DataLife Engine > მსოფლიო ეკონომიკა > კრიზისმა მსოფლიო ახალი ეკონომიკური რეალობის წინაში დააყენა

კრიზისმა მსოფლიო ახალი ეკონომიკური რეალობის წინაში დააყენა


26 მარტი 2010. : merabi
მიმდინარე ეტაპზე მსოფლიო ეკონომიკა მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. ღრმა ეკონომიკური კრიზი ყოველთვის ხდება ახალი იდეებისა და ახალი ინიციატივების "მშობელი". ჯერ კიდევ მიმდინარე მსოფლიო უდიდესი რეცესიის შესაბამისმა გამოხმაურებებმაც არ დააყოვნა და წარმოიშვა მრავალი ახალი იდეა, რომელთა მიზანი ისეთი ეკონომიკური მოდელების შემუშავება და პრაქტიკაში დანერგვა გახლავთ, რომელიც შეძლებს სამომავლო კრიზისული მდგომარეობების თუ თავიდან აცილებას არა, მათი ეფექტების შესუსტებას მაინც. ეკონომიკის ექსპერტებისა და პოლიტიკოსების აზრი ორად გაიყო: მათი ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ საჭიროა ეკონომიკის რეგულირების მექანიზმების გაზრდა, რომელიც თავიდან ააცილებს მსოფლიოს მსგავს ნეგატიურ მოვლენას, ხოლო მეორე ნაწილი კვლავ ეკონომიკის თვითრეგულირების მომხრეა. თითოეულ მათგანს თავისი კონკრეტული არგუმენტები გააჩნია, მაგრამ ფაქტია, რომ მოცემული საკითხი წმინდა ეკონომიკურ თეორიას ცდება და პოლიტიკურ ელფერს იძენს.
ამის ფონზე უკვე გამოიკვეთა პოლიტიკოსთა გაზრდილი აქტივობები ამ მიმართულებით, რაც გვაფიქრებინებს, რომ მოსალოდნელია რეალური ცვლილებები. საინტერესოა ამერიკის შეერთებულ შტატებში 2010 წლის იანვრის მეორე ნახევარში დაფიქსირებული ფაქტი, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ფინანსურ სექტორში რადიკალური რეფორმების განხორციელების წინადადებით გამოვიდა. მისი განცხადებით საჭირო იყო მსხვილი კომერციული ბანკების მოცულობისა და საქმიანობის შეზღუდვა, რამეთუ დიდი ბანკების "ჩაძირვამ" შესაძლოა მთელი ფინანსური სისტემის კრიზისი გამოიწვიოს. ასე დაიწყო 30-იანი წლების "დიდი დეპრესია" და მიმდინარე ეკონომიკური კრიზისიც სწორედ ფინანსური სექტორის მნიშვნელოვანმა რყევებმა გამოიწვია, რაც ობამას აზრით "უსამართლოა".
მოცემულმა განცხადებამ უმალ უარყოფითი ასახვა ჰპოვა ქვეყნის ეკონომიკაზე, თავისუფალმა საბაზრო მოდელმა სწრაფად დაიჭირა იმპულსები და ამ ფაქტს მყისიერი რეაგირებაც მოჰყვა. მნიშვნელოვნად შემცირდა ეკონომიკური გამოცოცხლების ზოგიერთი მაჩვენებლები, რომელთა ზრდა უმრავლესობას კრიზისიდან გამოსვლის მთავარ სიგნალად მიაჩნდა. კერძოდ, პროგრამის საჯარო გახმაურებიდან რამდენიმე საათში დაფიქსირდა აშშ-ს და შეიძლება ითქვას, მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორის ეკონომიკური აქტივობის უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელი ინდექსის - "დოუ ჯონსის" ინდექსის ვარდნა (The Dow Jones Industrial Average – DJIA).
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ობამას ინიციატივის მთავარი თანაავტორი გახლავთ ფედერალური სარეზერვო სისტემის ყოფილი თავმჯდომარე პოლ ვოლკერი, რომელიც ცნობილია თავისი პრინციპული ანტიინფლაციური პოლიტიკით. მისთვის უცხო არ გახლავთ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანი დანახარჯების გაწევა, შემცირებული პროდუქციის მოცულობისა და უმუშევრობის დონის ზრდის სახით. მან მხოლოდ მონეტარული პოლიტიკის საშუალებით შესძლო ინფლაციის 6 პროცენტით შემცირება, იმის მიუხედავად, რომ რეიგანის ადმინისტრაცია გაზრდილი საბიუჯეტო დანახარჯებით ინფლაციურ პოლიტიკას ატარებდა. დღევანდელი გადმოსახედიდან კიდევ უფრო საინტერესოა ობამას პროგრამა, რამეთუ ვოლკერი უკვე სახელმწიფო პროგრამის თანაავტორად გვევლინება.
მოცემულ განცხადებას დაერთო ასევე საფრანგეთის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა, სადაც ისიც მიესალმა ფინანსურ სექტორში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას. მისი განცხადებით, არათუ ფინანსური სექტორის მოდერნიზაციაზე უნდა ვისაუბროთ, არამედ საჭიროა საერთოდ ახალი სისტემის შექმნა. აქედანვე ცხადია, რომ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერები ეკონომიკის რეგულირების ახალი, ან თუნდაც უკვე ნაცადი მეთოდების გამოყენების მომხრენი არიან. ეს კიდევ უფრო დიდი პრობლემაა ევროკავშირისათვის, რომელსაც არ გააჩნია ისტორიულად ერთიანი სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი და სისტემა ჯერ კიდევ შორსაა იდეალურისაგან. ამას თან ერთვის გაერთიანების შიგნით არსებული ძლიერი საფინანსო ცენტრების არსებობა, რომელთა ურთიერთობებიც სცილდება კერძო ბანკებს შორის არსებულ უბრალო კონკურენციას.
კრიზისის პერიოდში, მნიშვნელოვნად იზრდება სახელმწიფოთა როლი ეკონომიკის ფუნქციონირებაში. ყველა დარგი სთხოვს მთავრობას გარკვეული დახმარების გაწევას და სუბსიდირების გარკვეული დოზით ცდილობენ მდგომარეობიდან გამოსვლას. ეს, თავის მხრივ, ბიზნესს სულ უფრო მეტად ხდის სახელმწიფოზე დამოკიდებულს. კრიზისიდან გამოსვლის პარალელურად, ალბათ, მართებული იქნებოდა, შემცირებული სახელმწიფო დახმარებები და მთავრობის როლის მეტნაკლებად შემცირება. მაგრამ აღსანიშნავია, რომ თუ ბარაკ ობამამ იანვრის ბოლოს ასეთი განცხადება გააკეთა, უკვე თებერვლის დასაწყისში ახალი ინიციატივა გაახმოვანა, რომლის მიხედვითაც მან კონგრესმენებს მცირე ბიზნესის დასახმარებლად 30 მლრდ დოლარის გამოყოფა შესთავაზა.
ამ მიმდინარე განცხადებების, პროგრამების და მოვლენების ფონზე გამოიკვეთა ტენდენციები, რომელიც სულ უფრო წინააღმდეგობაში მოდის თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებთან. ეკონომიკურ კრიზისში, რომელიც ფინანსური კრიზისით დაიწყო, მთავარ დამნაშავედ ერთხმად გამოცხადდა ფინანსური სექტორის კონტროლის მექანიზმების არაეფექტიანობა (სწორედ ამან განაპირობა ობამას აღნიშნული პროგრამა). გაზრდილი კონკურენციისა და შესუსტებული კონტროლის მექანიზმების ფონზე, გაიზარდა მაღალი რისკის შემცველი იპოთეკური სასესხო ვალდებულებების რაოდენობა და ამ ბაზარზე მომხდარმა კრახმა, მსოფლიო ამ მდგომარეობამდე მიიყვანა. თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე დაფუძნებულმა ეკონომიკამ ვერ უზრუნველყო იმ პროცესების შეჩერება, რისი ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზიც თვითონ იყო. ამან ხელახლა გახადა აქტუალური კეინსიანური შეხედულებები და მსოფლიოს ლიდერებიც თავისუფალი ეკონომიკის სისტემის მოდერნიზაციაზე აალაპარაკა.
უკვე გახშირდა კაპიტალისტური სისტემის ამ მამოძრავებელი მექანიზმის კრიტიკა და ნაკლოვანებების წინა პლანზე წამოწევა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მსოფლიო ემზადება ახალი საერთაშორისო ეკონომიკური წესრიგის ჩამოყალიბებისთვის, რომლის მთავარი მამოძრავებელი ეკონომიკური საფუძველი იქნება არა უპირობო თავისუფალი კონკურენცია, არამედ ე.წ. შერეული საბაზრო ეკონომიკის მოდელი, რომელიც გულისხმობს გარკვეული დოზით დარეგულირებულ ბაზარს და სახელმწიფოს შედარებით გაზრდილ როლს. დღევანდელი მსოფლიო წესრიგიც არ გულისხმობდა აბსოლუტურად თავისუფალ ეკონომიკას, თუმცა მოსალოდნელია ამ შეფარდების გაზრდა სახელმწიფოს როლის ზრდის ხარჯზე. აქ საკამათოა, თუ რა დოზით ჩარევა იქნება გამართლებული და სად გაივლის ზღვარი თავისუფალ და ნაკლებად თავისუფალ ეკონომიკებს შორის, თუმცა თანამედროვე პოლიტიკოსთა ყველა განცხადება იმას მეტყველებს, რომ მრავალი ლიდერი ქვეყნის მთავრობა კიდევ უფრო აქტიურ როლს შეასრულებს ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მსოფლიოში აღიარებულ ეკონომისტთა უმრავლესობა მოცემულ მიდგომას არ ეთანხმება. ეკონომისტთა ვარაუდით, კრიზისის დაძლევის კეინსიანურმა მეთოდმა შესაძლოა კრახი განიცადოს, რადგან სულ სხვა რეალობაში უხდება ამ თეორიას პრაქტიკაში განხორციელება. სახელმწიფოს როლი თანამედროვე მსოფლიოში რამდენადმე შეცვლილია და მისი ეკონომიკაში ჩარევის მექანიზმებიც შედარებით განსხვავებული ეფექტების მატარებელია.
ახალი მსოფლიო ეკონომიკურ წესრიგზე ლაპარაკისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წესრიგზე ლაპარაკი ნაადრევია, ვიდრე არ გაჩნდება საერთო წესები, რომელსაც გაიზიარებს საერთაშორისო ურთიერთობების ყველა სუბიექტი, იქნება ეს სახელმწიფო, თუ გლობალური ორგანიზაცია. მიმდინარე მოვლენები იმის პროგნოზირების საფუძველს გვაძლევს, რომ ეკონომიკურად ერთპოლარული მსოფლიო წესრიგი აუცილებელ კორექციას განიცდის, რომლის მთავარი მამოძრავებელი ძალა დიდი ალბათობით აღარ იქნება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა.

ვახტანგ ჩალაფეიქრიშვილი, ეკონომიკის ექსპერტი
"ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი"