„დავიბაროთ იმპორტიორები“ და ახსნა-განმარტებები ჩამოვართვათ, არასწორია. ეს არის საბჭოთა მეთოდები, რომელიც ხალხისთვის კარგი მოსასმენია. ინფლაციაზე ხელისუფლება რეაგირებს, მაგრამ რეაგირებს არასწორი ფორმით, „ხელს დავუქნევ“, „დავუცაცხანებ“ და „გავაიაფებინებ“, - ასე გამოეხმაურა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც მან ფინანსთა, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს სურსათის იმპორტიორების დაბარება და ფასების შესწავლა დაავალა.

როგორც ბერიკაშვილმა აღნიშნა, ერთადერთი რასაც შეიძლება სახელმწიფო აკეთებდეს, არის ის, რომ იკვლიოს კონკურენტული არის თუ არა ბაზარი და გაზარდოს კონკურენცია.

„ეს მოქალაქეებისთვისაც არ იქნება კარგი, საბოლოო ჯამში. მოქალაქეებისთვის ეს არის კარგი მოსასმენი. კარგი იქნებოდა, რომ პრემიერ-მინისტრი ეკონომისტებს უსმენდეს. არა მაინცდამაინც მინისტრს, რომელსაც კი აქვს ეკონომიკაში კომპეტენცია, მაგრამ ისიც პოლიტიკოსია და რასაც დაავალებს პრემიერ-მინისტრი, იმას აკეთებს. ამიტომ ეს გადაწყვეტილება თავისი შინაარსიდან გამომდინარე ეკონომიკურად გამართლებული არ არის და ფორმა, რაც ამ ყველაფერს აქვს, არის აბსოლუტურად არასწორი და მიუღებელი.

„დავიბაროთ იმპორტიორები“ და ახსნა-განმარტებები ჩამოვართვათ, არასწორია. ერთადერთი, რასაც შეიძლება სახელმწიფო აკეთებდეს, არის ის, რომ იკვლიოს კონკურენტული არის თუ არა ბაზარი. ეს კვლევები გაკეთებული აქვს კონკურენციის სააგენტოს და ამბობს, რომ კონკურენტული არის მაგალითად, ფარმაცევტული ბაზარი, ან ნავთობის ბაზარი. თუ კონკურენცია არსებობს და სააგენტო პრობლემას ვერ ხედავს, მაშინ სიგიჟეა რა ფასების რეგულირებაზე ვსაუბრობთ?! ეს არის საბჭოთა მეთოდები, რომელიც ხალხისთვის კარგი მოსასმენია იმიტომ, რომ ყველა გამოკითხვით, პირველ სამეულში მაინც არის ინფლაცია და ფასების ზრდა.

ფასების ზრდა, განსაკუთრებით, მძიმეა სურსათზე იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი არის დაბალშემოსავლიანი და უჭირს ამ სურსათის შეძენა და ამას გამოკითხვაც არ სჭირდება დიდად. მესამე პირში კი არ ვსაუბრობ, ყველას გვეხება ეს ინფლაცია და ხელისუფლება ამაზე რეაგირებს, მაგრამ რეაგირებს არასწორი ფორმით - აი, „ხელს დავუქნევ“, „დავუცაცხანებ“ და „გავაიაფებინებ“...

ფასნამატის მიღმა იმპორტიორსაც და გადამყიდველსაც აქვს სხვა ხარჯები. არაა 100%-ს რომ იღებდეს მოგებას. მთავარია, რომ კონკურენცია არსებობდეს. თუ კონკურენცია იარსებებს, ვერ გაყიდის ის უფრო ძვირად. ეს ხომ არ არის ნავთობი, ხორბალი, რომელიც არაკონკურენტულია, მხოლოდ რუსეთიდან შემოგვაქვს. თუ ბევრი მომწოდებელი იქნება და გამყიდველი, აუცილებლად დაბალანსდება ფასი. არ ვიცი, ეს იცის თუ არა პრემიერ-მინისტრმა, მაგრამ ვინც იცის, მან უნდა თქვას.

შესაძლოა, პანდემიის დროს დავასუბსიდირეთ იგივე წიწიბურაც და პირველადი მოხმარების პროდუქტებიც, ხორბალიც და ფქვილიც დაგვისუბსიდრებია, ეს მოკლევადიან პერიოდში ეფექტურია, ხალხი ხედავს რომ გაუიაფდა, სახელმწიფომ გადაიხადა ფული, მაგრამ სახელმწიფო ცალკე განყენებული ტიპი ხომ არაა, სახელმწიფოც იხდის ხალხისგან და ისევ ხალხს აკლდება საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში. ამიტომ ეს ეკონომიკურად ისევ ხალხისთვის მომგებიანი არაა“, - განაცხადა ბერიკაშვილმა.

მისივე თქმით, საკითხის მოგვარების გზა ფასების ჭერის დაწესება არ არის და ვერ იქნება. როგორც ბერიკაშვილი ამბობს, ამან შეიძლება დეფიციტი გამოიწვიოს.

„გამოსავალი არის კონკურენცია. თუ დაუწესებ ფასის ჭერს ბიზნესს და იმას არ შეეძლება ამ ფასადაც გაყიდვა, ჩვენ აღარ გვექნება წიწიბურა. მოგების მარჟის კონტროლიც არასწორია და რთულია. არ ვიცი რეალურად რას აპირებენ, შეიძლება ხელოვნურად რაღაც პროდუქციაზე ფასებიც დაწიონ.

თუ არ აიძულებენ ბიზნესი როგორ დაწევს, თუ აიძულებენ და შეიძლება სხვა რაღაციდან დააბალანსოს, მარტო წიწიბურა ხომ არ შემოაქვს იმპორტიორს?! წიწიბურაზე დააწევინოს ფასი, მან კი სხვა რაღაციდან გადაფაროს, მაგრამ ეს, საბოლოო ჯამში, კარგი არ იქნება“, - განაცხადა სოსო ბერიკაშვილმა.