საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა 9-დან 11 წევრამდე იზრდება - ორ კანდიდატს ბორდში ასარჩევად პარლამენტს კომუნიკაციების ეროვნული კომისია წარუდგენს.

ეს ერთ-ერთია იმ ცვლილებათა შორის, რომლის ასახვაც “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში იგეგმება. კანონის პროექტი “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს და ის პარლამენტში უკვე ინიცირებულია. ამავე ცვლილებების პროექტით, უქმდება ერთი და იმავე პირის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ერთ ვადაზე მეტი ხნით არჩევის აკრძალვა. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადები კი 3 წლიდან 6 წლამდე იზრდება.

გარდა ამისა, კანონპროექტის გათვალისწინებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკისრება ვალდებულება, ბიუჯეტის არანაკლებ 10%-ის ოდენობით მიმართოს ქართული მხატვრული ტელეფილმების, ქართული დოკუმენტური ტელეფილმებისა და ქართული ტელესერიალების დაფინანსების მიზნით (მათ შორის, თანადაფინანსების მიზნით) სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებისა და ეროვნული კინემატოგრაფიის პოპულარიზაციისათვის.

პროექტის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დაფინანსების ოდენობაც იცვლება. კერძოდ, დღეს მოქმედი კანონის მიხედვით, აჭარის ტელევიზია და რადიო საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან, ამ ბიუჯეტის არანაკლებ 15%-ით ფინანსდება. კანონპროექტის გათვალისწინებით, იგი 2026 წლის 1-ელ იანვრამდე დაფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 16%-ით, ხოლო 2026 წლის 1-ელი იანვრიდან − საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 17%-ით.