DataLife Engine > მსოფლიო ეკონომიკა > მსოფლიო ეკონომიკა

მსოფლიო ეკონომიკა


21 ნოემბერი 2008. : vale
ჩინეთთან "როსტნეფტისა" და "ტრანსნეფტის" მოლაპარაკებები ჩაიშალა

ჩინეთმა დაამტკიცა, რომ სერიოზული მოლაპარაკებებისას მკაცრი პარტნიორია. რუსული "როსტნეფტისა" და "ტრანსნეფტის" სამუშაო ჯგუფი, რომელიც ჩინეთთან ნავთობის მოსაპოვებლად კრედიტის თაობაზე აწარმოებდა მოლაპარაკებას, ჩინეთიდან ხელცარიელი დაბრუნდა. მხარეები კრედიტის პირობების შესახებ ვერ შეთანხმდნენ. აღნიშნული პროექტის შესახებ მოლაპარაკება, რომლის ღირებულებაც 600 მილიონი დოლარია, რუსულ ნავთობკომპანიებსა და ჩინურ CNPC შორის ოქტომბრის ბოლოს შედგა. ამ შეთანხმების თანახმად, ჩინეთის მხარეს კრედიტის სახით 25 მილიარდი დოლარი უნდა გამოეყო, 10 წლის ვადით და 7 პროცენტიანი საპროცენტო განაკვეთით. როგორც "ტრანსნეფტის" პრეზიდენტმა მიხაილ ბარკოვმა განაცხადა, - "ჩინური მხარის მიერ შემოთავაზებული დაკრედიტების პირობები არ დაემთხვა ადრინდელი შეთანხმების ჩარჩოებს. ამიტომ, იძულებული ვიყავით შეგვეწყვიტა მოლაპარაკება." გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ჩინეთი თხოულობს სერიოზულ გარანტიებს კრედიტის დაბრუნებასთან დაკავშირებით, რომელიც რუსული მხარის განცხადებით, ცდება "გონივრულ ჩარჩოებს". თუმცა, ამავდროულად სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ მოლაპარაკებები გრძელდება "მე არ ვიცი, რომელი მოლაპარაკებების შეწყვეტაზეა საუბარი," - აცხადებს რუსეთ-ცენტრალურ აზიის მსხვილი პროექტების მსხვილი ჩინური ნავთობკომპანიის CNPC-ს დირექტორი ვან შენ გზი, თუმცა სხვა ტიპის კომენტარებისაგან ბატონი შენ გზი და "როსტნეფტის" ხელმძღვანელობა თავს იკავებენ.
რუსეთ-ჩინეთის სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობის ცენტრის თავმჯდომარე სერგეი სანაკოევი მიიჩნევს, რომ საუბარი მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ არაკორექტულია. "არსებობს გარკვეული სირთულეები, მიდის ოპტიმალური პირობების ძიების პროცესი, მაგრამ ეს ნორმალური სამუშაო რეჟიმია," - აცხადებს ბატონი სანაკოევი.
"ტრანსნეფტის" ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ თუ ჩინეთთან მოლაპარაკება საბოლოოდ ჩაიშალა, საჭირო დაკრედიტებას პროექტი სახელმწიფოსგან მიიღებს.
აღნიშნული პროექტის შესახებ მოლაპარაკებების დამთავრება 25 ნოემბრისთვის არის ნავარაუდევი. თუმცა ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ კონკრეტული თარიღის დასახელება ჩინელებს ფსიქოლოგიურ ბარიერს არ უქმნის. ისინი მოთმინებით გააგრძელებენ მოლაპარაკებას იმ დრომდე, სანამ მათთვის ხელსაყრელი პირობების შესახებ არ იქნება მიღწეული შეთანხმება.


