ბლოგი
თბილისში ონკოპაციენტების დახმარების ცენტრი „ვარდისფერი სივრცე“ გაიხსნე...

 29 მარტს, 13:00 საათზე, სასტუმროში „რუმს ჰოტელ თბილისში“ (მის: მ.კოსტავას 14)  ონკოპაციენტების დახმარების ცენტრის „ვარდისფერი სივრცე“ პრეზენტაცია გაიმართება. „ვარდისფერი სივრცე“ ევროპა დონა საქართველოსა“ და „ეივონის“ ერთობლივ პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანს ონკოპაციენტთა ფსიქო-სოცილიალური მხარდაჭერა და მათი ინფორმირებულობის გაზრდა მკურნალობის დაფინანსების პროგრამებსა და მედიკამენტების მოძიების ხელშეწყობა წარმოადგენს. პრეზენტაციას დაესწრებიან „ევროპა დონა საქართველოსა“ და „ეივონის“ წარმომადგენლები, მოწვეული პაციენტები და მხარდამჭერები. „ვარდისფერი სივრცე“  „ევროპა დონას საქართველოს“  ძალისხმევითა და „ეივონის“ საქველმოქმედო ფონდის დაფინანსებით,  29 მარტიდან ამოქმედდება და მისი  კარი  პაციენტებისთვის, რომლებიც ძუძუს კიბოს დიაგნოზს ებრძვიან, მუდამ ღიაა.  კეროძდ, „ვარდისფერი სივრცის“ პერსონალი, რომელიც დაავადებაზე გამარჯვებული პაციენტების არიან, დაეხმარებიან ონკოპაციენტებს, თუ როგორ გაიარონ რეგისტრაცია შესაბამის სახელმწიფო პროგრამებში, როგორ მოიპოვონ შეღავათები გარკვეულ სამედიცინო მომსახურებებაზე და მისცენ რჩევები სხვა საჭირო საკითხების მოგვარების პროცეში. რადგან  „ვარდისფერი სივრცე“ შექმნილია საქველმოქმედო მიზნებით, ნებისმიერი სახის კონსულტაცია უფასო იქნება. ვარდისფერ სივრცეში იფუნქციონირებს ცხელი ხაზი, რომლის საშუალებით ცენტრიდან სრულფასოვანი ინფორმაციის მოპოვება შეეძლებათ, რეგიონში მაცხოვრებელ ონკოპაციენტებს.„ვარდისფერი სივრცის“ მისამართია პეკინის N10. სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 დან 18:00-მდე. სივრცე შეძლებს პირველი პაციენტების მიღებას 29 მარტიდან! „ვარდისფერი სივრცის“ დაფინანსება ხორციელდება „ეივონის“ ვარდისფერი ლენტის საქველმოქმედო ფონდიდან. ეივონის მიერ გაყიდული ყოველი საქველმოქმედო პროდუქტიდან შემოსული თანხა გროვდება ვარდისფერი ლენტის ფონდში და ხმარდება სხვადასხვა ინიციატივებს ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.  2019 წელს ეივონის ფონდიდან გამოიყო 50 000 ლარი, რომელიც სრულად მოხმარდება „ვარდისფერი სივრცის“ ფუნქციონირებას.  2013-2016 წლამდე ფონდში აკუმულირებული თანხებით ეივონი ყოველწლიურად მართავდა „ვარდისფერ მსვლელობებს“ თბილისის ქუჩებში, ძუძუს კიბოსთან დაკავშირებით, მოსახლეობაში, ცნობიერების ასამაღლებად. 2015 წელს ამავე ფონდში შეგროვილი თანხებით  ეივონმა შეიძინა ციფრული მამოგრაფიის აპარატი, რომელიც გადაეცა კლინიკა „ნიუ ვიჟენს“. ამავე ინიციატივის ფარგლებში, კლინიკაში 1 წლის მანძილზე მოქმედებდა ეივონის ოთახი უფასო დიაგნოსტიკისთვის და ცხელი ხაზი. 2016 წელს  კომპანიამ ჩაატარა მამოგრაფიული ტური, სამაგრელოში, სვანეთში, რაჭასა და გურიაში რომლის ფარგლებშიც უფასო გამოკლევა ჩაუტარდა 1370 ქალს.  “ევროპა დონა საქართველო" არის ორგანიზაცია რომელსაც სათავეში უდგანან ყოფილი პაციენტები, რომლებიც დღეს სხვა პაციენტებს ეხმარებიან ამ მძიმე სენის დაძლევაში.  „ევროპა დონას მისიაა“ ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალთა ინტერესების დაცვა, მათთვის მაღალხარისხიანი, გაიდლაინებზე დაფუძნებული სამედიცინო მომახურების ხელმისაწვდომობა, რათა ქვეყანაში მიღწეულ იქნას ძუძუს კიბოთი გარდაცვალების შემთხვევების კლება და გამოჯანმრთელების მაჩვენებლების ზრდა.  

1553763415

თურქეთის ეკონომიკა სტაგნაციაშია - როგორ აისახება საქართველოზე მეზობელი...

