ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ საავტომობილო საწვავზე ფასი კიდევ შემცირდეს.

მედიაჰოლდინგ კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას ანალიტიკოსმა ის ფაქტორები დაასახელა, რომელიც საწვავის ფასის შემცირებაზე მოქმედებს.

“ვხედავთ, რომ ნავთობის ფასი, პირველ რიგში, ბენზინს ვგულისხმობ, ყველა ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურზე მნიშვნელოვნად შემცირებულია. ბოლო პერიოდში ფასი შემცირდა როგორც “პრემიუმის” ტიპის ბენზინზე, ასევე “რეგულარზე, რომლებიც ყველაზე უფრო მოხმარებადი მარკებია. შემცირება მნიშვნელოვანია, ფასი 65 – 75 თეთრითაც კი არის შემცირებული, რაც პატარა მაჩვენებელი არაა.

მიზეზები, თუ რამ გამოიწვია საწვავზე ფასის შემცირება შეიძლება, 3 იყოს. პირველი საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასის კლების ტენდენციაა. “ბრენტის” ტიპის ნავთობის ფასი ბოლო 1 წელია დაახლოებით 26 %- ითაა შემცირებული. დღესაც რომ ვნახოთ ლონდონის ნავთობის საერთაშორისო ბირჟაზე რა ტენდენციაა – ბოლო 1 თვეში დაახლოებით 5%- ითაა შემცირებული.

მეორე თემაა ის, რომ ხშირად საერთაშორისო ბაზარზე შემცირების ტენდენცია ყოფილა, მაგრამ საქართველოში ეს საწვავის ფასზე ნაკლებად ასახულა, გასულ წლებს ვგულისხმობ. ეს, ძირითადად, იმით მართლდებოდა, რომ ვალუტის კურსის მაღალი ცვალებადობა იყო, ანუ გაურკვევლობის მოლოდინი მაღალი იყო. მოგეხსენებათ, ლარის კურსიც მაშინ გაუფასურებისკენ იყო მიმართული.

საწვავზე ფასის კლების მეორე ფაქტორი ლარის გამყარებაა. ვხედავთ, რომ ლარი გამყარებას კვლავ აგრძელებს. ბოლო ზაფხულიდან მოყოლებული უკვე 20 %- ითაა გამყარებული. მესამე ფაქტორია მთავრობის გადაწყვეტილება, კონკურენციის სააგენტოს აქტიური ჩართულობით ბაზრის კვლევა მომხდარიყო. არსებობდა გარკვეული ეჭვი, რომ შეიძლებოდა, კარტერულ გარიგებებს ჰქონოდა ადგილი. მოგეხსენებათ, კონკურენციის სააგენტომ ბაზარი გამოიკვლია და წინასწარი დასკვნა დადო, რომლის მიხედვითაც, აღმოჩნდა, რომ აქ კომპანიები გაცილებით მაღალი მარჟით, მაღალი ფასნამატით ოპერირებდნენ.

აქ საუბარი რაზეა: სამწუხაროდ, ჩვენთან მაინც ოლიგოპოლიური ბაზარია, რომლის მახასიათებელი ნიშანი კარტერული გარიგებაა. ოლიგოპოლიური ბაზრის ერთ-ერთი ფაქტორი ისაა, როდესაც საწვავის შემომტანიც, დისტრიბუტორიც და საცალო ქსელში გამყიდველიც ერთი და იგივე ჰოლდინგური ჯგუფია. ბაზრის ოლიგოპოლიზაცია ერთერთი მთავარი პრობლემაა, რაც კონკურენციის სააგენტოს დასკვნამაც დაადასტურა. დღეს მოცემულობა ისაა, რომ.ვასი კლებისკენაა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: ვნახეთ, ეს წელი დაიწყო იმით, რომ ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდა. შემცირდა ფასი საწვავზე.

ბუნებრივია, ეს, პირველ რიგში, ტრანსპორტის და პროდუქციის ფასებზე აისახება. ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო 2 წლის მანძილზე პირველად ინფლაცია ორნიშნა ნიშნულს ჩამოცდა და უკვე 8 %-მდეა შემცირებული, თებერვლის მონაცემს ვგულისხმობ. იმედია, ინფლაცია მის მიზნობრივ მაჩვენებელს უკვე წლის პირველი ნახევრის ბოლოს მიუახლოვდება. ანუ წლის მეორე ნახევრისთვის უნდა გვქონდეს არა 8 % , არამედ დაახლოებით 5-6 %.

რუსული ნავთობიც იაფდება. იგივე საერთაშორისო სანქციების გამო რუსები იძულებულები არიან, საწვავი მაღალი ფასდაკლებით გაყიდონ. ჩვენთან ბენზინი შემოდის ევროპის ქვეყნებიდანაც, რუსეთიდანაც. ყველგან ფასის კლების ტენდენციაა. ჩვენც ფასის კიდევ უფრო შემცირებას უნდა ველოდოთ, მით უმეტეს, როცა ლარია გამყარების ტენდენცია სახეზეა”- განაცხადა ცუცქირიძემ.