საქართველოს ბიზნეს ასოციაცია დადებითად აფასებს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ცვლილება განხორციელდა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის N41 დადგენილებაში (ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ შესახებ) და მრავალბინიანი საცხოვრებელი მაღლივი შენობის ავტოსაშხეფი სისტემის დაყენების ვალდებულება ბინებში გადავადდა 2028 წლის 1 აპრილამდე.

მთავრობის ზემოხსენებულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ტექნიკური სტანდარტის პრაქტიკაში დანერგვის მიზნით საქართველოს ბიზნეს ასოციაციის დეველოპერული და სამშენებლო პროფილის მქონე კომპანიებთან კონსულტაციები.

საგულისხმოა, რომ წამყვანი დეველოპერული და სამშენებლო კომპანიები ერთხმად აღიარებენ, რომ ნორმატიული აქტის არსებული რედაქცია არ ითვალისწინებდა ქვეყანაში არსებულ რეალურ მოცემულობას, მეტიც, მისი დანერგვა უთუოდ გამოიწვევდა გაუთვალისწინებელ „გვერდით მოვლენებს“ და ნეგატიურად აისახება არა მხოლოდ დეველოპერულ საქმიანობაზე, არამედ მნიშვნელოვან დისკომფორტს შეუქმნიდა თავად ბინის მესაკუთრეებს.

2023 წლის 23 მარტს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართული შეხვედრის ფარგლებში, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირები, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ წარადგინა ზემოხსენებულ წევრ კომპანიებთან შეჯერებული, არგუმენტირებული დასაბუთება.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მადლობას უხდის შესაბამის სამთავრობო უწყებებს, ასოციაციის წევრ კომპანიებსა და პროცესში ჩართულ მხარეებს კონსულტაციებში აქტიური მონაწილეობისთვის.