არ ვფიქრობ, რომ პრემიერის ინიციატივა რაიმე ფორმით ბიზნესისთვის ზიანის მომტანია - დაიბარებს იმპორტიორებს, თუ რა ფორმა ექნება ამას, ტექნიკური საკითხია, ბიზნესში ჩარევა კი იმ შემთხვევაში იქნებოდა, იმპორტიორებთან რომ არ ესაუბრა და ისე მიეღო გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ ეკონომიკური მიმართულების დირექტორმა, გიორგი აბაშიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შეაფასა პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც მან ფინანსთა, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს სურსათის იმპორტიორების დაბარება და ფასების შესწავლა დაავალა.

აბაშიშვილის აზრით, თუ მთავრობა თვლის, რომ ბაზარზე არაკონკურენტული ფასებია, შესაძლოა გარიგებებთან დაკავშირებით გარკვეული ტიპის კითხვები ჰქონდეს, რა დროსაც სახელმწიფო საკუთარი მანდატს იყენებს.

„არ ვფიქრობ, რომ პრემიერის ინიციატივა რაიმე ფორმით ბიზნესისთვის ზიანის მომტანია. სახელმწიფოს აქვს მანდატი, ამ შემთხვევაში კი ის, რომ პროცესი თავისუფალი ბაზრის პრინციპების, თავისუფალი კონკურენციის უზრუნველყოფით გადააზღვიოს. არსებობს სახელმწიფო სტრუქტურა - კონკურენციის სააგენტო. ეს არის სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული ფუნქცია. თუ სახელმწიფო თვლის, რომ ბაზარზე კონკურენცია ირღვევა და ამის შედეგად ფორმირდება არაკონკურენტული ფასები, შესაძლოა გარიგებებთან დაკავშირებით გარკვეული ტიპის კითხვები არსებობდეს.

მოსახლეობის მხრიდან სამართლიანად ისმის კითხვა ფასებთან დაკავშირებით, რის გამოც სახელმწიფო ვალდებულია, მინიმუმ გადაამოწმოს ინფორმაცია მისი შესაბამისი სტრუქტურის მეშვეობით. ეს შესაბამისი სტრუქტურა არის კონკურენციის სააგენტო, რომელსაც არაერთი წარმატებული საქმე აქვს, მათ შორის მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებითაც.

მე ჯერ მსგავსს ვერაფერს ვხედავ, რომ დრამატიზება მოხდეს, თითქოს სახელმწიფო ეკონომიკაში ერევა - პირიქით, სახელმწიფო საკუთარ მანდატს იყენებს, საკუთარ ფუნქციას ასრულებს. იმპორტიორებს უნდა გაესაუბროს. ეს არ ნიშნავს, რომ ან სახელმწიფო იქნება მართალი ან იმპორტიორები.

პირველ რიგში, სახელმწიფო უნდა შეხვდეს მათ, მოკვლევა ჩაატაროს და ამის შემდეგ ან მიიღოს რაიმე გადაწყვეტილება, ან დატოვოს ვითარება უცვლელად. დაიბარებს იმპორტიორებს, შეხვდება, თუ რა ფორმა იქნება, ეს ტექნიკური საკითხია. იმ შემთხვევაში იქნებოდა ბიზნესში ჩარევა, იმპორტიორებთან რომ არ ესაუბრა და ისე მიეღო გადაწყვეტილება, დისკუსიის გარეშე“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

მისივე თქმით, ინფლაციის გამოწვევასთან დაკავშირებით პრემიერის ინიციატივა „მთავრობის ეფექტიანი ნაბიჯების ნაწილია“.

„არ ვთვლი, რომ მთავრობა არაეფექტიან ნაბიჯებს დგამს და ესეც ეფექტიანი ნაბიჯების ნაწილი მგონია. მეორე მხრივ - ინფლაცია არის უმთავრესი გამოწვევა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას ჰქონდა გასულ წელს და ამ წლის დასაწყისში. აქ ორი მხარეა - მთავრობის და ეროვნული ბანკის მოქმედებები. ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მომწონს ეროვნული ბანკის მოქმედებები ინფლაციის პოლიტიკის მიმართულებით. მეორე მხრივ, მხოლოდ ეროვნული ბანკი ვერაფერს შეძლებს და მნიშვნელოვანია მთავრობასთან კოორდინაციული მოქმედება. შესაბამისი ბერკეტები აქვს მთავრობას იქ, სადაც შეიძლება კითხვის ნიშნები ჩნდებოდეს.

ინფლაცია არის მთავარი გამოწვევა, რასაც მთელი რიგი ნაბიჯების ერთობლიობა სჭირდება. ამ კუთხით ყველამ თავისი მანდატი უნდა შეასრულოს. საბოლოოდ, მგონია, რომ ასეთი მოქმედებებით ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებლისკენ სვლას დაიწყებს და წლის მეორე ნახევრიდან, წლის ბოლომდე მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება. რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს გარე ფაქტორები, რაც ჩვენზე არაა დამოკიდებული და ბოლომდე ვერ გავთვლით“,- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.