ნანახია: 1112
არის თუ არა ამერიკული ბანკების სუბსიდირება ლიბერალიზმის მარცხი?!
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ გლობალური ფინანსური კირიზისის შედეგების შესამსუბუქებლად ადგილობრივ ბანკებს 700 მილიარდი დოლარი გამოუყო. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ეს ფული ამერიკის ბანკების ვალდებულებების, არალიკვიდური ქაღალდების შეძენას უნდა მოხმარდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამერიკის მთავრობა, ერთის მხრივ, ბანკებს იცავს გაკოტრებისაგან, ხოლო მეორეს მხრივ კი იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ამ ბანკებში ანაბრები აქვთ. თითქოს ყველაფერი კარგადაა, ამერიკული საბანკო სისტემაც გადარჩება, ამერიკელებიც უდარდელად არიან და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიც დასრულდება. მაგრამ ექსპერტები შეაშფოთა ამ დახმარების ფორმამ, აუცილებლად უნდა გაესვას ხაზი იმას, რომ ბანკების ვალდებულებების თავის თავზე აღების სანაცვლოდ, ამერიკის მთავრობა პირდაპირ გახდა კერძო ბანკების მეწილე, ანუ სახელმწიფო ჩაერია კერძო ბიზნესში. "ეს გეგმა გულისხმობს, იმას რომ სახელმწიფო გამოყოფს თანხებს და ახდენს სისტემაწარმომქმნელი ბანკების რეკაპიტალიზაციას წილებში შესვლის გზით. ამ შემთხვევაში, სახელმწიფო კერძო ბანკების მოწილე ხდება. კერძო ბანკებისთვის უზარმაზარი საფრთხეა, რომ ხელისუფლება თავისუფალი ეკონომიკური აგენტების მოწილე ხდება და იმ ეკონომიკური რესურსების უშუალო განმკარგავი, რომლებიც თავისუფალი ეკონომიკური აგენტების ხელში იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ უოლსტრიტის ანუ ფინანსური ხელისუფლების ძალაუფლება, ვაშინგტონის ანუ პოლიტიკური ხელისუფლების ხელში გადადის. თუმცა, ფაქტია, ამის აუცილებლობა დადგა, რომ არა ეს მეთოდი მაშინ ათეულობით მილიონი ადამიანი უნდა გაკოტრებულიყო, რაც მძიმე ეკონომიკურ შედეგებს მოიტანდა. ფაქტია, რომ ის სამყარო, რომელიც დღემდე არსებობდა, ვეღარ იარსებებს. მსოფლიო ფინანსურ არქიტექტურასა და ეკონომიკურ მოწყობაში ფუნდამენტური ხასიათის ცვლილებები ხდება," - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორგხელიძე. მართლაც, ამერიკის შეერთებულ შტატებში _ ლიბერალიზმის აკვანში, რომელიც ეკონომიკაში თავისუფალი ბაზრის პრინციპებს უპირობოდ აღიარებს, მთავრობის ასეთი მოქმედება, უთუოდ მნიშვნელოვანი საკითხია. კრიზისიდან გამოსვლის არსებული გეგმა ძალიან ჰგავს საბჭოთა კავშირის ეკონომიკურ მოდელს. შეიძლება თუ არა, რომ ეს ლიბერალიზმის მარცხად მივიჩნიოთ?! ამ კითხვას პასუხს, ალბათ, მოვლენების შემდგომი განვითარება გასცემს, თუმცა ამ კითხვის დასმის უფლება ნამდვილად გვაქვს. ამერიკის მთავრობის ამ ნაბიჯს შედარებით ნაკლებ დატვირთვას სძენს საბანკო-საფინანსო სფეროს ექსპერტი, ნოდარ ჯავახიშვილი, - "ამ შემთხვევაში მხოლოდ სახელმწიფოს წილის გაზრდა მოხდება, მაგრამ როგორც კი სიტუაცია სტაბილური გახდება, სახელმწიფო თავის წილებს გაყიდის. ნიშანდობლივია, რომ ამერიკელები კი არ ეხმარებიან ბანკებს, არამედ ყიდულობენ აქტივებს და შედიან მათ წილებში. მე არ მჯერა, რომ ამერიკის ხელისუფლებას საბანკო სექტორში გაბატონება და ამ სფეროს კონტროლი სურს". ერთი სიტყვით, ქართველ ექსპერტებს, ამერიკის მთავრობის მოქმედებასთან დაკავშირებით, განსხვავებული აზრი აქვთ. თუმცა, აქ კიდევ ერთი საკითხის წამოწევა შეიძლება. რატომ დადგა ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა ამ დილემის წინაშე. ნობელის 2009 წლის ლაურეატის, ეკონომიკის დარგში, პოლ კრუგმანის აზრით, მსოფლიო ფინანსური კრიზისის გაღრმავების მიზეზი, პროცესებზე მთავრობების სუსტი რეაგირება გახდა. მსგავსი პოზიცია აქვთ ეკონომიკის ქართველ ექსპერტებსაც. ნოდარ ჯავახიშვილის აზრით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ცენტრალური სარეზერვო სისტემა ინსტიტუციურად იმდენად ძლიერია, რომ მასზე პოლიტიკური ზეწოლა გამორიცხულია. "ალბათ, იყო რაღაც სუბიექტური დაინტერესებები, რის გამოც ფინანსური კრიზისი გარდაუვალი გახდა", - აცხადებს ჯავახიშვილი. დემურ გიორგხელიძე კი პირდაპირ მიუთითებს, რომ "ზოგიერთების სიხარბემ ამ ბუმბერაზი ქვეყნის ეკონომიკის განვითარება ძლიერ შეარყია და ფინანსურ კრიზისამდე მიიყვანა". გარდა ამისა ანალიტიკოსები ბევრს საუბრობენ ბუშის საგარეო პოლიტიკის შედეგებზე. პირდაპირმა სამხედრო ინტერვენციებმა ავღანეთსა და ერაყში, უკიდურესად გამწვავებულმა ურთიერთობებმა ვენესუელასა და ირანთან, მსოფლიო პოლიტიკური კლიმატის გარდა, გლობალური ეკონომიკური რყევებიც გამოიწვია. ერთი სიტყვით, ამერიკაში დაწყებული გლობალური საფინანსო კრიზისის სათავეები ისევ ამერიკაში განვითარებული მოვლენების გამოძახილია. ყველაფერი ეს საფუძველს იძლევა, დაისვას საკაცობრიო მნიშვნელობის კითხვა - კრიზისის გამომწვევი მიზეზები და შეერთებული შტატების მიერ ამ კრიზისის გადაჭრის შემოთავაზებული გეგმა, შეიძლება თუ არა შეფასდეს, როგორც ლიბერალიზმის მარცხი?
ლევან მარტაძე
|