ნანახია: 763
ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე რთული ეკონომიკური ზრდის დაცემასთან საბრძოლველად ამერიკის სარეზერვო ბანკი ახალ გზებს ეძებს. როგორც ამერიკის სარეზერვო ბანკში, კომიტეტის სხდომის შემდეგ განაცხადეს, უახლოეს თვეებში ის 300 მლრდ. დოლარის ღირებულების სახელმწიფო ობლიგაციებს გამოისყიდის, ხოლო უკვე მოქმედი იპოთეკური ობლიგაციების შემსყიდველი პროგრამები უნდა გაფართოვდეს. ამ გზით, ბანკის ბალანსი კიდევ ერთი მლრდ. დოლარით გაიზრდება. ყველა ამ პროექტის დაფინანსებით, აშშ-ს დასუსტებულ ეკონომიკაში დამატებით რამდენიმე მილიარდი დოლარი შევა. დოლარმა სერიოზული დარტყმა განიცადა: ევრო ამერიკის ეროვნული ვალუტის მიმართ საგრძნობლად, 3.29%-ით, გამყარდა და 1.3462 დოლარი შეადგინა. ექსპერტებმა არსებული სიტუაცია შეაფასეს და მას "დრამატული" უწოდეს. სარეზერვო ბანკის ხელმძღვანელის, ბენ ბარნანკეს განცხადებით, ბოლო სხდომის შემდეგ ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესებულია. ბატონმა ბარნანკემ განაცხადა, რომ სარეზერვო ბაკი არსებული სიტუაციის გასაუმჯობესებლად ყველა მის ხელთ არსებულ რესურსს გამოიყენებს. მომდევნო ნაბიჯმა, რომელიც ამერიკის სარეზერვო ფონდმა გადადგა, ბაზარზე ობლიგაციების კურსის საგრძნობი ზრდა გამოიწვია. სხვათაშორის, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სარეზერვო ფონდმა შესაძლოა სახელმწიფო ობლიგაციების გამოსყიდვა დაიწყოს, ბენ ბერნანკმა ჯერ კიდევ დეკემბერში განაცხადა. ამის მიზანია ის, რომ როგორც ბანკებს, ასევე სახელმწიფოს დამატებითი მილიარდები გაუჩნდეს. წინა კვირას სარეზერვო ბანკმა დაიწყო იმ პროგრამის განხორციელება, რომლის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის, სტუდენტებისა და ავტომოყვარულთა საკრედიტო პირობების გაუმჯობესება. ანალიტიკოსებისთვის სარეზერვო ბანკის გადაწყვეტილებები სულაც არ აღმოცენდა მოულოდნელი. როგორც კომპანიაLoomis Sayles-ის წარმომადგენელმა დენ ფუსმა ბოსტონში განაცხადა, მოსალოდნელი იყო, რომ ამერიკის სარეზერვო ფონდი სახელმწიფო ობლიგაციების გამოსყიდვას დაიწყებდა: "საკმაოდ დიდი ხანია, რაც მათ გადაწყვეტილი აქვთ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოსყიდვა და ისინი ამას მაშინ გააკეთებდნენ, როდესაც შემოსავალი ზრდას დაიწყებდა. ახლა ეს მომენტი დადგა." ევროპის ცენტრალური ბანკში მიმდინარეობს დისკუსია Commercial Papers მოკლევადიანი ფასიანი ქაღალდების მიზანმიმართულად შესყიდვის თაობაზე. სხვა ცენტრალური ბანკებისგან განსხვავებით, ევროპის ცენტრალური ბანკი ჯერ არ დგას ისეთი პრობლემების წინაშე, რათა მთავარი საპროცენტო განაკვეთი შეამციროს, რომელიც მარტის დასაწყისიდან 1.5% შეადგენს. განსხვავებით ამერიკის სარეზერვო ბანკისგან, ევროპის ცენტრალური ბანკი ვალდებულია უზრუნველყოს არა მხოლოდ ეკონომიკის ზრდის შესაბამისი პოლიტიკის გატარება, ასევე ფულის მსყიდველუნარიანობის შენარჩუნება. ის ცდილობს თავი შეიკავოს ისეთი ნაბიჯების გადადგმისაგან, რომლებიც გამოიწვევს ინფლაციის ზრდას, რასაც ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემა ნაკლებყურადღებას უთმობს. როგორც Royal Bank of Scotland-ის ანალიტიკოსები აცხადებენ, ამერიკის სარეზერვო ბანკის გადაწყვეტილებების შემდეგ ევროპის ცენტრალურ ბანკზე ზეწოლა გაიზრდება.
|