სტამბოლის სამრეწველო პალატისა და თურქეთის სტატისტიკის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მნიშვნელოვნად შენელდა საავტომობილო მრეწველობა, საყოფაცხოვრებო ტექნიკის და ელექტრონიკის წარმოება. ამის მთავარი მიზეზი კი შიდა მოთხოვნის შემცირება და ლირას დევალვაციის შემდეგ ფასების მატებაა. მცირდება სამშენებლო სექტორი, რომელიც პირველი შევიდა კრიზისში და შემდეგ გავრცელდა ისეთ ქვესექტორებზე როგორებიცაა: სამშენებლო კერამიკა, ბეტონის წარმოება, შავი მეტალურგია. მიუხედავად იმისა, რომ ლირას გაუფასურებამ გარკვეული ბიძგი მისცა ექსპორტს, მისი დადებითი ეფექტი მრეწველობაზე შეზღუდული აღმოჩნდა. თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ მეზობელი ქვეყნიდან 32,1 მილიონი აშშ დოლარი შედგინა. მეორე კვარტალში კი 22,59 მლნ აშშ დოლარი. ჯამში, სამი კვარტლის მონაცემებით კი საქართველოში 998.7 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. რაც შეეხება თურქეთთან საგარეო ვაჭრობის მონაცემებს, უმსხვილესი საექსპორტი ქვეყნების მთლიან წილში, 2018 წლის წინასწარი მონაცემებით, თურქეთზე 6,9% მოდის, რაც გაცილებით ნაკლებია იმპორტის მაჩვენებელზე. უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნების მთლიან წილში, 2018 წლის წინასწარი მონაცემებით, თურქეთზე 16,1% მოდის. ამასთან, თურქეთს დიდი წილი უკავია, როგორც ტურისტულ შემოსავლებში, ასევე ფულად გზავნილებში. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2017 წლის განმავლობაში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით $1.37 მილიარდი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 20%-ით მეტია. მხოლოდ თურქეთიდან 2017 წელს 109 მილიონი დოლარის მოცულობის ფულადი გზავნილი დაფიქსირდა. წინა წელთან შედარებით 25%-იანი ზრდა დაფიქსრდა. მიმდინარე 2018 წელს კი, მხოლოდ დეკმებრის თვეში თურქეთიდან  7.8 მლნ დოლარი გადმოირიცხა, მთელი წლის განმავლობაში კი 105,6 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა. აღნიშნული კრიზის ფარგლებში თურქეთის სამრეწველო სექტორმა ყველაზე მეტად იზარალა. სექტორში დაფიქსირებული მაჩვენებლები კლებას განაგრძობს. ეს კი სამომავლოდ ქვეყნის ეკონომიკის გაუარესებას მოასწავებს.  გარდა ამისა, გეოპოლიტიკური კონიუნქტურის არასტაბილურობა მეზობელი ქვეყნის ეკონომიკაზეც პირდაპირ აისახება, იქნება ეს აშშ-სთან არასტაბილური ურთიერთობა, რომელიც სანქციების დაწესებამდე მიდის ხშირშემთხვევაში ქვეყნისადმი, თურქული ლირის დევალვაცია თუ სხვა არასახარბიელო პროცესები, რომლის წინაშე ნებსით თუ უნებლიეთ დგას თურქეთში მმართველი ხელისუფლება. ბუნებრივია, ეს პროცესები ასახვას ჰპოვებს საქართველოზეც და იქ დროებით, მუდმივ თუ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებზეც. ეკონომიკური კრიზის პირობებში მათი იქ დასაქმების პერსპექტივა კი ბუნდოვანი ხდება და ასევე, თურქეთთან საგარეო ვაჭრობის კუთხით იქ არსებული ეკონომიკური კრიზისი საქართველოზეც აისახება არასახარბიელოდ. ბაჩანა ჯინჭარაძე

1548936280

არის თუ არა ნავთობზე ფასის მკვეთრი დაცემა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის...

ნედლი ნავთობის ფასის ვარდნა შესაძლოა სრულიად არ იყოს განგაშის საფუძველი ან ეს შეიძლება იმის მაჩვენებელი იყოს, რომ მსოფლიოს ეკონომიკაში კრიზისული ნიუანსები შეიმჩნევა. ნავთობის ფასის კლება შეიძლება გამოწვეული იყოს ენერგეტიკულ პროდუქტზე მოთხოვნის სწრაფი კლების გამო, რაც ინვესტორთათვის ცუდი სიგნალი აღმოჩნდა. მსგავს სიტუაციაში ინვეტორები 2015 წლის მიწურულსა და 2016 წლის დასაწყისშიც იყვნენ. Citigroup-ის აღმასრულებელი დირექტორის, მაიკლ კორბატის განცხადებით, ფიქსირდება ისეთი სიგნალები ბაზარზე, როგორიც 2015 წლის ბოლოსკენ და 2016 წლის დასაწყისში იყო. „თუ გადავხედავთ მოთხოვნის მრუდს, ბოლო ორი კვირის განმავლობაში არსებითი ცვლილება არ ფიქსირდება. დღეს დგას შემდეგი საკითხი - იმოქმედებს თუ არა ფასის ცვლილების მსგავსი ტენდენცია ეკონომიკურ გლობალურ ზრდაზე?“, - განაცხადა მაიკლ კორბატმა. ანალიტიკოსების აზრი გაყოფილია ორად იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა მიმდინარე პერიოდში ფასის მნიშვნელოვანი ცვლილება განპირობებული მასზე მოთხოვნის შემცირებით, თუმცა ის ნათელია, რომ მიწოდების გაზრდა ბაზარზე აშშ-ისა და საუდის არაბეთის მიერ გაზრდილი მოპოვებით არის განპირობებული. აშშ-მა 2018 წელს ნავთობის დღიური მოპოვება 2.1 მილიონი ბარელით გაზარდა. ეს ფაქტორი ცოტათი განეიტრალდა აშშ-ის მიერ ირანზე სანქციების დაწესებით, თუმცა სანქიცებს ისეთი გავლენა არ ჰქონია როგორსაც მოელოდნენ. თუმცა, მოთხოვნა, რა თქმა უნდა, დიდ როლს თამაშობს ფასზე. აშშ-ში ნავთობზე მოთხოვნა მაინც სტაბილურია, რასაც ვერ ვიტყვით იგივე ევროპულ და აზიურ ქვეყნებზე. საერთაშორისო ბაზრზე ნავთობის ფასის ზრდის გამო მოსალოდნელი იყო, რომ მასზე მოთხოვნა შემცირდებოდა ისეთი ქვეყნებშიც კი, როგორებიცაა ინდოეთი, ბრაზილია, არგენტინა, რადგან მათი ვალუტები სუსტია და ეკონომიკური აქტიურობაც არ აქვთ სახარბიელო. რაც შეეხება ეკონომიკურ მდგომარეობას სხვა ქვეყნებში, მესამე კვარტლის მონაცემების მიხედვით, ისეთ ქვეყნებში როგორიცაა გერმანია და იაპონია, ეკონომიკური ზრდა შემცირებულია. გერმანია, რომელიც ევროპის ეკონომიკურ გულად მოიაზრება, მსგავს სიტუაციაში 2015 წლის შემდეგ არ აღმოჩენილა. ასეთი არსებული ეკონომიკური სურათის გამო, სავალუტო ფონდმა, რომელმაც გასულ კვირას გამოაქვეყნა ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლები, მსოფლიო ეკონომიკის ზრდა 2019 წლისათვის 2.5%-მდე შეამცირა, რაც 2018 წლის მაჩვენებელზე ნაკლებია. 2018 წელს გლობალური ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 2.9%-ია. ბაჩანა ჯინჭარაძე მომზადებულია CNN Business-ის მიხედვით

