია, რომელიც  ძირითადად  პირველადი მოხმარების პროდუქტებს  ეხება, მისივე თქმით თუ  აქციები აქამდე ტარდებოდა კვარტალში ერთხელ  ან ორ თვეში  ერთხელ, ახლა  ამან უფრო ინტენსიური ხასიათი მიიღო.

„ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდა შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი, სოფლის მეურნეობის მინისტრი, კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი და ჩვენ,  მივედით  შეთანხმებამდე, რომ მანამ სანამ კანონპროექტზე დაიწყება მუშაობა  მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ ის რესურსი, რაც  გვაქვს ფასებში ავსახოთ, ერთადერთი გამოსავალი რაზეც ჩვენ შევძელით, რომ რითეილ  სექტორთან შევთანხმებულიყავით  ეს იყო სააქციო ფასებით წამოგვეწია პროცესი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მიმწოდებელი კომპანია დააკლებს 5% -ს რითეილ სექტორმაც დააკლოს 5% ,  თუ მიმწოდებელი კომპანია  დააკლებს  10%-ს,  რითეილ  სექტორმაც  დააკლოს 10%  და შედეგად დახლზე წარმოდგენილ პროდუქციაზე მომხმარებლისთვის  უფრო მისაღები ფასები იქნება. როდესაც კომპანიას პაკეტში აქვს  სხვადასხვა პროდუქტები, პრიორიტეტს ანიჭებს შემდეგ  პროდუქტებს: ზეთი,  წიწიბურა, ბრინჯი და  ა.შ.  და ძირითადად დაწოლა  სააქციო ფასების წავა  ამ პროდუქტებზე; რადგან ეს პროდუქტები პრიორიტეტულია.

მე  ვერ ვიტყოდი, რომ მთავრობის მხრიან ვიღაცამ თითი დაგვქნია,  შეხვედრა იყო სრულად კონსტრუქცია და საუბარი წავიდა იქით, რომ ვიმოქმედოთ იმ რეგულაციით , რომელიც  არაერთ  ევროპულ  ქვეყანაშია  და 2019 წლიდან  633-ე  დადგენილებით ევროკავშირის  ყველა  ქვეყანას  ავალდებულებს.“ -  აღნიშნა ივა  ჭყონიამ.

ჭყონია განმარტავს, რომ სექტორისთვის  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კანონპროექტი, რომელიც  ჯერჯერობით მხოლოდ  დრაფტის  დონეზეა და მუშაობას  საჭიროებს, დროულად  იქნეს მიღებული.

„ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ამ კანონის მიღება ერთ ან ორ დღეში მოხდება, ნაჩქარევად მიღებული კანონი ორივე მხარისთვის დამაზიანებელია და ამის მაგალითებიც გვაქვს, ამიტომ ვფიქრობ, რომ რაც შეიძლება მეტი კონსულტაცია და შეხვედრაა საჭირო, ჩვენ ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში ეკონომიკის  სამინისტროსთან გვექნება  შეხვედრა, სადაც ასოციაციის  წევრი კომპანიებიც დაესწრებიან.

ვფიქრობ, რომ შესაძლოა, ამ კანონპროექტმა მზის შუქი წლის ბოლომდე  იხილოს, იქამდე ძალიან მნიშვნელოვანია აქტიური ჩართულობა, რომ დეტალები არ გაგვეპაროს,. ევროპაშიც კი ეს კანონი ერთგვაროვანი არ არის და მორგებულია კონკრეტული ქვეყნის სიტუაციაზე, ამიტომ მისი  პირდაპირ  გადმოკოპირება არ შეიძლება რადგან ბიზნესს  ზიანი არ მიადგეს და ისევ მომხმარებელზე არ აისახოს უარყოფითად“ -  აღნიშნა ივა ჭყონიამ.

commersant.ge