საქართველოს საფონდო ბირჟამ (სსბ) მარტი გარიგების გარეშე დახურა. შესაბამისად, ბირჟის საშუალო დღიური ბრუნვა მიმდინარე თვეში 0 ლარი იყო.

რაც შეეხება გასული თვეების მონაცემებს, თებერვალში საქართველოს საფონდო ბირჟაზე (GSE) ხუთი გარიგება შედგა, რომელიც „ლიბერთი ბანკს“ უკავშირდება და მისი მოცულობა 1 558 625-ს, ხოლო ღირებულება 16086 ლარს შეადგენს. თებერვალში დაფიქსირებული 5 ტრანზაქციის წყალობით, ბირჟის დღიურმა საშუალო ბრუნვამ დაახლოებით 574 ლარს მიაღწია, რაც გასული თვეების მაჩვენებლებთან შედარებით მზარდია, რადგან, ძირითადად საქართველოს საფონდო ბირჟაზე არცერთი გარიგება არ ხორციელდებოდა.

გასული წლის სავაჭრო სესიებზე ლარში მხოლოდ 19, ხოლო დოლარში 15 გარიგება დაიდო, აქციების ღირებულებამ 13 619.37 ლარი და 2.4 მლნ დოლარი შეადგინა. გასულ წელს მხოლოდ „ლიბერთი ბანკის“, „საქართველოს ბანკის“, „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ და „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ აქციებზე დაიდო გარიგება.

შეგახსენებთ, საქართველოს საფონდო ბირჟა 1999 წელს, USAID-ის ხელშეწყობით დაარსდა და საქართველოში ერთადერთი მოქმედი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარია. მათი საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია 748 მილიონ დოლარს შეადგენს.

commersant.ge