
მომავალი კვირიდან, ევროპის ცენტრალურ ბანკს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება. ჟან პოლ ტრიშეს, რომელიც ევროპის ცენტრალურ ბანკს 2003 წლიდან ხელმძღვანელობდა, იტალელი მარიო დრაგი შეცვლის.
მარიო დრაგი ამ დრომდე იტალიის ცენტრალურ ბანკს ხელმძღვანელობდა.
Reuters-ის ინფორმაციით, ევრობანკის ხელმძღვანელის რანგში ტრიშემ ხუთშაბათს ბოლო პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც ცნობილი გახდა, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი ნოემბრიდან, პირველად და მეორად ბაზრებზე გარანტირებული ობლიგაციების შესყიდვას განაახლებს. რაშიც მომდევნო 12 თვის მანძილზე 40 მლრდ ევროს დახარჯავს.
გარდა ამისა, პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ ოქტომბერსა და დეკემბერში ცენტრალური ბანკი დაიწყებს ბანკების 12-13 თვიან რეფინანსირების ოპერაციებს, ფიქსირებული განაკვეთით და სრული დაფარვით.
ევროპის ცენტრალურმა ბანკმა საბაზისო განაკვეთი 1,5%-ის ფარგლებში შეინარჩუნა. რაც ინფლაციის მაღალმა მაჩვენებელმა განაპირობა. ტრიშეს პროგნოზით, უახლოეს თვეებში ინფლაციის მაჩვენებელი 2%-ზე მაღალი იქნება, თუმცა შემდეგ ინფლაციის მაჩვენებელი შემცირებას დაიწყებს.