
ჩეხეთი ჯერჯერობით არ აპირებს ევროზონაში შესვლას. „ჩვენ დავთანხმდით, გავერთიანდეთ სავალუტო კავშირში და არა საკრედიტო ან სატრანსფერო ორგანიზაციაში,“ - განაცხადა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ნეკაშმა გაზეთ The Wall Street Journal-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ნეკაში მიიჩნევს, რომ ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის მთავარი პირობა დამოუკიდებელი, ანუ ნაციონალური ვალუტის შენარჩუნებაა.მეტიც: პრემიერმა მარტში მიღებული „ევროპლუსის“ პაკეტი გააკრიტიკა, რომელიც ევროზონის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაზრდას გულისხმობს. ჩეხეთმა აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
ჩეხეთის ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირის კრიტიკა პირველად არ ისმის. გასულ კვირაში, ავსტრიაში გამართულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ფორუმზე პრეზიდენტმა ვაცლავ კლაუსმა ევროპის ფინანსური კრიზისი ევროს დააბრალა და განაცხადა, რომ ჩეხეთის ევროზონაში შესვლის საკითხი არც კი დგას.
მისი აზრით, ევროპის ეკონომიკის გადარჩენის ერთადერთი გზა იმ ქვეყნების რაოდენობის შემცირებაა, სადაც ევრო მქმედებს. ამასთან, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ევროზონაში ეკონომიკური პოლიტიკა უნდა გამკაცრდეს. ჯერ კიდევ გასულ წელს ვაცლავ კლაუსი აცხადებდა, რომ ევროკავშირმა არ გაამართლა საკუთარი არსებობა, ევრომ კი კრახი განიცადა. 2004 წლის შემდეგ, როდესაც ჩეხეთი ევროკავშირის წევრი გახდა, ქვეყანა ვალდებულია ევროზე გადავიდეს, თუმცა ამ პროცესის მკვეთრი ვადები დადგენილი არ არის.