ევროკავშირი აპირებს შექმნას მექანიზმი, რომელიც ევროპულ ქვეყნებს საშუალებას მისცემს დაბლოკონ თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტი რუსეთიდან ახალი სანქციების დაწესების გარეშე, იუწყება Bloomberg.

ევროპელმა ენერგეტიკის მინისტრებმა შეიძლება დაამტკიცონ ეს ინიციატივა: ეს მისცემს მთავრობებს უფლებამოსილებას, დროებით აუკრძალონ რუს ექსპორტიორებს ინფრასტრუქტურის წინასწარი დაჯავშნა შესაბამისი მარაგებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მექანიზმი საჭიროებს კონსულტაციებს ევროკავშირის სხვა წევრებთან და ევროკომისიასთან, ამან შესაძლოა გამოიწვიოს რუსეთიდან ენერგორესურსების ნაკადის შემცირება, წერს Bloomberg-ი.

ფინეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა და პოლონეთი მხარს უჭერენ ასეთი რეგულაციის შემოღებას, აკონკრეტებენ სააგენტოში.

ბლუმბერგმა გაიხსენა, რომ მარტის დასაწყისში, ევროპის ენერგეტიკის კომისარმა კადრი სიმსონმა მოუწოდა ქვეყნებს რუსული LNG-ის მიღების შეჩერებისკენ და თქვა, რომ კომპანიებმა არ უნდა განაახლონ გრძელვადიანი კონტრაქტები ამ უკანასკნელის ვადის ამოწურვის შემდეგ.

ესპანეთი, ამჟამად რუსული LNG-ის ყველაზე დიდი მყიდველი ევროკავშირში, სთხოვს კომპანიებს, არ გააფორმონ კონტრაქტები რუსეთში ახალი შესყიდვების შესახებ.

თებერვლის დასაწყისში Reuters-მა Refinitiv-ის მონაცემებზე დაყრდნობით დაწერა, რომ გასულ წელს რუსეთმა მიაწოდა დაახლოებით 17 მილიონი ტონა LNG ევროპას, რაც 20%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. ამით მოსკოვმა ნაწილობრივ აანაზღაურა რუსული მილსადენით გაზის მიწოდების მკვეთრი შემცირება.

რუსეთიდან LNG ექსპორტის მთლიანი მოცულობა გასულ წელს 8,6%-ით გაიზარდა და 33 მლნ ტონა შეადგინა, რომლის ნახევარზე მეტი ევროკავშირის ბაზარზე გავიდა.

ევროკავშირში მილსადენით რუსული გაზის ექსპორტის შემცირების ფონზე, LNG-ის წილი რუსეთის მთლიან მიწოდებაში მნიშვნელოვნად გაიზარდა და შეადგინა მთლიანი გაზისა და LNG მიწოდების 25%-ზე მეტი (ნაცვლად 7%-ისა ერთი წლით ადრე).

ევროკავშირი გასულ წელს გახდა თხევადი ბუნებრივი აირის უმსხვილესი მყიდველი მსოფლიოში, გადაუსწრო ჩინეთს, იაპონიასა და სამხრეთ კორეას, იტყობინება Refinitiv. ევროკავშირის ქვეყნებმა LNG შესყიდვები გაზარდეს 58%-ით - 101 მლნ ტონამდე.

სანდრო პირველი