1542462114

როგორია საბანკო სექტორის შემოსავლების სტრუქტურა

2018 წლის მესამე კვარტლის მიხედვით საბანკო სექტორის მოგება 603 მილიონ ლარს შეადგენს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშგებების მიხედვით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ყველაზე დიდი მოგება “თიბისი ბანკს” უფიქსირდება. ,,თიბისი ბანკის”  წმინდა მოგებამ მიმდინარე  წლის მესამე  კვარტლის ბოლოს 261 928 375 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 22.6%-ით მეტია გასული წლის სექტემბრის ბოლოსთვის არსებულ მოგებაზე, მაშინ ბანკის მოგება 213 511 033 მლნ ლარი იყო.  გაზრდილია მოგების მაჩვენებელი დარეზერვებამდეც და აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2018 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით 449 მილიონი ლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 309 მილიონი იყო. 2017 წლის სექტემბრის ბოლოდან ამ წლის ანალოგიური პერიოდამდე ბანკის აქტივები 11 მილიარდი ლარიდან 14 მლრდ ლარამდე გაიზარდა, ვალდებულებები – 10  მლრდ ლარიდან 12 მლრდ ლარამდე. ბანკის სააქციო კაპიტალი გაზრდილია – 1.4 მლრდ ლარიდან 1.7 მლრდ ლარამდე.  “თიბისის” შემდეგ მოგების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი “საქართველოს ბანკს” უფიქსირდება. “საქართველოს ბანკის” წმინდა მოგებამ 2018 წლის მესამე კვარტლის ბოლოს 183 474 275  მილიონი ლარი შეადგინა, რაც 103 მილიონით ნაკლებია გასული წლის სექტემბრის ბოლოს არსებულ მოგებაზე, მაშინ ბანკის მოგება 286 710 388 მლნ ლარი იყო. თუმცა, მიუხედავად წმინდა მოგების ასეთი შემცირებისა აღსანიშნავია, რომ 76 მილიონი ლარით არის გაზრდილი მოგების მაჩვენებელი დარეზერვებამდე და მან 2018 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით 413  მილიონი ლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი  337  მილიონი იყო. 2017 წლის სექტემბრის ბოლოდან ამ წლის ანალოგიური პერიოდამდე ბანკის აქტივები 10 მილიარდი ლარიდან 13 მლრდ ლარამდე გაიზარდა, ვალდებულებები –  9 მლრდ ლარიდან 11  მლრდ ლარამდე. ბანკის სააქციო კაპიტალი გაზრდილია – 1.2 მლრდ ლარიდან 1,3 მლრდ ლარამდე. საანგარიშო პერიოდში მესამე ყველაზე მომგებიანი ბანკი “ლიბერთი ბანკია”. ,,ლიბერთი ბანკის” წმინდა მოგებამ მიმდინარე წლის მესამე კვარტლის ბოლოს 36 203 697 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 1.6 მილიონი ლარით მეტია გასული წლის სექტემბრის ბოლოსთვის არსებულ მოგებაზე, მაშინ ბანკის მოგება 34 537 504  მლნ ლარი იყო. გაზრდილია მოგების მაჩვენებელი დარეზერვებამდე და მან 2018 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით 68 მილიონი ლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 62 მილიონი იყო. 2017 წლის სექტემბრის ბოლოდან ამ წლის ანალოგიური პერიოდამდე ,,ლიბერთი ბანკის” აქტივები 1.7 მილიარდი ლარიდან 1.8  მლრდ ლარამდე გაიზარდა, ვალდებულებები – 1 512 603 159 მლრდ ლარიდან 1 592 977 710 მლრდ ლარამდე. ბანკის სააქციო კაპიტალი გაზრდილია – 208 მლნ ლარიდან 261 მლნ ლარამდე. IV და V პოზიციებს რეიტინგში “ვითიბი ბანკი” და “ბაზისბანკი” იკავებენ. “ვითიბის” წმინდა მოგებამ მიმდინარე წლის მე-3 კვარტლის მონაცემებით, 27,586,481 ლარი შეადგინა, ხოლო “ბაზისბანკის” 23,436,238 ლარი. “ბაზისბანკს” მცირედით ჩამორჩება “პროკრედიტ ბანკი”, რომლის წმინდა მოგებამაც საანგარიშო პერიოდში 22,187,851 ლარი შეადგინა. სხვა კომერციული ბანკების წმინდა მოგება კი ამ ექვსთან შედარებით მნიშვნელოვნად მცირეა. 2018 წლის მესამე კვარტალში ბაზარზე სულ 15 კომერციული ბანკი ოპერირებდა. სავალუტო ოპერაციები რაც შეეხება უშუალოდ სავალუტო ოპერაციებიდან მიღებულ მოგებას, 2018 წლის 9 თვის მონაცემებით, კომერციულმა ბანკებმა ვალუტის ყიდვა-გაყიდვით 162 573 723 ლარის შემოსავალი მიიღეს, ხოლო უშუალოდ მესამე კვარტალში კომერციულმა ბანკებს სავალუტო ოპერაციებიდან 51,4 მლნ ლარის შემოსავალი უფიქსირდებათ, რაც წინა კვარტალთან შედარებით, დაახლოებით 3,8 მლნ ლარით მეტია. ცნობისთვის, მეორე კვარტალში ბანკების სავალუტო შემოსავალი 47,6 მლნ ლარს შეადგენდა, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდში, კომერციული ბანკებმა ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან 157 მილიონი  ლარის მოგება მიიღეს. საპროცენტო შემოსავლები ასევე, ფიზიკური პირების სესხებიდან ბანკებმა მილიარდზე მეტის საპროცენტო შემოსავალი მიიღეს. საანგარიშო პერიოდში კომერციული ბანკის საპროცენტო შემოსავლებმა ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან ჯამში, 1,366,718,279 ლარი შეადგინა. ამ თვალსაზრისით 5 ყველაზე შემოსავლიანი ბანკის საპროცენტო შემოსავლებმა კი 1,300,322,349 ლარი შეადგინა. ანგარიშგებების მიხედვით, ყველაზე მეტი საპროცენტო შემოსავალი ფიზიკური პირების სესხებიდან “საქართველოს ბანკმა” მიიღო, რომლის შემოსავალმაც საანგარიშო პერიოდში – 533,283,573 ლარი შეადგინა. “თიბისი ბანკს” ამ ტიპის სესხებიდან მე-3 კვარტლის მონაცემებით, 450,583,509 ლარის ოდენობის საპროცენტო შემოსავალი უფიქსირდება. ფიზიკური პირების სესხებიდან საპროცენტო შემოსავლების თვალსაზრისით აღნიშნულ ორ ბანკს მნიშვნელოვნად ჩამორჩება “ლიბერთი ბანკი”, რომელიც 182,044,265 ლარით რეიტინგში  მესამე ადგილს იკავებს. IV და V პოზიციებს კი “კრედო” და “ვითიბი ბანკი” იკავებენ, შესაბამისად, მათმა საპროცენტო შემოსავალმა ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან მიმდინარე წლის მე-3 კვარტლის მონაცემებით, 91,105,345 და 43,305,657 ლარი შეადგინა. დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება 2018 წლის მონაცემებით, ყველაზე მეტი ქონება “საქართველოს ბანკმა” დაისაკუთრა. 2018 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, “საქართველოს ბანკის” დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება 62,4 მილიონ ლარს უტოლდება, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ნაკლებია. წინა წლის მესამე კვარტალში ბანკის მიერ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება 77,1 მილიონ ლარს უტოლდებოდა. მეორე პოზიციაზეა “თიბისი ბანკი”. “თიბისი ბანკის” მიერ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება ამავე პერიოდში 56,1 მილიონ ლარს უტოლდება, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე ნაკლებია. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ბანკის მიერ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება 58,8 მილიონ ლარს უტოლდებოდა. მესამე ადგილზე “ქართუა”. “ქართუ ბანკის” მიერ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება 2018 წლის მესამე კვარტალში 26.8 მილიონ ლარს უტოლდება. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ბანკის მიერ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება 35,8 მილიონი ლარის ტოლი იყო. მომდევნო პოზიციაზე “ვითიბი ბანკია”, რომლის დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება 8,9 მილიონ ლარს უტოლდება და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,7 მილიონი ლარით ნაკლებია. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ბანკის მიერ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება 5,3 მილიონ ლარს უტოლდებოდა. მომდევნო პოზიციებზე “სილქროუდ ბანკი”, “ფინკა ბანკი” და “ლიბერთი ბანკი” არიან. “სილქროუდ ბანკის” მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ მიმდინარე წლის პირველ 9 თვეში 954 ათასი ლარი შეადგინა, რაც ბანკის მიერ წინა წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე ნაკლებია. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ბანკმა 1,252 მილიონი ლარის უძრავი და მოძრავი ქონება დაისაკუთრა. “ფინკა ბანკის” მიერ დასაკუთრებულმა უძრავმა და მოძრავმა ქონებამ 2018 წლის პირველ ცხრა თვეში 149 ათასი ლარი შეადგინა, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიდოში ბანკმა 218 ათასი ლარის უძრავი და მოძრავი ქონება დაისაკუთრა. რაც შეეხება “ლიბერთი ბანკს”, “ლიბერთი ბანკის” მიერ დასაკუთრებულმა უძრავმა და მოძრავმა ქონებამ 2018 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით 69 ათასი ლარი შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ბანკის მიერ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება 119 ათას ლარს შეადგენდა. ჯამში ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 2018 წლის ცხრა თვის მონაცემებით 155.3 მილინონი ლარი შეადგინა.   ბაჩანა ჯინჭარაძე

