მანილა, ფილიპინები - რუსი მეცნიერის აზრით, ამ შემოდგომაზე ჩვენ შეერთებული შტატების დეზინტეგრაციის პროცესის დასაწყისს ვიხილავთ
ფილიპინების დილიმანის უნივერსიტეტში სამშაბათს გამოსვლისას იგორ პანარინმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში ფინანსური კრიზისის გაღრმავების კვალდაკვალ, მსოფლიოს უდიდესი სუპერ-სახელმწიფო წლის ბოლოსთვის 6 ტერიტორიად დაიშლება.
პანარინი, კგბ-ს ყოფილი ანალიტიკოსი, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ აკადემიას ხელმძღვანელობს, შეერთებულ შტატებში მიმდინარე კრიზისს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის ბოლო დღეებს ადარებს და აცხადებს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა ვერ შეაჩერებს ვერც ეკონომიკურ დაცემას და ვერც ქვეყნის საბოლოო "დეზინტეგრაციას".
"მე შეერთებული შტატების ისტორიას ვასწავლიდი და იმ დასკვნამდე მივედი, რომ მას მომავალი არა აქვს… უოლ სტრიტის დაცემა ამერიკული ოცნების დასასრულს უტოლდება", - განაცხადა პანარინმა ლექციაზე.
"ობამა ვერაფერს გააწყობს. ის (სსრკ-ს ბოლო ლიდერი) გორბაჩოვივით მშვენიერ სიტყვებს წარმოსთქვამს, მაგრამ საქმის კეთება სულ სხვა საქმეა. ობამა გორბაჩოვის ამერიკული ვერსიაა", - ამბობს პანარინი.
გორბაჩოვმა საბჭოთა კომუნისტური სისტემის გადასარჩენად რეფორმების ჩატარება სცადა, მაგრამ მარცხი განიცადა. საბოლოოდ მან სსრკ-ს შედარებით მშვიდობიან დაშლას უხელმძღვანელა.
6 "რესპუბლიკა"
[/b]
პანარინმა, რომელმაც უკვე 1998 წელს იწინასწარმეტყველა, რომ შეერთებული შტატები საბოლოოდ დაიშლება, განაცხადა, რომ დეზინტეგრაცია ამ შემოდგომაზე დაიწყება, ცხრა თვეს გასტანს და შედეგად, საბოლოოდ, 6 სეპარატისტული "რესპუბლიკა" წარმოიქმნება.
მან განაცხადა, რომ ამ ექვს რესპუბლიკას შორის იქნებიან "კალიფორნიის რესპუბლიკა" (რომელშიც შევლენ კალიფორნიის, ვაშინგტონის, ორეგონის, ნევადის, არიზონას, იუტას და აიდაჰოს შტატები). ამ რესპუბლიკას შემოიერთებს ან თავისი გავლენის ქვეშ მოაქცევს ჩინეთი. მეორე ასეთი რესპუბლიკა "ტეხასის" იქნება (მის შემადგენლობაში შევლენ: ტეხასი, ნიუ-მექსიკო, ოკლაჰომა, ლუიზიანა, არკანზასი, მისისიპი, ალაბამა და ჯორჯია), რომელიც ან მექსიკის ნაწილი გახდება ან მისი გავლენის ქვეშ მოექცევა.
პანარინმა სთქვა, რომ კანადა თავისი გავლენის ქვეშ მოაქცევს "ჩრდილო-ცენტრალურ ამერიკულ რესპუბლიკას (მიდვესტს პლუს მონტანა, ვაიომინგი და კოლორადო)," "ატლანტიკური ამერიკა" (ჩრდილო-აღმოსავლური ამერიკული ზღვისპირეთი, პლუს კენტუკი და ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინა) ევროპის კავშირისა და დიდი ბრიტანეთის ნაწილი გახდება.
მისი თქმით, ალიასკა რუსეთს დაუბრუნდება, ხოლო ჩინეთი და იაპონია ჰავაის დაეპატრონებიან.
