
გასული წლის განმავლობაში გერმანიაში მაღაზიებიდან და ბაზრობებიდან უკვალოდ გაქრა 3.7 მილიარდი ევროს ღირებულების საქონელი, რაც მთელი დარგის ამონაგების 1%-ია. გერმანიის ქალაქ კიოლნში ვაჭრობის კვლევის ინსტიტუტის მიერ გაიმართა კვლევის პრეზენტაცია, რომლის მიხედვითაც გამქრალი საქონლის დიდი წილი ქურდებზე მოდის, დაახლოებით 20% კი - არაკეთილსინდისიერი სავაჭრო თანამშრომლების "დამსახურებაა".
გერმანიის სავაჭრო სფეროს წარმომადგენლები თანხებს არ იშურებენ, რათა ქურდობით მიღებული დანაკარგების მინიმიზება მოახდინონ. ყოველწლიურად ვიდეოკამერებში, სხვადასხვა დამცავ ეტიკეტებში და მაღაზიების დაცვის პერსონალში 1.2 მილიარდი ევრო იხარჯება. გარდა ამისა, სპეციალური ანალიტიკოსები სწავლობენ საქონელთა ჯგუფებს, რომლებიც ყველაზე ხშირად ხდებიან ქურდობის ობიექტი, შესაბამისად, მატი განთავსება ისეთ ადგილებზე ხდება, საიდანაც მათი მოპარვა უფრო რთულია და ეს ადგილები უფრო მკაცრად კონტროლდება.
ექსპერტების შეფასებით, ყველაზე კარგი მეთოდი ქურდობის შემთხვევების მინიმიზებისთვის პერსონალის სათანადო დონეზე მომზადებაა.
`სუპერმარკეტების და უნივერმაღების გამყიდველები უნდა ფლობდნენ და უნდა იცოდნენ ის მეთოდები და ხრიკები, რომლებითაც ქურდები სარგებლობენ. ეს დანაკარგებს მკვეთრად შეამცირებდა. თუმცა მაღაზიების მეპატრონეები ხშირ შემთხვევაში არ მიმართავენ პერსონალის რეგულარულ გადამზადებას~, - აცხადებს ვაჭრობის კვლევის ინსტიტუტის ექსპერტი.
ვაჭრობის კვლევის ინსტიტუტის ანგარიშში აგრეთვე აღნიშნულია, რომ ინვენტარიზაციით აღმოჩენილი დანაკლისის 51.6% ქურდების წილად მოდის, 22.4% - საკუთარი თანამშომლების წვლილია, 9.3% - მომწოდებლების და დამლაგებლების, 16.7% კი - ბუღალტრული ანგარიშებში იკარგება.
კვლევა გერმანიის 88 სავაჭრო ფირმის 15 ათასამდე ფილიალში ჩატარდა. ქურდობებით მიყენებული ზარალის მოცულობა, როგორც კვლევით დადგინდა, 1.9 მილიარდ ევროდ შეფასდა, ხოლო საკუთარი თანამშრომლების მიერ მიყენებულმა ზარალმა 800 მილიონი ევრო შეადგინა.
ყველაზე დიდი პოპულარობით ქურდებში სარგებლობს შედარებით მცირე ზომის და ძვირადღირებული ნივთები. მაგალითად, კოსმეტიკა, სიგარეტები და სხვა ნაწარმი, რომელთა დამალვა ადვილია. უნივერმაღებში ყველაზე ხშირად იპარავენ ჯინსებს და საცვლებს, ელექტრონიკის განყოფილებებში კომპიუტერულ თამაშებს და კომპაქტ-დესკებს.
პოლიციის სტატისტიკის მიხედვით, მაღაზიებში და სავაჭრო ობიექტებში ქურდობების რიცხვი წლიდან წლამდე მცირდება. 2010 წელს წინა წელთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი შემცირდა 1.9% და 387.66 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა. შეგახსენებთ, ეს მხოლოდ ოფიციალურად. დაუფიქსირებელი შემთხვევები გაცილებით მეტია.