1542282659

ახალი „ხანძარი“ სირიის საზღვართან: იორდანია ცხელ წერტილად ყალიბდება

ახალი „ხანძარი“ სირიის საზღვართან: იორდანია ცხელ წერტილად ყალიბდება ისრაელის მთავრობას მოულოდნელად დაატყდა თავს თავის მოკავშირე ქვეყანაში განვითარებული მოვლენები. ორ ქვეყანას შორის 23-წლიანი ურთიერთობის იუბილეზე, პრემიერ მინისტრ იცხაკ რაბინის მკვლელობასთან დაკავშირებით, იორდანიის მეფე აბდულა მეორემ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება გააუქმა ორ ქვეყანას შორის. მონარქის განცხადებით, ის უარს აცხადებს იმ მშვიდობიან ხელშეკრულებაზე, რომელიც მამამისის, აბდულა პირველის მიერ იქნა ხელმოწერილი 1994 წელს. ხელშეკრულების მიხედვით, იორდანიის ორი ანკლავი 25 წლიანი იჯარით ისრაელს გადაეცა სოფლის მეურნეობის გამოყენების თვალსაზრისით. ეს გარიგება ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობის ნათელი გამოვლინება გახლავთ, თუმცა იორდანიის მონარქი ხელშეკრულების გაგრძელებას აღარ აპირებს. ის არ აპირებს კვლავ დაუთმოს არენდით ისრაელს ბაკური და გუმარი. დასავლეთში ამ პროცესმა მღელვარება გამოიწვია, რადგან აღმოსავლეთში სწორედ ეს ორი ქვეყანა - ისრაელი და იორდანია ითვლება დასავლეთისთვის სტრატეგიულ პარტნიორად. პირველ რიგში, მონარქი გააღიზიანა იმან, რომ ისრაელი ნაკლებად აქტიურობს პალესტინასთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების კუთხით, თუმცა მეორე მხრივ, შესაძლოა მონარქ აბდულას სულ სხვა მოტივები გააჩნდეს. იორდანიის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, იუსეფ მანსური აცხადებს, რომ იორდანიის ეკონომიკა 2010 წლის შემდგომ ცუდ მდგომარეობაშია. მისი თქმით, ეკონომიკური ზრდა 2.2% შეადგენს, რაც მოსახლეობის ზრდაზე ნაკლები მაჩვენებელია. დიდ ფინანსურ წნეხს განიცდის 1.2 მილიონი სირიელი მიგრანტების მხრიდან. უმუშევრობის მაჩვენებელი 20%-ს შეადგენს, სახელმწიფოს ვალი კი 37 მილიარდ დოლარს, რაც მთლიანი ეროვნული შემოსავლის 95%-ია. ამავდროულად, იორდანია იღებს გაცილებიტ მეტ დახმარებს ერთ სულ მოსახლეზე, ვიდრე მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნები, რადგან ის სტრატეგიული მნიშვნელობის როლს ასრულებს რეგიონში სტაბილური სიტუაციის არსებობისათვის. თუმცა იორდანიის ეკონომიკა ამ დახმარებების შედეგად ვერ იზრდება. დასაქმებულების 57% სახელმწიფო სექტორზე მოდის. ისინი პენსიონერებთან ერთად ქვეყნის ბიუჯეტზე არიან დამოკიდებულნი. ქვეყანაში არსებული კრიზისი მიმდინარე წელს უფრო გამძაფრდა, რადგან მონარქი ცდილობს საგადასახადო რეფორმის გატარებას და მსოფლიო ბანკისგან კრედიტების აღებას. ამის ფონზე, მონარქის პოპულარობა ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა. მოსახლეობის მხოლოდ 30% ენდობა ხელისუფლებას. ქვეყანაში საპროტესტო ტალღა მომწიფდა. პროსტეტის მხარე საკმაოდ ხშირად აკრიტიკებს სამეფო ოჯახს. „სამეფო ნაციონალური ჰიმნი - ეს მონობაა“, იწერება პროკლამაციებში. პროტესტანტებში არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც მონარქ აბდულას დასაყრდენად ითვლებიან სახელმწიფოში: ყოფილი სამხედროები, ეკონომიკური ელიტის წარმომადგენლები, გავლენიანი პირები. 300-მდე იორდანელით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა, გაავრცელა განცხადება, რომ ქვეყანა მონარქიული მმართველობიდან საკონსტიტუციო მონარქიაზე უნდა გადავიდეს. „ჩვენ მოვითხოვთ, რომ მეფემ დაიცვას კონსტიტუცია და მართვა მიანდოს ხალხს“, - განაცხადა ყოფილმა გენერალმა, სულეიმან ალ-მაიტმა, რომელიც ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერია. „სამეფო სახლი აქამდე არასდროს ყოფილა ასეთ აზრთა სხვადასხვაობაში“, - განაცხადა ოდედ ერანმა, ისრაელის ყოფილმა ელჩმა იორდანიაში. ნაციონალური და ისლამური ძალები ამ ოპოზიციის მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენენ. დემოკრატიზაციის პროცესის პალალურად, მათ მეორე მიზანიც გააჩნიათ - ისრაელთან სამშვიდობა მოლაპარაკებების ანულირება. ადვოკატთა ასოციაცია ახსენებს მეფეს, რომ ებრაელებს ეკრძალებათ იორდანიის სამეფოში მიწის შესყიდვა. პარლამენტის 80-მა დეპუტატმა, მონარქს მოუწოდა, რომ არ გააგრძელოს იჯარის ხელშეკრულება მოცემულ ორ ანკლავზე. მონარქი ყველა მხრიდან „ალყაშემორტყმულია“, თუმცა მისი გადაწყვეტილება იორდანიაში არსებულ მდგომარეობას ვერ გამოასწორებს. შედეგად, იორდანია ყალიბდება ცხელ წერტილად, რომელიც ახალ ხანძარს ქმნის სირიის საზღვართან. ბაჩანა ჯინჭარაძე  