ვალების პირამიდა
პანარინი, რომელიც პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორია, ამბობს, რომ ამერიკის კოლაპსს ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორები გამოიწვევს, კონკრეტულად კი დოლარის დაცემა და ქვეყნის საგარეო ვალები.
"მათ შეერთებულ შტატებში დოლარზე დაფუძნებული (საგარეო ვალების) პირამიდა შექმნეს და კრიზისიდან გამოსავლის სხვა გზა არ დაიტოვეს", - სთქვა მან და დაამატა:
"1980-წლებში აშშ-ს თითქმის არ გააჩნდა საგარეო ვალები, მაგრამ 1998 წლისთვის ვალებმა $2 ტრილიონს მიაღწია, ასე რომ, თითქმის ათწლეულის განმავლობაში ვალი ექვსჯერ გაიზარდა".
"ეს მე ჩემი ქვეყნის მდგომარეობას მახსენებს, სსრკ-ს დაშლას, რაც იმიტომ მოხდა, რომ მისი საგარეო ვალი ხუთჯერ გაიზარდა."
პანარინმა სთქვა, რომ -"დოლარის კურსი ამ შემოდგომისთვის თავისუფალ ვარდნაში გადავა და მას საგარეო ვაჭრობაში რეგიონალური ვალუტა შეცვლის."
"ეს გამოიწვევს ამერიკის დაშლას" - განაცხადა მან.
"მე მიმაჩნია, რომ ნოემბრისთვის შეერთებული შტატების დეზინტეგრაცია მომწიფდება, ეკონომიკურ რუკაზე ცვლილებები მოხდება, შეიცვლება მისი კონსტიტუცია და 6 ახალი ტერიტორია დაფუძნდება.
კოლაპსის სხვა ნიშნები
პანარინმა შენიშნა, რომ აშშ-ს იმ ბანკების რაოდენობა, რომლებიც გაკოტრდნენ 2007 წელს სულ სამი იყო, ხოლო 2008 წელს 25-მდე გაიზარდა.
"2009 წლის დასაწყისში აშშ-ს 12 ბანკი ჩაიძირა, ასე რომ, უკვე შიძლება იმის დანახვა, თუ საით მიდიან აშშ-ს ბანკები", - განაცხადა მან.
მან დამატებით აღნიშნა, რომ ამერიკის კოლაპსის სხვა ნიშნებს უნდა მივაკუთვნოთ მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირება, ბიუჯეტის მზარდი დეფიციტი, რომელიც $1 ტრილიონზე მეტს შეადგენს და "ბოლო 60 წლის განმავლობაში" უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი".
პარანინმა ისიც სთქვა, რომ თავისი საკანონმდებლო ორგანოების მეშვეობით აშშ-ს რვა შტატს ფედერალურ ხელისუფლებასთან მიმართებაში საკუთარი სუვერენიტეტი აქვს გამოცხადებული და შვიდმა ეს ამ წლის თებერვალში გააკეთა. პანარინმა განაცხადა ასევე, რომ აბორიგენი ამერიკელების ჯგუფებმა საკუთარი "დამოუკიდებლობის" შესახებ განცხადება უკვე გააკეთეს.
მან განაცხადა, რომ სოცილოგები და პოლიტოლოგები უნდა მოემზადონ არა მხოლოდ შეერთებული შტატების იმპლოზიისთვის, არამედ ახალი ეკონომიკური წესრიგისთვის, რომელიც მისი დაშლის შემდეგ დადგება.
"აშშ-ს დაცემა მთელს მსოფლიოში ბევრ პრობლემას შექმნის. იქნება ქაოსი და კონფლიქტები. ჩვენ მზად უნდა გვქონდეს პასუხი იმაზე, თუ რა უნდა მოვიმოქმედოთ აშშ-ს დაშლის შემთხვევაში", - სთქვა პანარინმა.
პროპაგანდა
მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ პანარინის განცხადებები დამაფიქრებელი და დროული ჩანდა, მან აუდიტორიის ბოლომდე დარწმუნება ვერ მოახერხა.
სოციოლოგიის პროფესორი და ფილიპინებზე გამომავალი გაზეთის, Dაილყ Iნქუირერ-ის ერთ-ერთი ავტორი, რენდი დევიდი, რომელმაც თავისი შეხედულებები პანარინის გამოსვლის შემდეგ გამოთქვა უკანასკნელის გამოსვლის "თეორიული მართებულობა" ეჭვქვეშ დააყენა.
სხვებმა განაცხადეს, რომ პანარინის შეხედულებები შესაძლოა შეერთებული შტატების, რუსეთის მუდმივი მეტოქის, წინააღმდეგ მიმართული რუსული დიპლომატიური პროპაგანდის ნაწილი იყოს.
"პანარინი არც ფენგ შუის ექსპერტია და არც ასტროლოგი, ის მეცნიერია, ამიტომ ჩვენ ველოდით ანალიზს, რომელიც დაეფუძნებოდა ორგანიზებულ თეორიას, ან დაკვირვებას ემპირიულ ფაქტებზე, არა მხოლოდ აშშ-სთან დაკავშირებით, არამედ მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე", -სთქვა დევიდმა.
"მართალია, აქ ფილიპინებზე აშშ-ზე განაწყენება გროვდება და ბევრი ჩვენგანი აქ, ფილიპინების უნივერსიტეტში ვიმედოვნებთ, რომ ამერიკა ბოლოს და ბოლოს დაეცემა, ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი სურვილებისა და მეცნიერული პერსპექტივის კორექტული ანალიზის ერთმანეთისგან განსხვავება" და გაიხსენა, რომ უნივერსიტეტს წარსულში რადიკალურად განწყობილი სტუდენტების ბუდედ მიიჩნევდნენ.
რუბლისგან განსხვავებით
მიუხედავად იმისა, რომ დევიდის აზრით, ერთის შეხედვით უძლეველი სუპერსახელმწიფოები შეიძლება დაიშალოს, როგორც ეს სსრკ-ს მაგალითმა დაამტკიცა, მას მაინც გაუჩნდა კითხვები პანარინის განცხადებებზე აშშ-ს დოლარის სიმტკიცესთან დაკავშირებით.
"ამერიკული დოლარი სულაც არ ჰგავს საბჭოთა რუბლს. საბჭოთა რუბლი არასდროს ყოფილა გლობალური ვალუტა. ამერიკული დოლარი კი, მოგვწონს ეს თუ არა, გლობალურ ვალუტად იქცა", - ამბობს დევიდი.
"ჩინეთის და იაპონიის უცხოური მარაგები მთლიანად დოლარში ინახება. ამიტომ ასეთ ქვეყნებს სხვა გზა არ რჩებათ გარდა იმისა, რომ დაეხმარონ ქვეყანას, რომელიც ფინანსური კრიზისის მთავარ მიზეზად იქცა", - სთქვა მან.
დევიდს პანარინის იმ განცხადებების მიმართაც გაუჩნდა კითხვები, რომელთა თანახმად ექვს სავარაუდო რესპუბლიკას სხვა ქვეყნები შთანთქავენ, ან თავისი გავლენის სფეროში მოაქცევენ.
"თუნდაც იმის წარმოდგენა შევძლო, რომ კალიფორნია დამოუკიდებლობას გამოაცხადებს, რატომ უნდა დაუშვას მან ჩინეთის მიერ მისი შემოერთება? რატომ უნდა მივიდნენ კალიფორნიელები იმ დასკვნამდე, რომ მათ პრობლემებს ჩინეთი გადაწყვეტს?" - კითხულობს დევიდი.
"ამ ქვეყნებს თავისი კრიზისი აქვთ. ვერც იაპონია გაექცა ფინანსურ კრიზისს და ვერავინ დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ მექსიკის ეკონომიკური სიტუაცია აშშ-ზე უკეთესია", - აღნიშნა დევიდმა.
"ასევე რთული წარმოსადგენია, რომ აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროს გაერთიანებული სამეფო მიიერთებს მაშინ, როდესაც ბანკების მდგომარეობა ინგლისში უფრო მძიმეა, ვიდრე ამერიკაში", - განაცხადა დევიდმა.
მოამზადა ადა ექიზაშვილმა