სტამბოლის სამრეწველო პალატისა და თურქეთის სტატისტიკის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მნიშვნელოვნად შენელდა საავტომობილო მრეწველობა, საყოფაცხოვრებო ტექნიკის და ელექტრონიკის წარმოება. ამის მთავარი მიზეზი კი შიდა მოთხოვნის შემცირება და ლირას დევალვაციის შემდეგ ფასების მატებაა.

მცირდება სამშენებლო სექტორი, რომელიც პირველი შევიდა კრიზისში და შემდეგ გავრცელდა ისეთ ქვესექტორებზე როგორებიცაა: სამშენებლო კერამიკა, ბეტონის წარმოება, შავი მეტალურგია. მიუხედავად იმისა, რომ ლირას გაუფასურებამ გარკვეული ბიძგი მისცა ექსპორტს, მისი დადებითი ეფექტი მრეწველობაზე შეზღუდული აღმოჩნდა.

თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ მეზობელი ქვეყნიდან 32,1 მილიონი აშშ დოლარი შედგინა. მეორე კვარტალში კი 22,59 მლნ აშშ დოლარი.

ჯამში, სამი კვარტლის მონაცემებით კი საქართველოში 998.7 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა.

რაც შეეხება თურქეთთან საგარეო ვაჭრობის მონაცემებს, უმსხვილესი საექსპორტი ქვეყნების მთლიან წილში, 2018 წლის წინასწარი მონაცემებით, თურქეთზე 6,9% მოდის, რაც გაცილებით ნაკლებია იმპორტის მაჩვენებელზე.

უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნების მთლიან წილში, 2018 წლის წინასწარი მონაცემებით, თურქეთზე 16,1% მოდის.

ამასთან, თურქეთს დიდი წილი უკავია, როგორც ტურისტულ შემოსავლებში, ასევე ფულად გზავნილებში. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2017 წლის განმავლობაში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით $1.37 მილიარდი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 20%-ით მეტია. მხოლოდ თურქეთიდან 2017 წელს 109 მილიონი დოლარის მოცულობის ფულადი გზავნილი დაფიქსირდა. წინა წელთან შედარებით 25%-იანი ზრდა დაფიქსრდა.

მიმდინარე 2018 წელს კი, მხოლოდ დეკმებრის თვეში თურქეთიდან  7.8 მლნ დოლარი გადმოირიცხა, მთელი წლის განმავლობაში კი 105,6 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა.

აღნიშნული კრიზის ფარგლებში თურქეთის სამრეწველო სექტორმა ყველაზე მეტად იზარალა. სექტორში დაფიქსირებული მაჩვენებლები კლებას განაგრძობს. ეს კი სამომავლოდ ქვეყნის ეკონომიკის გაუარესებას მოასწავებს.  გარდა ამისა, გეოპოლიტიკური კონიუნქტურის არასტაბილურობა მეზობელი ქვეყნის ეკონომიკაზეც პირდაპირ აისახება, იქნება ეს აშშ-სთან არასტაბილური ურთიერთობა, რომელიც სანქციების დაწესებამდე მიდის ხშირშემთხვევაში ქვეყნისადმი, თურქული ლირის დევალვაცია თუ სხვა არასახარბიელო პროცესები, რომლის წინაშე ნებსით თუ უნებლიეთ დგას თურქეთში მმართველი ხელისუფლება. ბუნებრივია, ეს პროცესები ასახვას ჰპოვებს საქართველოზეც და იქ დროებით, მუდმივ თუ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებზეც. ეკონომიკური კრიზის პირობებში მათი იქ დასაქმების პერსპექტივა კი ბუნდოვანი ხდება და ასევე, თურქეთთან საგარეო ვაჭრობის კუთხით იქ არსებული ეკონომიკური კრიზისი საქართველოზეც აისახება არასახარბიელოდ.

ბაჩანა ჯინჭარაძე