განახლებადი ენერგიები საქართველოში

თუთანა კვარაცხელია, WEG

საქართველოს წიაღისეული საწვავის მწირი რესურსები აქვს, ამიტომ ადგილობრივად წარმოებული ენერგიის მთავარი წყარო განახლებადი ენერგიები - ჰიდროენერგია და ბიომასაა. ქვეყანას ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის ხანგრძლივი ისტორია აქვს. ენგურის ჰიდროელექტროსადგური, რომელიც 1978 წლიდან ფუნქციონირებს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰესი და კომპლექსური საინჟინრო ნაგებობაა.

ჰესების გარდა, განახლებადი ენერგიის წყაროა ბიომასა - შეშა და სასოფლო-სამეურნეო ნარჩენები. საქართველო მდიდარია ტყის რესურსებით, თუმცა საშეშე ხე-ტყე განახლებად რესურსად რომ ჩაითვალოს, მისი მოხმარება ტყეების რეგენერაციის პოტენციალს არ უნდა აჭარბებდეს. საქართველოს შემთხვევაში ეს პირობა დარღვეულია, წლიურად იმაზე 4-ჯერ მეტი შეშა მოიხმარება, ვიდრე ტყეებს შეუძლიათ განახლება. ტყეებზე ჭარბი ენერგეტიკული ზეწოლის შემცირება და თანამედროვე ბიოსაწვავის, პელეტებისა და ბრიკეტების გამოყენება ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი ამოცანაა.

საქართველოში ქარის მხოლოდ ერთი სადგური გვაქვს (21მგვტ), თუმცა რამდენიმე პროექტი მშენებლობის ეტაპზეა, რამდენიმე კი - შესწავლის ფაზაში.  რაც შეეხება მზის ელექტროსადგურებს, ისინი ჯერ მხოლოდ მცირე მასშტაბით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მიერ შემუშავებული „ნეტო-აღრიცხვის“ მექანიზმის პირობებში გვხვდება. აღნიშნული მექანიზმი საშუალებას აძლევს კერძო თუ იურიდიულ პირებს ააშენონ მცირე ზომის (500კვტ-მდე) განახლებად ენერგიაზე მომუშავე სადგურები (მზე, ქარი, ჰიდრო), რომელსაც საკუთარი მოხმარებისათვის გამოიყენებენ, ჭარბ ენერგიას კი ქსელს მიაწვდიან და გაყიდიან. ნეტო აღრიცხვის ფარგლებში 2022 წლის აპრილის მონაცემებით სულ 397 მიკრო სიმძლავრის მზის ელექტროსადგური აშენდა, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 20.4 მგვტ-ს შეადგენს. ამ სადგურების ნაწილი ეკუთვნით ოჯახებს, რომლებსაც სახლების სახურავებზე მზის პანელები აქვთ დამონტაჟებული  და ასე გამოიმუშავებენ ენერგიას. ნეტო აღრიცხვის მექანიზმით სარგებლობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

საქართველოს განზრახული აქვს, რომ 2030 წლისთვის ენერგიის მთლიან საბოლოო მოხმარებაში განახლებადი ენერგიების წილი 27.4% იყოს. ამ პერიოდისათვის შესაძლებელია საპროგნოზოდ 1332 მგვტ ქარის და 520 მგვტ მზის სადგურების ინტეგრირება იმ პირობით, რომ აშენდება მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურებიც და შეიქმნება დამატებითი სარეზერვო სიმძლავრეები. მარეგულირებელი სადგურები საჭიროა იმისათვის, რომ როცა ქარის და მზის სადგურები საკმარის ენერგიას ვერ გამოიმუშავებენ (მზე ყოველთვის არ ანათებს, ქარი კი ყოველთვის არ ქრის), არ იმოხდეს ენერგიის მიწოდების წყვეტები

და მომარაგება შეუფერხებლად გაგრძელდეს.

ქარის სადგურების პროექტები ძირითადად იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონებშია დაგეგმილი, მზის სადგურები კი - კახეთში. ენერგეტიკის პოლიტიკა ასევე ითვალისწინებს გეოთერმული სითბოს წარმოების მხარდაჭერას  და მცირე სიმძლავრის ბიომასის ბოილერებისა და ღუმელების, მზის ფოტოელექტრული სისტემებისა და მზის თერმული სისტემების, ზედაპირული გეოთერმული სისტემებისა და თბური ტუმბოების მემონტაჟეების მომზადებისა და სერტიფიცირების სისტემის შექმნას.

სუფთა ენერგიაზე გადასვლა გააუმჯობესებს ადამიანების საცხოვრებელ გარემოს, შეამცირებს ენერგეტიკულ სიღარიბეს და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, რაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი პირობაა.