1540295271

იარსებებს თუ არა რუსეთი პუტინის შემდეგ და მოსალოდნელია თუ არა კავკასია...

აქვს თუ არა აშშ-ს მკაფიოდ გამოხატული და გრძელვადიანი გეგმა რუსეთთან ურთიერთობის ჭრილში? აშშ-ს ქცევიდან და გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე ამ კითხვაზე პასუხი დადებითი უნდა იყოს. რაც არ უნდა გასაიდუმლოებული იყოს ეს გეგმა, მისი კონტურები და გარკვეული დეტალები მაინც შეინიშნება. საქმე იმაშია, რომ თანამედროვე მსოფლიოში სრულად ვერაფერს გაასაიდუმლოებ. აგენტების გამოაშკარავება და ჰაკერული თავდასხმებიც კი აღარ არის ისეთი მნიშვნელოვანი იმის დასადგენად, თუ რა გეგმები შეიძლება იმალებოდეს ამა თუ იმ ქმედების უკან. დემოკარტიულად განვითარებულ ქვეყნებში კი, კონკურეტული მედიის პირობებში ყველაფერი თვალსაჩინოა. აშშ-ის გეგმები ხშირად მისი მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების, მოკავშირეების მიერ ხდება ცნობილი. მაგალითად, ავტორიტეტული "ნიუსვიქი" ასაჯაროებს ვაშინგტონის კონსენსუსს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ომთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული. ახალი ამერიკული სანქციები რუსეთის ეკონომიკას თანამედროვე მსოფლიოსგან საკმაოდ იზოლირებულად აყენებს. წნეხის ქვეშაა ენერგეტიკული პროექტი "ჩრდილოეთის ნაკადი 2". გარდა ამისა, რუსული ბანკების კაპიტალის ბაზრიდან მოხსნა, ნავთობისა და გაზის რუსულ კომპანიებზე დამატებითი შემზღუდავი რეგულაციები - ყველაფერი იქეთკენ მიდის, რომ აშშ-ის გეგმა რუსეთთან მიმართებით ნათელია. ამერიკული ელიტის გაანგარიშება მარტივია - რაც უფრო მეტად დაზიანდება რუსული ეკონომიკა, გეგმა მით უფრო გამართლებული იქნება. თუმცა, თავდაპირველად ეს ხელს უწყობს "დიქტატის" მმართველობის გამყარებას ხელს, აერთიანებს პატრიოტ ადამიანებს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ძირს უთხრის რეჟიმს, ხალხი ქუაში გამოყავს საპროტესტო აქციებზე და პროცესი ხელისუფლების შეცვლისკენ მიდის. შედეგად, "სანქციების ომში" იმარჯვებს ის, ვინც ობიექტურად უფრო ძლიერი და გამძლეობისუნარიანია და როგორც არ უნდა ჟღერდეს ეს, დღეს ასეთი აშშ-ია. თუმცაღა, აშშ-ის გეგმა მხოლოდ ვლადიმერ პუტინის მმართველობის შესუსტება და მისი დამარცხება არ არის. ვაშინგონის გეგმები უფრო შორს მიმავალია. ამერიკულ მედიასივრცეში მიიჩნევენ, რომ რუსეთი და პუტინი ტყუპი ძმებივით არიან და დღეს რუსეთის სიძლიერე დამოკიდებულია მხოლოდ ერთ პიროვნებაზე – ვლადიმერ პუტინზე. აცხადებენ, რომ პუტინმა მოახერხა რუსეთის ფედერაციის "ძველი დიდების" დაბრუნება და  ის საკმაოდ პოპულალურია ელექტრორატში. მაგრამ ეს ფაქტორი წარმავალია იმდენად, რამდენადაც რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით, ვლადიმერ პუტინმა პოსტი 2024 წელს უნდა დატოვოს. რა მოხდება ამის შემდეგ, დღევანდელ დღეს ეს კითხვა რუსეთისათვის პასუხგაუცემელია. თუ რუსეთის პრეზიდენტი რუსეთის კონსტიტუციის ერთგული დარჩება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მისმა შემცვლელმა მოახერხოს რუსეთის დღევანდელი სიძლიერი შენარჩუნება. ამასთან, სანქციების პირობებში პერიფერიული რუსეთი განაგრძობს გაღარიბებას. მხოლოდ ძლიერი, ცენტრალური "რკინის მუშტი" მოახერხებს პროცესების მართვას და ეს "რკინის მუშტი" დღეს პუტინია. "რკინის მუშტს" ღირსეული შემცვლელი არ ჰყავს. მისი ავტორიტარული მმართველობიდან გამომდინარე, უამრავი ნიჭიერი და პერსპექტიული ადამიანი ქვეყნიდან წავიდა. ვლადიმერ პუტინის წასვლის შემდეგ, რთული იქნება რუსეთის ერთიანობის შენარჩუნება, რადგან რუსულ ელიტაში შიდა დაპირისპირებები დაიწყება და მისი წასვლის შემდგომ, მისი შემცვლელი ან ძალიან ასაკოვანი ან კიდევ ძალიან ახალგაზრდა კადრი იქნება. მათი სისუსტის და ძალაუფლების ვერგანაწილების ფონზე, მაღალი იქნება რისკი, რომ ნაციონალური რესპუბლიკები შეიქმნას რუსეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში. მაგალითისთვის, ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი ნათლად აფიქსირებს თავის აზრს, რომ რუსეთში პუტინის გარდა არავის ცნობს. ასეთ პირობებში კი, პუტინის წასვლის შემდეგ კადიროვს შეუძლია მოკავშირეების შეკრება და რუსეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში ქაოსის შექმნა. ამერიკული ელიტები კი, რომლებიც ამ სცენარზე აკეთებენ ფსონს, შესაძლოა თავად გახდეს ამ პროცესების მაპროვოცირებელი და შემდგომ ბირთვული განიარაღების მიზნით შევიდეს რუსეთში. ამავე დროს, აშშ შეეცილება ჩინეთს სიბირში არსებული ბუნებრივი რესურსების გაკონტროლებაში, რადგან თუ ჩინეთი დაეუფლება ამ რესურსებს, მაშინ საკმაოდ დიდი კონკურენციის გაწევა შეეძლება აშშ-ისთვის ენერგეტიკულ ბაზარზე. და მანამ, სანამ რუს ხალხს ძინავს, ინტერნეტში განიხილავს საპენსიო რეფორმას, არჩევნების ლეგიტიმურობას, ვაშინგტონი უკვე ამყარებს კავშირებს მათთან, ვინც უნდა ჩაიბაროს რუსეთი პუტინის შემდგომ და აღადგინოს ქვეყანა ფერფლისგან. აი, მაგალითად, ეკატერინბურგის ყოფილი მერი, ევგენი როიზმანი კავშირს ამყარებს ამერიკელ კურატორებთან, რომელიც ნარკოტიკებთან ერთობლივი ბრძოლით გამოიხატება. ასევე, რუსეთის ცენტრალური ბანკის მმართველი, ელვირა ნაბიულინა, რომელმაც რუსეთი "ფინანსურ ორმოში" შეიყვანა, ხვდება სავალუტო ფონდის ხელმძღვანელს, რომელიც მართავს მას... და ასეთი მაგალითები ბევრია. პუბლიცისტი ბორის გრიგორევი მოამზადა ბაჩანა ჯინჭარაძემ publizist.ru

