
იტალიური სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობა იმ დონეს გაუტოლდა, რომლის ზემოთაც ოფიციალურ რომს გადასახდელების გადახდა გაუძნელდება.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები მიმდინარე კვირაში შეხვედრას გამართავენ, რომელიც ევროზონის სავალო პრობლემებს შეეხება.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის გამართვის მიზეზი გახდა საშიშროება იმისა, რომ იტალია დგას სახელმწიფო ვალის მომსახურების პრობლემის წინაშე, როგორც ეს იყო საბერძნეთის, ირლანდიის და პორტუგალიის შემთხვევაში.
სწორედ აღნიშნული საშიშროების და რისკის გამო გასული კვირის პარასკევს იტალიურ სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე შემოსავლიანობა ევროს შემოღების შემდეგ ყველაზე მაღალ დონემდე გაიზარდა. სარგებლის განაკვეთმა 10 წლიან იტალიურ ობლიგაციებზე 2.45%-ით გადააჭარბა ანალოგიური გერმანული ფასიანი ქაღალდის სარგებლიანობას.
მიმდინარე განაკვეთი 5.28%-ს შეადგენს, რაც ანალიტიკოსების შეფასებით კრიტიკულ ზღვართან ახლოსაა და იტალიას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის ვალის მომსახურების კუთხით.
გასული კვირის პარასკევს უმსხვილესი იტალიური ბანკის Uნიცრედიტ შპა აქციების ფასი 7.9%-ით დაეცა, რის მიზეზადაც სწორედ ბანკის სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში ინვესტიციების დიდ მოცულობას ასახელებენ. იტალიის მთავარი საფონდო ინდექსი კი 3.5%-ით დაეცა.
ევროკავშირის ფინანსთა მინისტრების შეკრებაზე უნდა გადაწყდეს საბერძნეთისთვის გასაცემი მეორე კრედიტის პარამეტრები. დახმარების პირველი პაკეტი, 110 მილიარდი ევროს მოცულობით, საბერძნეთმა გასულ წელს მიიღო, თუმცა ქვეყნის წინაშე არსებული ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად ეს თანხა არ აღმოჩნდა საკმარისი და საბერძნეთი დეფოლტის წინაშე დადგა.