ნანახია: 395
ელექტრონიკის ევროპელ მწარმოებლებს არცთუ კარგი დრო დაუდგათ: ერთის მხრივ, მათთვის სულ უფრო რთულია აზიურ კომპანიებთან კონკურენცია და, მეორეც, მომხმარებელი ძალიან ნელა გადადის მათ მაღალტექნოლოგიურ პროდუქციაზე. ევროპული ბაზრის ერთ–ერთი ლიდერის, "ნოკიას" პრობლემები დიდი ხანია საზოგადოებისთვის ცნობილია. თავდაპირველად ფინურმა სატელეკომუნიკაციო გიგანტმა მეორე კვარტალში მოგების 31%–ით შემცირების შესახებ განაცხადა. ახლა კი ცნობილი ხდება, რომ სერიოზული პრობლემები აქვს ჰოლანდიურ Philips–საც. კომპანიაში აცხადებენ, რომ წარმოების ორ ძირითად მიმართულებაში – ფიჭური და საყოფაცხოვრებო ტექნიკის სეგმენტში გაყიდვები, სავარაუდოდ, დაგეგმილზე ნაკლები იქნება. ეს კი აშშ–სა და ევროპაში ამ პროდუქციაზე შემცირებული მოთხოვნითაა გამოწვეული. თუმცა პრობლემებია თავად კომპანიაშიც. 10 წლის წინ, Pჰილიპს–მა მიიღო გადაწყვეტილება, ძირითადი აქცენტი ელექტრობრიტვებზე, ფიჭურ და სამედიცინო მოწყობილობებზე გაეკეთებინა, რომლებიც, მენეჯმენტის აზრით, რეცესიისადმი უფრო მდგრადია. ახლახანს კომპანიამ ტელევიზორების წარმოებაზეც უარი თქვა, რადგან ეს მიმართულება წამგებიანი იყო – Philips–ის პროდუქციამ უფრო იაფფასიან აზიურ ანალოგებთან კონკურენციას ვერ გაუძლო. აპრილში კომპანიამ განაცხადა, რომ ეს ხაზი ჰონგ–კონგურ TPV Technology–სთან ერთად შექმნილ ერთობლივ საწარმოს გადაეცემა. კომპანიას აზიური კონკურენცია უქმნის პრობლემას განათების ტექნოლოგიების ბაზარზეც. შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, Philips–მა შეთანხმებას მიაღწია ესპანელი კონკურენტის Grupo Indal–ის შეძენის შესახებ, თუმცა კომპანიაში იმასაც აცხადებენ, რომ ხარჯების შემცირებისთვის აუცილებელია უფრო რადიკალური ზომების მიღება. ჩინური კომპანიები ავტოწარმოების სფეროშიც სერიოზული პრობლემაა ევროპელებისთვის. გაკოტრების პირას მისული ევროპული ავტოკონცერნები იძულებული ხდებიან ჩინური ინვესტიციები მოიზიდონ. მაისის შუა რიცხვებში Swedish Automobile მოლაპარაკებებს აწარმოებდა ჩინურ კომპანიებთან, კერძოდ, Pang Da-თან და Youngman-თან წილის მიყიდვის თაობაზე, რითიც შვედური კონცერნი 245 მილიონი ევროს მოზიდვას გეგმავდა. მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობის პროცესშია. ჩინელი პარტნიორები ჩაძირული ბრენდის გადასარჩენად მისი წარმოების ნაწილის ჩინეთში გადატანას მიიჩნევენ მიზანშეწონილად. თუმცა ამ გეგმას, ანალიტიკოსების შეფასებით, ჩინური ხელისუფლების მხრიდან თანხმობის მიღების დაბალი შანსი აქვს. ამ მოსაზრებას ის ფაქტი ამყარებს, რომ მაისის დასაწყისში ჩინურ ავტომწარმოებელს Hawtai Motor-ს არ მიეცა საშუალება Swedish Automobile-ის 29.9%-იანი წილი 120 მილიონ ევროდ შეეძინა.
|