1537876725

ნიკო ნიკოლაძე და ჩვენებური უმადურობა

ნიკო ნიკოლაძე და ჩვენებური უმადურობა ყველაფრის ჩამოთვლა, რაც ნიკო ნიკოლაძეს გაუკეთებია − როგორც მწერალს, მრეწველსა და სახელმწიფო მოღვაწეს, შეუძლებელია. მოკლე აღწერასაც კი რამდენიმე ტომი არ ეყოფა. არჩილ ჯორჯაძემ მას „ულმობელი საქმის კაცი″ უწოდა. გაივლის კიდევ ერთი საუკუნე და მის შვილთაშვილსაც ვერ ჩავუთვლით მიკერძოებად − „ნიკო ნიკოლაძე ახალი საქართველოს მაშენებელია!″ (სალომე ზურაბიშვილი). ეს ჭეშმარიტად დიდი საქმეების კაცი დაუმსახურებელი საყვედურისა და ცილისწამების ობიექტიც არაერთხელ გამხდარა. ამაზე მოგვიანებით... მანამდე ცოტა რამ გავიხსენოთ მისი მოღვაწეობიდან. ტყიბულის ქვანახშირის მოპოვება ნიკო ნიკოლაძის სახელს უკავშირდება. როცა აგიაშვილ-კანდელაკებმა გადამთიელ ნიკოლოზ ნოვოსელსკის ჩალის ფასად მიჰყიდეს ის ადგილი, სადაც ქვანახშირი მოიპოვებოდა, ნიკო ნიკოლაძე დიდად შეშფოთდა − „ჩვენი უმჯობესი სიმდიდრე ჩვენი ხელიდან გადის″-ო. მერე თავად გამოისყიდა აგიაშვილებისა და კანდელაკების წილი. დიდი წვალების გადატანა და ათასგვარი ბიზნეს გეგმის შედგენა დასჭირდა, დაემტკიცებინა − ქვანახშირის გამოსაზიდად ტყიბულამდე რკინიგზის მიყვანის საჭიროება. ეს საქმე წარმატებით დაგვირგვინდა. 1889 წელს ს/ს საზოგადოება „ნახშირი″ დააარსა და ტყიბულის შახტებიც მთელი დატვირთვით ამუშავდა. თბილისი-ფოთის რკინიგზამ ქუთაისს გვერდი აუარა, ქალაქი ჩიხში მოექცა, დასავლეთ საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო ცენტრმა დაქვეითება იწყო. ნიკო ნიკოლაძემ განგაში ატეხა და ქუთაისი შვიდვერსნახევრიანი ლიანდაგით ცენტრალურ მაგისტრალს დაუკავშირეს. ამ საქმეში ნიკოს ლომის წილი ედო. ტყიბულზე ზრუნვის პარალელურად, თითქმის 10 წელიწადს, კავკასიის სამთო სამმართველოს უფროსს, მელერს ებრძოდა ჭიათურის მარგანეცის საბადოების ამუშავებისათვის. აქაც გაიმარჯვა. ჭიათურიდან ფოთში შავი ქვის ურმებით ზიდვას დიდი სარგებელი არ მოჰქონდა. მთავრობას შორაპნიდან ჭიათურამდე რკინიგზის გაყვანის აუცილებლობას უმტკიცებდა. გადამთიელი მელერი ამ საქმეშიც შეეწინააღმდეგა − რკინიგზა მთავრობას ძვირი დაუჯდება, თემშარა გავიყვანოთო. ამას რა აზრი ჰქონდა. თემშარაზეც ისევ ურმებს უნდა ეჩოჩიალათ. ნიკოლაძემ მაინც თავისი გაიტანა. 1895 წელს ჭიათურა-შორაპნის ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა გაიხსნა. ნიკო ნიკოლაძეს კი მაინც საყვედური ერგო. სხვებზე რა ვთქვათ, როცა ისეთმა გამოჩენილმა მოღვაწემ და პატრიოტმა, როგორიც გიორგი მაიაშვილი (ზდანევიჩი) იყო, საჯაროდ უკიჟინა − თუ რკინიგზა გაგყავდა, ბარემ ფართოლიანდაგიანი გაგეყვანაო, ეს უმადურობა იმასთან არაფერია, რაც მაშინ მოხდა, როცა ნიკო ნიკოლაძემ ფოთი გადაბუგვა-განადგურებას გადაარჩინა. ფოთის ქალაქის თავად 1894 წელს აირჩიეს. ჭაობიანი დასახლება ნიკოლაძემ საპორტო ქალაქად გადააქცია. ფოთის მნიშვნელობაზე ჯერ კიდევ 1871 წელს წერდა: „ფოთს დიდი როლი და კარგი სვე მოელის მომავალში. რკინის გზა ჩქარა შეაერთებს მას თბილისთან, მერე კასპიის ზღვასთან, შემდგომ როდისმე შუა აზიასთან, სპარსეთთან და შესაძლებელია, ინდოეთთანაც″. ეს ხომ, ფაქტობრივად, იმ „აბრეშუმის გზის″ პროექტია, რომლის განხორციელებასაც ჩვენ 150 წლის მერე ვცდილობთ. 1906 წელს ფოთის ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგა. ალიხანოვ-ავარსკიმ, რომელსაც მეფისნაცვალმა ვორონცოვ-დაშკოვმა „სომეხი ხალხის ღირსეული შვილი″ უწოდა, მთელი დასავლეთ საქართველო გადაწვა და გადაბუგა, როცა ფოთის ასაოხრებლად დაიძრა, მალთაყვის გზაზე ნიკო ნიკოლაძე გადაუდგა და შეაჩერა: ფოთი ერთი კვირის წინ უცხოეთში დავაზღვიე და თუ დააქცევთ, მთელი ზარალის ანაზღაურება პირადად ხელმწიფე-იმპერატორს მოუწევსო. ალიხანოვ-ავარსკი დაფრთხა − მეფე არ დავაზარალოო და უკან გაბრუნდა. ფოთი განადგურებას გადაურჩა, მხოლოდ ნიკო ნიკოლაძე ვერ გადაურჩა მოღალატისა და მთავრობასთან „შეკრულის″ იარლიყს. ასე შეამკეს ფოთელებმა თავიანთი მხსნელი და გადამრჩენი. თითქოს საბუთიც ჰქონდათ − თუ ასე ადვილად შეგეძლო ალიხანოვის შეჩერება, მაშინ რატომ არ შეაჩერე, როცა გურია გადაწვაო. მოგვიანებით, 1914 წელს, როცა ნიკო ნიკოლაძე მის მიერ აშენებული და დამშვენებული საპორტო ქალაქის მერობიდან ცრუბრალდებით გადააყენეს, კიდევ ერთხელ გაუხსენეს − თუ კარგი კაცი იყავი და მთავრობას არ ემსახურებოდი, ფოთი დანგრევა-განადგურებისაგან როგორ იხსენიო. რა ექნა ნიკოს, აზრი აღარ ჰქონდა იმის საჯაროდ მტკიცებას, რუსის მეფის ერთგულსა და ქართველთმოძულე ალიხანოვს ჭკუით ვაჯობე და გავაცუცურაკეო. უმადურობისა და უსამართლობის ეს გასაოცარი ფაქტი, რომელიც აღწერილია აკაკი ბაქრაძის პუბლიკაციაში „ნიკო ნიკოლაძე და ქალაქი ფოთი″ ნიკოს ბადიშის, სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ ატეხილმა ასეთივე აჟიოტაჟმა გამახსენა. ამგვარი წრეგადასული ლანძღვა-გინებისა და ინსინუაციების ახსნას და პასუხს ისევ ნიკო ნიკოლაძესთან ვპოულობთ: „ყოველთვის, როცა მწერალს (ჩვენს შემთხვევაში პარტიას, მედიას − ა.გ.) არაფერი აქვს სათქმელი, როცა ვერაფრით უარყოფს მოწინააღმდეგის მოსაზრებებს, როცა არ სურს სცნოს საკუთარი სისუსტე, ეტანება ინსინუაციებს, ძირს უთხრის მოწინააღმდეგის ზნეობრივ სიწმინდეს, მიმართავს ცილისწამებას და ლანძღვა-გინებას″. ამირან გომართელი მეცნიერი და ლიტერატორი

