მოსალოდნელია ბევრი ცვლილება, ფასის ზრდა და შეფერხება რეექსპორტში

მათ ვისაც ავტომობილების ყიდვა სურთ, 2024 წლიდან ახალი წესების დაცვა მოუწევთ. საქმე ეხება ევრო 5-ის სავალდებულო სტანდარტის დანერგვას. რომლის მიხედვითაც მასზე დაბალი სტანდარტის მანქანების შემოყვანა 2024 წლიდან აიკრძალება. ეს ნიშნავს, რომ 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება. საკითხი განხილულია და მთავრობის ეკონომიკურმა საბჭომ მოიწონა კიდეც.

რამდენიმე დღის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო სხდომა გაიმართა, სადაც განხილულ იქნა ევრო 5-ის ავტომობილების სავალდებულო სტანდარტის დანერგვა. ახალი რეგულაციის მიხედვით, 2012 წლის და უფრო დაბალი ასაკის მქონე მანქანებს ქვეყანაში ვეღარ შემოიყვანენ. ახალი ინიციატივა ბევრ რამეს შეცვლის და ბაზარზე თამაშის ახალ წესებს დაამკვიდრებს.

როგორც სტატისტიკა ცხადყოფს საქართველოში გასული წლის განმავლობაში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა თითქმის 5%-ით გაიზარდა და ავტომობილების რაოდენობა 1.563 მლნ ერთეული შეადგინა.

რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობის შესახებ "საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2022 წლის განმავლობაში ქვეყანაში 1.333 მლნ ერთეული მსუბუქი ავტომობილი, 111.2 ათასი სატვირთო, 64.6 ათასი სპეცდანიშნულების, 54.3 ათასი კი ავტობუსები და მიკროავტობუსები იყო რეგისტრირებული.

„საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის, ალექსანდრე ნონიაძის თქმით, ნებისმიერი რეფორმა გააზრებულად უნდა ამოქმედდეს, რასაც საკმაოდ დიდი მუშაობა სჭირდება.

„ევრო 5-ის ავტომობილების სტანდარტთან მიმართებით რამდენიმე საკითხია, ერთი, რომელიც ეკოლოგიას და ჰაერის დასუფთავებას ეხება, ხოლო მეორე, რომელიც უშუალოდ ბიზნესს უკავშირდება. რა თქმა უნდა ორივე მნიშვნელოვანია, თუმცა აუცილებელია, რომ ერთმანეთთან თანხვედრაში იყოს. სახელმწიფოს თუ გადაწყვეტილი აქვს, რომ ეკოლოგიის მხრივ ჩვენი გარემო გაჯანსაღდეს, ეს  მისასალმებელია, მაგრამ საკითხს ეკონომიკური კატეგორიებით უნდა მივუდგეთ. ნებისმიერი რეფორმა გააზრებულად უნდა ჩატარდეს, გაწერილი უნდა იყოს და არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული ემოციებზე.

მაგალითად, ჩვენ მოსახლეობას საშუალებას თუ მივცემთ დროს და ვეტყვით, რომ აქვთ 2-3 წელი იმისათვის, რომ ავტოპარკი შეცვალონ, რისთვისაც სახელმწიფო გადადგამს ნაბიჯს და შეამცირებს განბაჟების გადასახადებს, მაშინ მოსახლეობას საშუალება მიეცემა, რომ ავტოპარკი შეცვალონ უფრო თანამედროვე ავტომობილებით. ასეთ შემთხვევაში, არც მოსახლეობას შეექმნება პრობლემა და ეკოლოგიური მდგომარეობაც, გაუმჯობესდება“, - აღნიშნა ნონიაძემ „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას და დასძინა, რომ ახალი რეგულაცია, მანქანების გაძვირებას გამოიწვევს.

„არსებული მოცემულობით ვამბობთ, რომ 2024 წლიდან ამოქმედდება ახალი გამოწვევა, რაც გაზრდის მოთხოვნას და რა თქმა უნდა, გამოიწვევს ფასების ცვლილებას, როგორც შემოყვანილ, ისე არსებულ ავტომობილებზე, რომლებიც ქვეყნის შიგნით გადაადგილდებიან. ასეთ სიტუაციაში, მოსახლეობა დადგება მოცემულობის წინაშე, რომ უფრო მეტი ვალი აიღოს სატრანსპორტო საშუალების შესაცვლელად.