იტალიურ მაფიას ფინანსური კრიზისი არ აწუხებს

ჩრდილოვანი ეკონომიკა კრიზისისგანაც ჩრდილში დგას. 4 მსხვილი მაფიოზური იტალიური კლანის საერთო შემოსავალმა 2008 წელს 70 მილიარდი ევრო შეადგინა - ასეთი ინფორმაციას შეიცავს კონფედერაციული (Confesercenti) ქვეყნების მცირე და საშუალო მეწარმეთა მიერ წარმოდგენილი მონაცემები. 2007 წელს იტალიელი მაფიოზების შემოსავალი 90 მილიარდ ევროდაა შეფასებული. შემოსავლების შემცირება გამოწვეულია არა ფინანსური კრიზისით, არამედ იტალიის მთავრობის მიერ კრიმინალთან ბრძოლის გაძლიერებით.
ამჟამად იტალიაში 4, ეგრეთწოდებული, ოჯახური მაფიოზური დაჯგუფება მოქმედებს. ესენია: "კოზანოსტრა" (სიცილია), "ნდრანგეტტა" (კალაბრია), "კამორა" (კამპანია), "საკრა კორონა უნიტა" (აპულია). Confesercenti-ს შეფასებით, იმ სტრუქტურების წლიური ბრუნვა, რომლებიც ამ კლანების კონტროლქვეშაა, 130 ევროს შეადგენს, რაც იტალიის მშპ-ს 6%-ია. მაფიოზური კლანების სუფთა მოგება კი, რომელშიც არ შედის "აუცილებელი ხარჯები", 70 მილიარდი ევროა. მაფიოზების შემოსავლების ძირითადი ნაწილი, 59 მილიარდი ევრო, ნარკოვაჭრობაზე მოდის, სხვა დანარჩენზე კი 6,3 მილიარდი ევრო.
ჩონფესერცენტი-ს მოხსენების თანახმად, 2008 წელს იტალიური მაფია რეკეტისა და მევახშეობისაგან 9 მილიარდ ევროს მიიღებს. ქურდობისა და ყაჩაღობისგან კი მაფიოზური ოჯახები ერთ მილიარდ ევროს გამოიმუშავებენ, პროსტიტუციისგან - 0,6 მლრდ. ევროს. მაფიის შემოსავალი ლეგალური საქმიანობისგანაც საკმაოდ სოლიდურია. ამ სფეროებიდან იტალიური მაფია 20 მლრდ. ევროთი მდიდრდება. ეს არის მშენებლობისაგან და ნაგვის გადამუშავებისაგან მიღებული შემოსავლები. მაფიოზების ხარჯვით ნაწილში კი 4 მლრდ. ევრო შეადგენს იმ ქრთამის მოცულობას, რომლებსაც ისინი ჩინოვნიკებს უხდიან.
იტალიელი პოლიტოლოგის ემანუელ ბაკარელას განმარტებით, "მიმდინარე წელს ხელისუფლებამ ეფექტურად განახორციელა ანტიმაფიოზური ოპერაციები. რის შედეგადაც გისოსებს მიღმა 1000-ზე მეტი ადამიანი აღმოჩნდა და ისინი არ არიან რიგითი ადამიანები. აღსანიშნავია, რომ ბრძოლის ეფექტური შედეგები გამოწვეულია იმით, რომ პრემიერის ბრძანებით მაფიასთან საბრძოლველად გამოყენებული იქნა არმია, სადაც კორუფციული გარიგებების შესაძლებლობები სერიოზულად შეზღუდულია.



ისლანდიას დახმარებაზე უარი ეთქვა


მსოფლიო სავალუტო ფონდის მიერ მიღებული შეთანხმება, ისლანდიისთვის 2 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ, ფონდის საბჭოს მიერ ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული. შეთანხმება 24 ოქტომბერს იყო მიღებული. მომდევნო შეხვედრა კი 5 ნოემბერს იყო დაგეგმილი, თუმცა გადაიდო. როგორც გაზეთი The Financial Times იუწყება, გადაწყვეტილება ისლანდიისთვის ფულის გამოყოფის შესახებ, გაურკვეველი დროით გადაიდო. მსოფლიოს სავალუტო ფონდი გადადების მიზეზებზე არ საუბრობს. ისლანდიას 4 მლრდ. დოლარი სჭირდება, ეს თანხა შესაძლებელია მას სკანდინავიურმა ქვეყნებმა გამოუყონ. თუმცა ახლა უკვე უცნობია, როგორ რეაგირებას მოახდენს მათზე მსოფლიო სავალუტო ფონდის გადაწყვეტილება.


"უკრაინასა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების იმედი არ უნდა ჰქონდეთ"

