DataLife Engine > მსოფლიო ეკონომიკა > საერთაშორისო სავალუტო ფონდი მსოფლიო ეკონომიკას დააზღვევს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი მსოფლიო ეკონომიკას დააზღვევს


9 ოქტომბერი 2009. : merabi
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა, სტროს-კანმა განაცხადა, რომ ბანკებს გადასახადს დაუწესებს. ეს განცხადება მან სტამბულში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივ კონფერენციაზე გააკეთა. სავარაუდოდ, შეგროვებული რესურსები სპეციალურ მსოფლიო სადაზღვევო ფონდში განთავსდება და სამომავლოდ მსოფლიოს გლობალური ეკონომიკური კრიზისისგან დაიცავს.
ბ-ნ სტროს-კანის განცხადებით, თანამედროვე ფინანსური სექტორის მუშაობა მსოფლიო ეკონომიკას სისტემურ რისკებს უქმნის, ამიტომ სამართლიანი იქნება, თუ წამყვანი ბანკები გარკვეულ რესურსებს გლობალურ სადაზღვევო ფონდებისკენ მიმართავენ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის გეგმების დეტალები ჯერ ცნობილი არ არის. დომინიკ სტროს-კანმა ხაზი გაუსვა, რომ გადასახადი ტრანსაქციებზე არ იქნება (ბანკებს შორის სავალუტო გაცვლა და ფულის საზღვრებს გარეთ გადინება). საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის აზრით, ტრანსაქციების გადასახადი გარკვეული "ტექნიკური მიზეზების" გამო ეფექტურად ვერ იმუშავებს.
ამჟამად ეს პროექტი მზადდება და ის "დიდ ოცეულს" უნდა წარედგინოს, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში პლანეტის მთავარ ეკონომიკურ ფორუმად იქცა.