მოქალაქეების დიდი ნაწილი თვითდასაქმებულია, "ტაქსაობენ" და მათი ოჯახების შემოსავალი სწორედ ავტომობილებს უკავშირდება, ხოლო ჩვენ ამ ადამიანებს საშუალებას თუ არ მივცეთ, რომ იმუშაონ, ეს გამოიწვევს ხალხის კიდევ უფრო გაღარიბებას. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ არ ვიხელმძღვანელოთ ემოციებით და რეფორმა გავატაროთ გააზრებულად“, - დასძინა ნონიაძემ.

საქართველო პირველი ქვეყანა არ იქნება, სადაც ახალი ინიციატივა დაინერგება, თუმცა ახლა მნიშვნელოვანია რამდენად აუცილებელია ეს. ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა ასე თუ ისე უმჯობესდება, მაგრამ რას მოიტანს რეგულაცია, ამის პროგნოზი რთულია.

როგორც, კომპანია "ფოლკსვაგენის"  ავტოიმპორტიორი დავით ავლოხაშვილი აღნიშნავს, ტექინსპექტირების გამკაცრება ძველი ავტომობილების ბაზრიდან გაქრობას ისედაც შეუწყობდა ხელს და დამატებითი რეგულაციის შემოღების საჭიროება აღარ დადგებოდა.

"ვფიქრობ, ამ ეტაპზე ევრო 5-ის ავტომობილების სავალდებულო სტანდარტის დანერგვა მაინცდამაინც აუცილებელი არ არის, რადგან პრობლემა ჯერჯერობით ბევრია მოსაგვარებელი. უკეთესი იქნებოდა, ტექ ინსპექტირების მიმართულებით თუ გამკაცრდებოდა სამუშაოები. ეს ბევრ რამეს გამოასწორებდა და თავისთავად ძველ და გაუმართავ ავტომობილებსაც დროთა განმავლობაში გააქრობდა.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ღირებულების საკითხიც. დღესდღეობით ავტომობილები ისედაც 50%-ით გაძვირებულია, ხოლო ახალი რეგულაციის ამოქმედება პროცესზე კიდევ უფრო იმოქმედებს და მეტად გააძვირებს მანქანებს", - აღნიშნა ავლოხაშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას.

რეგიონების მიხედვით ავტოსატრანსპორტო საშუალებების განაწილებით თბილისი პირველ ადგილზეა. დედაქალაქში ავტომობილების რაოდენობა 20.5%-ით - 529.3 ათას ერთეულამდე გაიზარდა. აშკარაა, რომ საქართველოში ავტოპარკი საკმაოდ დიდ მოცულობისაა, რაც საკითხს კიდევ უფრო მეტად გაართულებს. ქვეყანაში ყველა წლოვანების ავტომობილი დადის, ხოლო ახალი ინიციატივის დანერგვა მნიშვნელოვნად დააზიანებს მათ მფლობელებს.

როგორც „რობანი მოტორსის“ დამფუძნებელი ელგუჯა ჯამაგიძე მიიჩნევს, რეგულაციებს წინ მომზადება უნდა უსწრებდეს.

„სანამ რეგულაციებს ავამოქმედებთ, საჭიროა წინაპირობების შექმნა, ისევ ამ რეგულაციების მუშაობისთვის. ვფიქრობ, ევრო 5-ის ავტომობილების სავალდებულო სტანდარტის დანერგვა 2024 წელსაც კი ნაადრევია და ვერ იმუშავებს. "საქსტატის" ყველა მონაცემი გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ეს არის ერთ-ერთი დარგი, რომელიც ისევ გაცოცხლდა. აშკარაა, რომ შედეგები და მაჩვენებლები ნახტომისებურად გაიზარდა.

ევრო 5-ის სტანდარტი ცუდი არ არის შიდა სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, მაგრამ მათ, ვისაც ჩვენგან რეესქპორტზე ავტომობილები მიჰყავთ, მათთან პრობლემა გაჩნდება. ყველა შემთხვევაში შიდა ბაზარზე ევრო 5-ზე დაბლა მყოფი ავტომობილის შემოყვანა გართულდება“, - განაცხადა „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას ჯამაგიძემ და დასძინა, რომ 2024 წლამდე რამდენად მომზადებული შეხვდება რეგულაციას ქვეყანა,  რთული სათქმელია.

„აუცილებელია, რომ ამას წინ უსწრებდეს მომზადება. ვამბობ, რომ გამკაცრდეს ტექდათვალიერების პარამეტრები და იყოს ევრო 4-იც და ევრო 5-იც. თუ ჩვენ ტექნიკურ დათვალიერებას ავიყვანთ ამ დონეზე, ბევრი რამ თავისთავად მოგვარდება“, - დასძინა ჯამაგიძემ.

წყარო: resonancedaily.com