1537609974

ვინ იყო სომხეთის რევოლუციის შემოქმედი?

8 სექტემბერს სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ პაშინიანმა პრემიერის რანგში პირველად გამართა მოლაპარაკებები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, რომელიც პირველ რიგში სომხეთის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას, ქვეყნის გაზით მომარაგებას ეხებოდა. როგორც პაშინიანმა განმარტა, სომხეთისთვის "ლურჯი სითხის" დაბალი ღირებულება ვლადიმერ პუტინის პირადი დაკვეთაა. პუტინის გაოცება გამოიწვია მისმა გიუმრში სტუმრობამ, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობის სამწუხარო სიტუაციას გაეცნო. საქმე იმაშია, რომ სომხეთში დაბალ ფასად შესული ბუნებრივი აირი ადგილობრივ მოსახლეობას ორჯერ ძვირ ფასად მიეწოდება. "ჩემი ეს ინფორმაცია პუტინისათვის ახალი ამბავი აღმოჩნდა", - აღნიშნავს სომხეთის პრემიერი ნიკოლ პაშინიანი. აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვა, შეეძლო "გაზპრომ სომხეთს" დაერღვია რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულება გაზის ტარიფთან დაკავშირებით და თვითნებურად მოექცეულიყო ფასის განსაზღვრასთან დაკავშირებით? და რაც მთავარია, რა მიზანს ემსახურება ეს მაშინ. ერთი შეხედვით, ეს შეიძლება მერკანტილისტურ საქციელად მოინათლოს უფრო მეტი შემოსავლების მიღების მიზნით. ერთის მხრივ, ცნობილია რომ სწორედ ფასების ზრდამ გამოიყვანა სომხეთის მოქალაქეები საპროტესტო აქციებზე, რომელიც შემდგომ პოლიტიკურ დესტაბილიზაციაში გადაიზარდა. ამ ფაქტით სათანადოდ ვერ ისარგებლა ოპოზიციამ, თუმცა პროცესები მაინც რევოლუციური გზით განვითარდა და ხელისუფლება შეიცვალა. გამოცემა Politobzor-ი აღნიშნავს, რომ არ არის გამორიცხული პუტინისთვის "გაზპრომის" ფინანსური მაქინაციები არ იყოს ცნობილი, თუმცა ისიც საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ "გაზპრომი" და მასთან დაკავშრებული სატარიფო პოლიტიკა გამოიყენება როგორც პოლიტიკური იარაღი რუსეთის მხრიდან. კრემლი აქტიურად მონაწილეობს ფასების ფორმირებაში. ბუნებრივ აირთან დაკავშირებული პაშინიანისა და პუტინის მოლაპარაკებები ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია. უფრო მეტიც, ძნელად წარმოსადგენია, რომ სომხეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, კრემლში თავიანთი უმოქმედობის შედეგები ვერ გაეაზრებინათ. თუ ამ ფაქტს გავითვალისწინებთ, სწორედ რუსეთი გამოდის სომხეთში რევოლუციის დეტონატორი. რას ემსახურებოდა სომხეთში რუსეთის ხელისუფლების მსგავსი საქციელი სომხეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე - ეს უკვე სხვა საკითხია. ბაჩანა ჯინჭარაძე მომზადებულია Politobzor-ის მიხედვით

1536584026

ვინ არის "ტროას ცხენი" ევროკავშირისთვის - პუტინს მერკელთან შეხვედრაზე...

