
საინვესტიციო კომპანია Hathawy–ის მმართველი უორენ ბაფეტი კონგრესმენებს მოუწოდებს, გაუზარდონ გადასახადები მდიდარ ამერიკელებს. მილიონერები და მილიარდერები ისედაც დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ განებივრებულნი პრივილეგიებით, - მიაჩნია ბაფეტს. მისი სახალხო მხარდაჭერა აძლიერებს აშშ-ს პრეზიდენტის, ბარაკ ობამას პოზიციებს, რომელიც გადასახადების გაზრდასთან დაკავშირებით, რესპუბლიკელებთან ბრძოლაშია ჩაბმული.
`კონგრესის მეგობრული დამოკიდებულებით უკვე საკმარისად ვისარგებლეთ მე და ჩემმა მეგობრებმა~, – აღნიშნა უორენ ბაფეტმა წერილში, რომელიც The New York Times-ში გამოქვეყნდა. წერილში ბაფეტი აღნიშნავს, რომ აშშ-ში საშიში უსამართლობა მძვინვარებს, მაშინ, როდესაც ძირითადი საგადასახადო ტვირთი საშუალო ფენას აწევს კისერზე, ისიც დაუსრულებელი ეკონომიკური კრიზისის პერიოდში, ამავე დროს, მდიდრები საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ. გასულ წელს, მილიარდერების მიერ ამერიკის ხაზინაში გადახდილ იქნა 6.94 მლნ. დოლარი, საშემოსავლო და სახელფასო გადასახადის სახით. `როგორც ჩანს, ეს დიდი ფულია. მაგრამ რაც მე გადავიხადე, ჩემი საგადასახადო ბაზის მხოლოდ 17.4%-ია, და ეს ჩვენს ოფისში ნებისმიერი 20 თანამშრომლისთვის გადახდილი ხელფასის ტოლია”,- აღნიშნა ცნობილმა ინვესტორმა. ბაფეტის კოლეგები გადასახადების სახით 33-დან 41%-მდე, საშუალოდ 36%-ს, იხდიან.
უორენ ბაფეტის გამოსვლა აშშ პრეზიდენტის ბარაკ ობამას აძლევს ხელს, რომელთანაც მილიარდერს კარგი ურთიერთობა აქვს. ის ფინანსურად ეხმარებოდა და მხარს უჭერდა დემოკრატების ადმინისტრაციას. ბარაკ ობამა გამოდის საგადასახადო შეღავათების გაუქმებისა და კორპორაციებისა და შეძლებული პირებისთვის საგადასახადო განაკვეთების გაზრდის წინადადებით. როგორც კი პრეზიდენტი ობამა და რესპუბლიკელები შეთანხმდნენ სახელმწიფო ვალის ლიმიტის გაზრდაზე, გამოიყოფა კომისია 12 კაცის შემადგენლობით (6 რესპუბლიკელებისგან და 6 დემოკრატებისგან), რომლებიც მოიძიებენ გზებს 1.5 ტრლ. დოლარის დასაზოგად.
ბაფეტი მოკლედ და მკაფიოდ აღწერს ძირითად გეგმას, - ზოგიერთი ჩვენგანი – საინვესტიციო მენეჯერი, რომლებიც თავიანთი ყოველდღიური შრომით გამოიმუშავებენ მილიონობით დოლარს, მაგრამ რომელთაც უფლება აქვთ ეს მოგება დააკვალიფიცირონ, როგორც საპროცენტო შემოსავლები, იღებენ ხელსაყრელ საგადასახადო განაკვეთს 15 %-ის ოდენობით~. სხვები კი, მისივე სიტყვებით, 10 მილიონ დოლარად ყიდულობენ ფიუჩერსებს და იღებენ 15%-დან 60%-მდე მოგებას, თითქოს ისინი გრძელვადიანი ინვესტორები იყვნენ. ამერიკის ბიუჯეტის 80% წინა წელს საშემოსავლო და სახელფასო გადასახადებმა შეადგინა. საშუალო კლასისთვის საშემოსავლო გადასახადი 15-25%-მდე მერყეობს, ამასთან, მათ უნდა გადაიხადონ შედარებით მაღალი გადასახადები ხელფასზე. შეძლებული ამერიკელები იგივე გადასახადზე იხდიან 15%-ს, ხოლო ხელფასებზე პრაქტიკულად თითქმის არაფერს არ იხდიან.
წარსულში მდიდრებისთვის გადასახადები გაცილებით მაღალი იყო. უორენ ბაფეტს მაგალითისთვის მოყავს შედარებით მაღალი შემოსავლის მქონდე 400 ამერიკელის საგადასახადი სტატისტიკა. 1992 წელს მათი მთლიანი დასაბეგრი ხელფასი 16.9 მლრდ დოლარს შეადგენდა, ხოლო საგადასახადო განაკვეთი იყო – 29,2 %. 2008 წელს ამ ამერიკელების მთლიანი შემოსავალი გაიზარდა 90.9 მლრდ. Dდოლარამდე, საგადასახადო განაკვეთი კი შემცირდა 21.5%-მდე. ეს მხოლოდ საშემოსავლო გადასახადს ეხება. ხოლო რაც შეეხება ხელფასის დარიცხულ გადასახადს, 400 მდიდარი ადამიანიდან 88-თვის ის წარმოადგენს ფენომენს, აცხადებს ბაფეტი. თუმცა, თითოეული მათგანი იხდიდა კაპიტალის ზრდასთან დაკავშირებულ გადასახადს, რომელიც უფრო დაბალი განაკვეთით გამოითვლება.
მდიდრებისთვის გადასახადის გაზრდის წინააღმდეგ გამოსულებს არგუმენტად მოყავთ ის, რომ ასეთი ქმედებები ხალხს ინვესტირების სურვილს დაუკარგავს და ეს ეკონომიკურ ზრდას შეაფერხებს. `მე ინვესტორებთან 60 წელია ვმუშაობ და ჯერ არ შემხვედრია ისეთი, მაშინაც კი, როდესაც გადასახადი კაპიტალის ზრდიდან მიღებულ შემოსავალზე 39.9%-ს შეადგენდა 1976-1977 წლებში, რომ ვინმეს უარი ეთქვა მნიშვნელოვან ინვესტიციაზე, რომელსაც პოტენციური სარგებელი მოჰყვებოდა. ადამიანები ახორცილებენ ინვესტიციას იმისთვის, რომ გამოიმუშავონ ფული და პოტენციური გადასახადები მათ არასდროს აშინებდათ~, – ამბობს მილიარდერი.
დასკვნითი გამოსვლისას ბაფეტმა მოუწოდა კომისიას, რომელიც დაკავებულია ამერიკის ბიუჯეტის ოპტიმიზაციასთან დაკავშირებული საკითხებით, მდიდრებს გაუზარდონ გადასახადები, - `მე კარგად ვიცნობ ბევრ სუპერმდიდარს და ისინი ღირსეული ადამიანები არიან. მათი უმეტესობა არ გაბრაზდებოდა, უფრო მეტის გადახდა რომ მოსთხოვონ~. ის გვთავაზობს, გადასახადის გადამხდელების 99.7%-სთვის გადასახადების ხელშეუხებლად დატოვებას. სამაგიეროდ, 236.9 ათასი საოჯახო მეურნეობისთვის 1 მილიონი დოლარის შემოსავლით, გადასახადების განაკვეთი უნდა გაიზარდოს. ასევე, ბაფეტი სთავაზობს კომისიას გაუზარდონ გადასახადები 8.3 ათას გადამხდელს, რომელთა შემოსავალი 10 მილიონ დოლარს აჭარბებს.