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა აუცილებელია, რომ რუსეთთან საერთო ენა გამონახოს, რათა ეფექტურად გადაწყდეს თანამედროვეობის უსაფრთხოების პრობლემები. ეს მხოლოდ ერთობლივი ძალებითაა შესაძლებელი. იმისათვის, რომ ნატომ შეინარჩუნოს კოლექტიური უსაფრთხოების გარანტის როლი, საჭიროა ამ ორგანიზაციის რეფორმირება, ხოლო მოღვაწეობის ახალი მიმართულება უნდა გასცდეს სამხედრო მოღვაწეობის ფარგლებს - ასეთი განცხადება გააკეთა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბერლინში კონფერენციაზე გამოსვლისას. ანალიტიკოსების აზრით, ქალბატონმა მერკელმა ამ განცხადებით გამოხატა ევროპის ქვეყნების პოზიცია, რომლებიც ცდილობენ ამერიკაში ხელისუფლების შეცვლა მსოფლიოში ევროპის როლის გასაძლიერებლად გამოიყენონ.
გერმანიის კანცლერის განცხადებით, ბერლინი მხარს უჭერს უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაერთიანებას, თუმცა იქვე დასძენს, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ამ ორ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უახლოეს მომავალში გაწევრიანების იმედი არ უნდა ჰქონდეთ. ეს უიმედო განცხადება თბილისისა და კიევის ამჟამინდელი რეჟიმების მიმართ გერმანიის კანცლერმა ტალინში, ალიანსის კომისიის სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე გააკეთა. ამ განცხადებით, მერკელმა გააკეთა მინიშნება იმაზე, რომ "ევროპის ძველი გვარდიის" ინტერესებში რუსეთთან კონფრონტაცია არ შედის. უფრო მეტიც, თავის გამოსვლაში მერკელმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა მოსკოვთან თანამშრომლობას ტერორიზმთან და მასობრივი განადგურების იარაღთან ბრძოლის საქმეში. "ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს, ჩვენ ვართ პარტნიორები. ვიცი, რომ ეს არ არის მარტივი, მაგრამ ჩვენ რუსეთს პოზიტიური სიგნალი უნდა გავუგზავნოთ," - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.



ჩინეთი კრიზისის დასაძლევად 600 მილიარდ დოლარს გამოყოფს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლებამ ქვეყნის ისტორიაში გაუგონარი ანტიკრიზისული პაკეტი მიიღო. საქმე ეხება 600 მილიარდი დოლარის ღირებულების ანტიკრიზისული ღონისძიების პაკეტს, რომელმაც ეროვნული ეკონომიკის სტიმულირება უნდა მოახდინოს. მსოფლიო ფინანსური ბაზრები ჩინეთის ამ გადაწყვეტილებას დადებითად შეხვდნენ, რადგანაც მათი აზრით, ჩინეთი კრიზისის დაძლევაში სხვა ქვეყნებსაც დაეხმარება. ჩინეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ დამტკიცებული გეგმის თანახმად, 2 წლის განმავლობაში გამოყოფილი იქნება 4 ტრილიონი იენი (586 მლრდ.დოლარი) სტიქიური უბედურებების დროს დაზარალებულების ფინანსირებისათვის, მცირეშემოსავლიანი მოქალაქეებისათის სახლების აშენებისთვის, ტრანსპორტის ქსელის განვითარებისთვის და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვისათვის. უკვე ამ წელს ჩინეთის მთავრობა ინფრასტრუქტურის გამაჯანსაღებელ პროექტებში 100 მლრდ. იენს (14,6 მლრდ.დოლარი). და დამატებით კიდევ 400 მლრდ. იენს (58 მლრდ. დოლარი) გამოყოფს. გარდა ამისა, მთავრობა საწარმოებისათვის საგადასახადო განაკვეთების შემცირებას აპირებს. ეს დაახლოებით 120 მლრდ. იენს (17,5 მლრდ. დოლარი) დაზოგავს. რაც კომერციულ ბანკებს კრედიტის გაცემის პირობებს შეუმსუბუქებს. ეს ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას და მშპ-ს გაზრდას გამოიწვევს, რომელიც ამა წლის მესამე კვარტალში 9%-მდე დაეცა. ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 10-15%-ის ფარგლებში მერყეობდა.
ამ ღონისძიებით პეკინმა მაგალითი მისცა რეცესიაში მყოფი წამყვანი ინდუსტრიული ქვეყნების ხელისუფალთ, რომ გლობალური ფინანსური კრიზისის შესამსუბუქებლად გაზარდონ ხარჯები და შეამცირონ გადასახადები. თავის დროზე ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა წამყვანი ფინანსური მსოფლიო რეგულატორების კვალდაკვალ ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 6,66%-მდე დაწია. ჩინეთი ამ პროცესის გაგრძელებას კვლავაც აპირებს. ბუნებრივია, რომ ჩინეთი თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, მაგრამ თავისი ქვეყნის დაცვის პარალელურად ის უმსუბუქებს დანარჩენ მსოფლიოს გლობალურ ეკონომიკურ პრობლემებს - მიიჩნევენ ანალიტიკოსები.


