გიორგი მუხიგულიშვილი

მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის (WEG)

არაგანახლებადი ენერგიის წყაროები, როგორიცაა ქვანახშირი, ბუნებრივი აირი და ნავთობი, უარყოფით გავლენას ახდენს გარემოსა და  ჰაერის ხარისხზე. განახლებადი (მზის, წყლის, ქარის) ენერგიების ფართომასშტაბიანი გამოყენება კი უზრუნველყოფს უფრო სუფთა, ჯანსაღ ჰაერს მთელს მსოფლიოში.

წიაღისეული საწვავის განახლებადი ენერგიის წყაროებით ჩანაცვლება მნიშვნელოვნად ამცირებს წვრილ ნაწილაკებს ჰაერში. ეს წვრილი ნაწილაკები, როგორიცაა შავი ნახშირბადი და წიაღისეული საწვავით წარმოქმნილი სხვა დამაბინძურებლები, აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობას. მაგალითად, მხოლოდ შავი ნახშირბადით გამოწვეული გართულებები ყოველწლიურად 640,000-დან 4,900,000-მდე ნაადრევ სიკვდილს იწვევს. ჯანმოს 2016 წლის მონაცემებით საქართველო მესამე ადგილზე იყო მსოფლიოში ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელით.

ბუნებრივად წარმოქმნილი ნაწილაკები - აეროალერგენები, მათ შორის ამბროზიის მტვერი, შესაძლოა შავ ნახშირბადზე და წიაღისეულის წვის შედეგად გამოყოფილ სხვა დამაბინძურებლებზე  არანაკლებად საზიანო აღმოჩნდეს.  არსებობს კვლევა, რომელიც მიუთითებს, რომ წიაღისეული საწვავით გამოწვეულმა კლიმატის ცვლილებამ შესაძლოა მცენარეების მიერ მტვრის წარმოქმნის რაოდენობა გაზარდოს და მტვრის სეზონი გაახანგრძლივოს.  კლიმატის ცვლილების ზემოქმედებამ შესაძლოა მსოფლიოში გარკვეული ადგილები საცხოვრებლად ნაკლებად მიმზიდველი გახადოს, განსაკუთრებით მათთვის ვისაც ალერგია აწუხებს.  განახლებადი ენერგიის საშუალებით ჩვენ შევძლებთ ხანგრძლივი და პროდუქტიული მტვრის სეზონების და ჰაერის ხარისხის გაუარესების თავიდან არიდებას.

კლიმატის ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ზაფხულის ტემპერატურის დათბობამ შესაძლოა “სტაგნაციის” მოვლენები გაამძაფროს.  მეტეოროლოგები სტაგნაციას უწოდებენ ისეთ მოვლენას, რომლის დროსაც ცხელი ჰაერის ჯიბეების მეშვეობით დამაბინძურებლების შეკავება და მათი ქვედა ატმოსფეროში ჩაკეტვა ხდება.

წიაღისეული საწვავის წვისას ატმოსფეროს ქვედა ფენებში წარმოიქმნება აზოტის ოქსიდები (NOx), ოზონის შემადგენელი ელემენტები - კიდევ ერთი დამაბინძურებელი, რომელიც ჰაერის ხარისხს მნიშვნელოვნად აუარესებს და სასუნთქი გზების დაზიანებას, ინფექციებსა და ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებას იწვევს.

განახლებადი ენერგიის მეშვეობით ჩვენ შევძლებთ სტაგნაციის ზოგიერთი მოვლენის თავიდან აცილებასა და ატმოსფეროში არსებული ოზონისა და სხვა დამაბინძურებლების შემცირებას.  განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება ხელს შეუწყობს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში. მზის, ქარის, წყლის და სუფთა ენერგიის სხვა წყაროებზე გადასვლა შეარბილებს კლიმატის ცვლილების ზეგავლენასაც.  განახლებადი ენერგოტექნოლოგიების დანერგვისთვის მნიშვნელოვანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, მდგრადი საბაზრო და ფინანსური მექანიზმების შექმნა.