როგორც გერმანული გამოცემა Salzburger Nachrichten-ი წერს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბერლინში ანგელა მერკელთან მოლაპარაკებაზე "ხელებში კოზირით" ჩავიდა. როგორც გამოცემა წერს, შეხვედრაზე იმსჯელეს რუსეთის ფედერაცისს გეოპოლიიკურ წარმატებებსა და ევროპაში პრორუსული ალიანსის შესაძლო გამოჩენაზე. გამოცემა აღნიშნავს, რომ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გერმანიაში პირველად ჩავიდა 2016 წლის შემდეგ. გამოცემა აღნიშნავს, რომ პუტინს ზურგს უმაგრებს რამდენიმე გეოპოლიტიკური წარმატებული ნაბიჯი. პირველ რიგში, რუსეთს აქვს გავლენა ჩინეთზე, რაც რეგიონში გავლენის გაფართოების შესაძლებლობას იძლევა, მეორეს მხრივ კი ეს არის რუსეთის სამხედრო მდგომარეობა სირიაში, რითაც რუსეთის ფედერაციას აქვს საშუალება ახლო აღმოსავლეთში გავლენის სფერო ჰქონდეს და ამავდროულად აშშ-ს აჩვენოს ძალა. ამავდროულად, მხოლოდ ჯარის წარმატება არ არის საკმარისი. რუსეთისთვის აუცილებელია ეკონომიკური კავშირების დამყარებაც. ამ მიზნის მისაღწევად, პუტინს აუცილებლად სჭირდება მერკელის მხარდაჭერა პროექტის "ჩრდილოეთის ნაკადი2" განსახორციელებლად. ამ პროექტის გარეშე რუსეთის ბიუჯეტი დამატებითი შემოსავლების მიღების კუთხით დიდი რისკის ქვეშაა. Salzburger Nachrichten-ის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი გერმანიაში მერკელთან შეხვედრაზე "ხელში კოზირით" იყო. ბერლინში მერკელთან შეხვედრამდე პუტინი იყო ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის ქორწილში. ეს მერკელისთვის კი უნდა იყოს სიგნალი, რომ რუსეთს შეუძლია კარგი ურთიერთობის დამყარება ავსტრიის და ასევე, იტალიის მთავრობასთან. პრორუსული ალიანსი ევროპაში კი შესაძლოა გახდეს "ტროას ცხენი" ევროკავშირისთვის. ამასთან, ასევე აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში, აშშ ხშირად მოუწოდებს გერმანიას რუსეთთან კავშირის შემცირებისკენ. ბაჩანა ჯინჭარაძე

1534936085

"გაეთრიეთ, ჩვენ არ ვიქნებით თქვენი მონები" - თურქეთი "ეკონომიკური გადა...

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯებ ტაიპ ერდოღანმა აშშ თურქეთის "ეკონომიკური გადატრიალების" მცდელობაში დაადანაშაულა. ამის თქმის საფუძველს ერდოღანს აშშ-ს მიერ დაწესებული ახალი, გაზრდილი ტარიფები აძლევს. ახალი ტარიფების დაწესების ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ თურქებს დაპატიმრებული ჰყავთ ამერიკელი პასტორი ენდრიუ ბარსონი. ვაშინგტონი მის გათავისუფლებას ითხოვს, ანკარა კი მას არ ათავისუფლებს, რადგან მას სახელმწიფოს გადატარიალების მცდელობაში ადანაშაულებს. თურქები თავის მხრივ, ვაშინგტონისგან ფეთჰულა გიულენის გადმოცემას ითხოვს, რადგან ანკარა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს მას. ბოლო პერიოდში, ხშირად იწერება თურქეთში ნატოს სამხედრო ბაზის "ინჯირლიკის" დახურვასთან დაკავშირებით. სოციალურ ქსელში კამპანიაც კი მიმდინარეობს - #დაიხუროსინჯირლიკი. მოქალაქეები მის ადგილას პარკის აშენებას ითხოვენ. ეს სამხედრო-საჰაერო ბაზა ქვეყნის სამხრეთით მდებაორებს. როგორც ადგილობრივი პრესა წერს, ადგილობრივ მოსახლეობას ამერიკული სანქციების არ ეშინია და უფრო და უფრო ხშირად ისმის მოწოდებები და ლოზუნგები ამერიკელების წინააღმდეგ - "გაეთრიეთ", "ჩვენ არ ვიქნებით თქვენი მონები". არ ეშინიათ იმისაც, რომ ბევრი ადამიანი დაკარგავს სამუშაოს. ადგილობრივი მოსახლეობა სხვადასხვანაირად გამოხატავს თავის პროტესტს. მაგალითად, ერთ-ერთმა მზარეულმა გადაიღო ვიდეო, სადაც პატარა ნაწილებად ჭრის დოლარს. ზოგიერთები მას პროტესტის ნიშნად ცხვირსახოცად იყენებს. ასევე, ვინც დოლარს ლირაში გადაცვლის პატარ-პატარა საჩუქრებს მიიღებს, მაგალითად სილამაზის სალონებსა და სასტუმროებში დამატებითი მომსახურება, ხოლო 10 000 დოლარის და მეტის ლირაში გადაცვლის შემთხვევაში საქორწინო კაბებსაც კი ჩუქნიან მოქალაქეებს. iPhone-ებს დემონსტრაციულად ამტვრევენ და საერთოდაც, ამერიკულ ტექნიკას ადგილობრივი მაღაზიები ბოიკოტს უცხადებენ. მოქალაქეები Apple-ის მაგივრად Samsung-ს ყიდულობენ. ზოგიერთი მოქალაქე კი დემონსტრაციულად ასხამს კოკა-კოლას უნიტაზებში, რომლის შემდგომაც ამბობენ: "უნიტაზი უფრო სუფთა გახდა". მიუხედავად ადგილობრივი მოსახლეობის ოპტიმიზმისა, რომ ისინი ძლიერები არიან, გაუმკლავდებიან ამერიკულ სანქციებს, რომ ეს მათი სამოქალაქო მოვალეობაა, თურქეთში ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება. უფასურდება თურქული ლირა, ძვირდება საწვავის ფასი და მატულობს უმუშევრობის დონე. ერდოღანი ამტკიცებს, რომ თურქეთი არ აპირებს დანებებას. ისინი არ დანებდებიან მათ, ვინც თურქებს "სტრატეგიულ პარტნიორს" უწოდებდა და დღეს მათთვის თურქეთი "სტრატეგიული სამიზნეა". საბოლოო ჯამში კი ანკარა შეიძლება მოსკოვის იარაღად იქცეს. ბაჩანა ჯინჭარაძე politobzer.net

1534847489