რას ფიქრობს ობამა ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო ობიექტების განლაგების შესახებ


ამერიკის უკვე ყოფილი ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული წინადადებათა პაკეტი, რომელიც ბირთვული იარაღის კონტროლს ეხება, შესაძლოა სერიოზული ხელშემშლელი ფაქტორი გახდეს ამერიკის ახალ პრეზიდენტსა და მოსკოვს შორის მოსალოდნელი დიალოგისას. აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთისთვის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ობიექტების ინსპექტირების პირობების შეთავაზებით, ჯორჯ ბუში ცდილობს ობამას არ მისცეს საშუალება მოხსნას რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის პრობლემა, როგორც ჩანს, ობამა ასე არ ფიქრობს. ბარაკ ობამა ჯერ კიდევ სენატში მუშაობისას გამოდიოდა ბირთვული იარაღის პოლიტიკის წინააღმდეგ. ობამა მოსკოვში მხოლოდ ერთი ვიზიტითაა ნამყოფი. 2005 წელს ის რუსეთის დედაქალაქს რიჩარდ ლემარის დელეგაციის წევრის სტატუსით სტუმრობდა. ლემარის ვიზიტი რუსული საბრძოლო მასალების უტილიზაციის საკითხს ეხებოდა. ბუშის ადმინისტრაციის მიერ აღმოსავლეთ ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვით სისტემის განლაგების პროექტს ობამა სკეპტიკურად უყურებს. დემოკრატი პრეზიდენტის აზრით, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი ობიექტების პოლონეთსა და ჩეხეთში განლაგება ამერიკას ძვირად დაუჯდება, მათი ეფექტიანობა კი დიდ ეჭვს იწვევს.
რუსი სამხედრო ექსპერტების აზრით: "ამერიკის ახალი პრეზიდენტი ფაქტის წინაშე დადგება. შემდგომ მოლაპარაკებებში ის ბუშის ბოლო წინადადებებისა და გადაწყვეტილებებისაგან უკვე დამდგარი შედეგებით უნდა ჩაერიოს. მან უკვე რაკეტსაწინააღმდეგო ობიექტების არსებობის ფაქტის შესახებ კი არა, ამ ობიექტების განლაგების პირობების შესახებ უნდა გამართოს მოლაპარაკებები, რომლის მიხედვით რუსეთს ამ ობიექტების ინსპექტირება შეეძლება."
საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ ისეთ ცნობასაც, რომ ბარაკ ობამა პოლონეთში რაკეტსაწინააღმდეგო ობიექტის განლაგების გარანტიას არ იძლევა. სააგენტოები ამ ინფორმაციას ობამას თანაშემწის დენის მაკდონოუსზე დაყრდნობით ავრცელებენ, "ობამას პოზიცია ისეთივე დარჩა, როგორიც იყო წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ის მხარს დაუჭერს რაკეტსაწინააღმდეგო ობიექტების განლაგებას იმ შემთხვევაში, როცა ის ტექნოლოგიების შრომისუნარიანობაში დარწმუნდება", - აცხადებს დენის მაკდონოუ.



ევროპაში ნარკომანიით საათში ერთი ადამიანი იღუპება

სადღეისოდ ევროპაში 2 მლნ. ადამიანი ნარკოტიკების მომხმარებელია. ეს მონაცემი ევროპის ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრმა გამოაქვეყნა. ის მხოლოდ ევროპის ქვეყნებს, ნორვეგიას, თურქეთსა და ხორვატიას მოიცავს. მოხსენების ავტორთა მტკიცებით, ევროკავშირის ქვეყნების შავი ბაზარი ჰეროინით გაჯერებულია. ამის მიზეზი ავღანეთში 2007 წელს ყაყაჩოს დიდი მოსავალი გახდა. ექსპერტების აზრით, ევროპამ ამ მდგომარეობაში თავი თვითონ ჩაიგდო, რადგანაც მან მხარი დაუჭირა ამერიკის ავღანეთში შესვლასა და კოსოვოს დამოუკიდებლობას, რომლებიც ამ წლების განმავლობაში ნარკოტიკების წარმოებისა და დისტრიბუციის ცენტრები გახდნენ. სტატისტიკური მონაცემებით, საათში ერთხელ ნარკოტიკების გადამეტებული დოზის მიღებისგან ერთი ევროპელი იღუპება, წელიწადში ეს 8 ათასი ადამიანია, რომელთაგან ძირითადი ნაწილი ახალგაზრდაა. მიუხედავად იმისა, რომ ნარკომომხმარებლების რიცხვი 1990-იანი წლების რაოდენობას არ უტოლდება, მდგომარეობა მაინც სავალალო და საგანგაშოა. ამ წელს პოლიციის ხელში 19,4 ტონა ნარკოტიკი აღმოჩნდა, რაც 10%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით.