2009 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 1595,0 მლნ. აშშ. დოლარს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 34,9%-ით ნაკლებია, აქედან ექსპორტი 311,3 მლნ. აშშ დოლარია (34,9%-ით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1283,7 მლნ. აშშ დოლარი (35,3%-ით ნაკლები). შესაბამისად, საქართველოს უარყოფითი საგარეო სავაჭრო ბალანსმა 972,4 მლნ. დოლარი შეადგინა.
ბოლო 4 თვის განმავლობაში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის ქვეყნებთან 439,7 მლნ. აშშ დოლარს უდრიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 34,9%-ით ნაკლებია, ამ ქვეყნების წილად მოდის საქართველოს საგარეო ვაჭრობის 27,6%.
დსთ-ს ქვეყნებთან ეს მაჩვენებელი 489,4 მლნ. აშშ დოლარამდე იზრდება, თუმცა ეს ციფრი 2008 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებთან შედარებით, მაინც შემცირებულია და 40,1%-ით იკლებს. ამ ქვეყნების წილად მოდის საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის 30,7%.
2009 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილი საქართველოს სავაჭრო ბრუნვაში 68,0 პროცენტი გახლდათ, უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის შედის დსთ-ს 4 ქვეყანა.
ამ პერიოდის მონაცემების მიხედვით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი თურქეთია, თურქეთთან სავაჭრო ბრუნვა 310,3 მლნ აშშ. დოლარს შეადგენს, თურქეთში ექსპორტი 92,8 მლნ. აშშ დოლარს უდრის, შემცირებულია შავი ლითონების ჯართის, ალუმინის ჯართის და აზოტოვანი სასუქების ექსპორტი, თუმცა გაზრდილია ისეთი სასაქონლე ჯგუფების გატანა როგორებიცაა ფეროშენადნობები, ზეთოვანი კულტურების თესლების ფქვილი და კოპტონი. შემცირება ფიქსირდება თურქეთიდან იმპორტშიც, შემცირებულია ნავთობის და ნავთობპროდუქტების, ასევე შავი ლითონების შემოტანა. საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა სამეულში შედიან აზერბაიჯანი და უკრაინა.
საექსპორტო ათეულში პირველ ადგილზე დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული ოქროა, მისი ექსპორტი 32,8, მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ფეროშენადნობების ექსპორტი 28,0 მლნ.აშშ დოლარს უდრის. მესამე ადგილზეა აზოტოვანი სასუქები, მისი ექსპორტი შემცირებულია 18 მლნ. აშშ დოლარით 23,5 მლნ-ს უდრის.
2009 წლის იანვარ-აპრილში უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი ნავთობი და ნავთობპროდუქტებია, რომლის წილი იმპორტში 9,5 პროცენტია და 122,4 მლნ. დოლარს უდრის, მეორე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილების იმპორტი იგი 100,7 მლნ-ს უდრის, მისი პროცენტული წილი კი 7,8-ს უდრის. შემცირებულია ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყლების იმპორტი და 75,1 მლნ.აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 13,2 მლნ დოლარით ნაკლებია.
მარი ჟღენტი