
გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, ევროპას სულ მცირე 10 წელი დასჭირდება ფინანსური სისტემის გაჯანსაღებისა და დავალიანების კრიზისიდან გამოსვლისთვის.კომენტარებში, რომლებიც მერკელის პირად საიტზე გაჩნდა, ნათქვამია, რომ რომ კრიზისიდან გამოსვლისთვის აუცილებელია, ევროზონის ყველა ქვეყანამ საკანონმდებლო დონეზე შეზღუდოს სახელმწიფო დავალიანების დონე.
შეგახსენებთ: 3 ნოემბერს საფრანგეთის ქალაქ კანში G-20–ის სამიტი გაიხსნა, რომელზეც მსოფლიოს 20 წამყვანი ეკონომიკის ლიდერებმა საბერძნეთის, ევროზონისა და მთელი მსოფლიო ეკონომიკის მომავალი განიხილეს.ფორუმზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საერთაშორისო სავალუტო ფონდის კაპიტალის გაზრდის შესახებ. გარდა ამისა, ფონდს დაევალა, თვალი ადევნოს იტალიის მიერ ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების პროგრამის განხორციელებას.
თუმცა, დამკვირვებელთა დასკვნით, სამიტი კონკრეტული შედეგების გარეშე დასრულდა, რადგან ევროპამ ვერ შეძლო განვითარებადი ქვეყნების ფინანსური მხარდაჭერის მოპოვება.
ამ ფონზე ცნობილი ხდება, რომ საბერძნეთის ოპოზიცია პრემიერ-მინისტრ გეორგიოს პაპანდრეუს გადადგომას და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვს.წამყვანი ოპოზიციური პარტიის ლიდერის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ვადამდელი არჩევნები უახლოეს პერიოდში დაინიშნება, იგი თანახმაა, ხისტ ეკონომიკურ ღონისძიებათა პაკეტს მხარი დაუჭიროს.პრემიერი პაპანდრეუ კი ვადამდელ არჩევნებს არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ კოალიციური მთავრობის შექმნისთვის მოლაპარაკებები მალე უნდა დაიწყოს.
შეგახსენებთ: საბიუჯეტო სახსრების შეკვეცა ევროპელმა ლიდერებმა პაპანდრეუს კანში გამართულ სამიტზეც მოთხოვეს.გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის თქმით, "საბერძნეთი ერთ ცენტსაც ვეღარ მიიღებს, თუ ხისტ ეკონომიკურ პაკეტს მხარს არ დაუჭერს".