"თუ საგარეო ვალის ზედა ზღვრის აწევა არ მოხდა,
აშშ დეფოლტის წინაშე დადგება" - ტიმოთი გეიტნერითუკი აშშ–ს კონგრესი არ გაზრდის სახელმწიფო ვალის "ჭერს," შესაძლოა, ეს ახალი ფინანსური კრიზისის მიზეზი გახდეს. ეს განცხადება შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გააკეთა.
ამერიკას მითითებებს სარეიტინგო სააგენტო Fitch ratings-ც აძლევს და ამერიკას საგარეო ვალის ზედა ზღვრის აწევისკენ მოუწოდებს.
"აშშ–ის კრედიტუნარიანობისადმი აბსოლუტური ნდობა არა მხოლოდ ჩვენი ცხოვრების წესის, არამედ მთელი მსოფლიო ფინანსური სისტემის საფუძველია. თუკი ჩვენ გადავდებთ ამ კანონის მიღებას, შესაძლოა ფინანსური კრიზისი გამეორდეს. ამგვარად, მომდევნო თვეში ბევრი სამუშაო გველის," – განაცხადა ობამამ.
მისი სიტყვებით, ის ელის, რომ რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელობა დეფოლტის თავიდან აცილებას ეცდება, "ჭერი" კი გონივრულ საზღვრებში იქნება განსაზღვრული.
შეგახსენებთ: მანამდე ფინანსთა მინისტრი ტიმოთი გაიტნერი აცხადებდა, რომ ქვეყნის დაკრედიტების ლიმიტის გაზრდის საკითხი ამა წლის 2 აგვისტომდე უნდა გადაწყდეს. მისი სიტყვებით, თუ ეს ზღვარი არ იქნება გაზრდილი, ამერიკის ხელისუფლება აღმოჩნდება ვითარების წინაშე, როდესაც ვერ შეასრულებს საკუთარ ვალდებულებებს. ამან კი, მინისტრის აზრით, შესაძლოა, ახალი ეკონომიკური კრიზისი და გრძელვადიანი დეპრესიაც კი გამოიწვიოს.
ივნისის დასაწყისში აშშ–ის წარმომადგენლობითმა პალატამ მხარი არ დაუჭირა ქვეყნის დაკრედიტების ლიმიტის 2,4 ტრილიონი დოლარით გაზრდას. ამჟამად ობამას ადმინისტრაცია სენატის წევრებთან ერთად ამზადებს შეთანხმების პროექტს სესხის ზღვარის კიდევ ტრილიონი დოლარით გაზრდის შესახებ. ამავე დროს, გათვალისწინებული იქნება რესპუბლიკელების მოთხოვნა საბიუჯეტო ხარჯების შემცირების თაობაზე.
2011 წლის იანვარში აშშ–ის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის სახელმწიფო ვალმა ისტორიულ მაქსიმუმს, 14 ტრილიონ დოლარს მიაღწია. ოფიციალური პროგნოზით, ვალი 2015 წელს 19,6 ტრილიონს მიაღწევს, რაც ქვეყნის მშპ–ის 102 პროცენტს შეადგენს.