
ევროზონის საკრედიტო კრიზისმა, პოლიტიკოსებისა და ფინანსისტების ძალისხმევის მიუხედავად, ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ უკვე რეგიონის მთელ ფინანსურ სისტემას ემუქრება. ამის შესახებ ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ჟან-კლოდ ტრიშემ ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
მისი სიტყვებით, კრიზისმა სისტემურ მასშტაბებს მიაღწია და ბაზრებზე სახელმწიფო ვალდებულებების ზეწოლა მცირე ქვეყნებიდან უფრო მსხვილ სახელმწიფოებზე გადავიდა. გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ განაცხადეს, რომ თვის ბოლომდე დამთავრდება იმ ზომებზე მუშაობა, რომელთა საშუალებითაც საკრედიტო კრიზისი უნდა გადაილახოს. ამ ნაბიჯებს შორისაა ევროპული ბანკების რეკაპიტალიზაცია.
ტრიშეს თქმით, დრო - ეს ყოველთვის გადამწყვეტი ფაქტორია, როცა საქმე კრიზისთან ბრძოლას ეხება. ჯერჯერობით ქვეყნებს შორის არ არსებობს სრული თანხმობა ბანკების მხარდაჭერის, საბერძნეთის დახმარებისა და სხვა ზომების შესახებ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროკავშირისა და ევროპის ცენტრალური ბანკის მისიებს ათენში მუშაობა ჯერაც არ დაუსრულებიათ. მათ საბერძნეთისთვის მომავალი ტრანშის გამოყოფის საკითხზე საბოლოო ვერდიქტი უნდა გამოიტანონ. ამ სახსრების გარეშე ქვეყანა იძულებული გახდება დეფოლტი უკვე ნოემბერში გამოაცხადოს.