კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ონლაინ ვაჭრობის სექტორში, კომპანია „იზი ჯის“ მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა დაასრულა.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, შესწავლის შედეგად, სააგენტომ დარღვევის ფაქტი დაადგინა.

„კერძოდ, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრის მხრიდან - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულებისა და დისტანციურ ხელშეკრულებაზე ან/და სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების დარღვევის ფაქტი დადასტურდა. შესაბამისად, ერთი თვის ვადაში, მოვაჭრეს დაევალა - მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.

კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ეკისრება ჯარიმა. ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის, წლიური ბრუნვის 2%-ს. 12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას. სააგენტოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

ცნობისთვის, 2022 წლის 1 ნოემბრიდან დღემდე, სააგენტოში სულ შემოსულია - 122 განაცხადი. საქმის შესწავლა 70 ქეისზე დაწყებულია. მომხმარებლის სასარგებლოდ გაფორმდა 14 პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება. დადასტურდა 2 და არ დადასტურდა ერთი დარღვევის ფაქტი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.