DataLife Engine > მსოფლიო ეკონომიკა > "გაზის ოპეკის" შექმნა ამერიკის ინტერესებს ეწინააღმდეგება
"გაზის ოპეკის" შექმნა ამერიკის ინტერესებს ეწინააღმდეგება29 ოქტომბერი 2008. : vale |
|
რუსეთი, ირანი და კატარი "გაზის ოპეკის~ შექმნის თაობაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ირანის ნავთობის მინისტრმა გოლმახოსეი ნოზარმა კატარის ენერგეტიკისა და მრეწველობის მინისტრთან აბდალა ბენ ხამადა ალ-ატიასთან და "გაზპრომის" ხელმძღვანელთან ალექსეი მილერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ექსპერტების აზრით, "გაზის ოპეკის" შექმნა, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად ეწინააღმდეგებოდა ამერიკა, საერთაშორისო არენაზე ვაშინგტონის გეოპოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის შესუსტებას მოასწავებს, რუსეთის ავტორიტეტი კი, პირიქით, იზრდება.
ექსპერტები ასეთი სტრუქტურის შექმნის აუცილებლობაზე დიდი ხანია საუბრობენ. ისინი იმ წინააღმდეგობების შესახებაც საუბრობენ, რომლებიც როგორც ამ ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის, ისე გარედან, კერძოდ, აშშ-ს მხრიდან არის მოსალოდნელი. გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმზე სწორედ ამ ქვეყნებს შორის იყო წინააღმდეგობრივი საუბარი გაზის მოპოვებისა და ექსპორტის შესახებ. მხარეები ვერ შეთანხმდნენ მომავალ სტრუქტურაში ლიდერის შესახებ. სიტუაციას ართულებდა გარე ფაქტორიც - ზეწოლა ამერიკის მხრიდან. ექსპერტთა აზრით, ახალ საერთაშორისო სტრუქტურას ძალიან ბევრი რთული ორგანიზაციული და პრაქტიკული პროცედურის გავლა მოუწევს პროექტის რეალიზაციისათვის. ამერიკის მსოფლიო გავლენა მკვეთრად ეცემა. ამერიკაში განვითარებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა ხელი შეუშალა ვაშინგტონს, რომ წარმატებით დაებლოკა "გაზის ოპეკის" შექმნის იდეა. ამერიკა არ არის დაინტერესებული იმით, რომ გაზისა და ნავთობის ბაზარი განცალკევებული იყოს. "გაზის ოპეკის" შექმნით ის ფაქტიურად ვეღარ გააკონტროლებს გაზის ბაზარს, პირველ რიგში, საუდის არაბეთის მეშვეობით. გასათვალისწინებელია პოლიტიკური ფაქტორიც - ირანისა და რუსეთის ეკონომიკური დაახლოება მათ პოლიტიკურ დაახლოებასაც შეუწყობს ხელს, რასაც ვაშინგტონი ასევე აქტიურად ეწინააღმდეგება. |