
გერმანიის ფინანსთა მინისტრი, ვოლფგან შოიბლე სამი სარეიტინგო სააგენტოს - Fitch Ratings–ის, Moodiy's–ისა და Standart & Poor’s–ის დომინანტურ მდგომარეობას აპროტესტებს.
ამის შესახებ ინფორმაციას AFP ავრცელებს. შოიბლეს წინადადება სარეიტინგო სააგენტოების გავლენის შეზღუდვაზე, Standart & Poor’s-ის მიერ საბერძნეთის, რომელიც სავალო კრიზისს ებრძვის, არაერთ გაფრთხილებას ეხმაურება. სააგენტო მიანიშნებს, რომ საბერძნეთის ნებისმიერი მცდელობა ვალის რესტრუქტურიზებასთან დაკავშირებით, ქვეყნის დეფოლტს გამოიწვევს.
თავის მხრივ, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტავროს ლამბრიდინისმა აღნიშნა, რომ სარეიტინგო სააგენტოების `უგუნურება~ ისედაც რთულ სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს. მანამდე საბერძნეთის მთავრობა აცხადებდა, რომ საბერძნეთის რეიტინგის არაერთი შემცირება, რის გამოც ქვეყანას სერიოზულად ურთულდებოდა საგარეო ვალების აღება, უსამართლო იყო და არ იწვევდა ქვეყნის მდგომარეობის სტაბილიზაციას.
ლამბრიდინისმა ასევე აღნიშნა, რომ Moody’s–ის მიერ 5 ივლისს პორტუგალიის რეიტინგის უმდაბლეს დონეზე (~ВB2”-დან “BBB”-მდე) დაწევა ქვეყნის ხელისუფლების ცუდ მუშაობას არ ნიშნავს და ეს სააგენტოს ანალიტიკოსების მოსაზრებაა იმის შესახებ, რომ პორტუგალიას ევროკავშირისგან დახმარების მეორე პაკეტი ესაჭიროება.
2010 წლის მარტში უცხოურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი აპირებს საკუთარი სარეიტინგო სააგენტოს შექმნას ევროზონის ქვეყნებისთვის. სავარაუდოდ, სააგენტო, რომელიც ევროკავშირის ეკონომიკის სპეციფიკას გაითვალისწინებს, Fitch–ის, Moody’s–ის და Standart & Poors–ის ალტერნატივა იქნება.