
OPEC-ი 2011 წელს პირველი შეკრების გამართვას აპირებს. ორგანიზაცია აქამდე იგნორირებას უკეთებდა ნავთობზე მოთხოვნის ცვლილებას, თუმცა უკვე გადაწყვეტილია, რომ ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ნავთობის მოპოვების კვოტის გაზრდის საკითხის გადასაწყვეტად შეხვედრას გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
დღევანდელი მდგომარეობით, ნავთობის დღიური მოპოვების ლიმიტი 24.84 მილიონ ბარელს შეადგენს. OPEC-ის წევრი თითქმის ყველა ქვეყანა ეთანხმება მოსაზრებას, რომ მოპოვების გაზრდა აუცილებელია. ამას ის ფაქტიც მოწმობს, რომ OPEC-ი ყოველდღიურად 2 მილიონი ბარელით მეტი ნავთობის მოპოვებას ახორციელებს, ანუ აჭარბებს კვოტას. ღეუტერს-ის ინფორმაციით, აპრილში საშუალო მოპოვებამ 26.2 მილიონი ბარელი შეადგინა და კვოტის მინიმალური ზრდა სწორედ ამ ნიშნულამდე ივარაუდება.
ამ იდეის მთავარ ინიციატორებად OPEC-ის მთავარი იმპორტიორი სირია და საუდის არაბეთი გვევლინებიან. გავრცელებული ინფორმაციით ირანი, ერაყი და ვენესუელა ამ იდეას მხარს არ უჭერენ.
ბოლოს კვოტა OPEC-მა 2008 წლის დეკემბერში შეცვალა. ამის შემდეგ ორგანიზაციას თავისი მოპოვების პოლიტიკისთვის არ გადაუხედავს, იმ პირობებშიც კი, როცა ლიბიიდან, სამოქალაქო ომის გამო, ნავთობის ექსპორტი შეწყდა.
ამ პოლიტიკის შედეგი გახდა ის, რომ ყოველდღიურად ბაზარზე 1 მილიონი ბარელი ნავთობის დეფიციტი იქმნებოდა. თუ ეს დეფიციტი შენარჩუნდება, ნავთობზე ფასები არ შემცირდება და 2011 წლის საშუალო ფასი ბარელზე 110.7 დოლარი იქნება. ამ შემთხვევაში ე.წ. "ნავთობის დაწოლა" ეკონომიკაზე დიდი იქნება. ანუ მსოფლიო ნომინალურ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ნავთობის ნომინალური ღირებულება 5.4%-ს მიაღწევს, რაც 2008 წლის მაჩვენებელზე (5%) მეტია. ექსპერტების შეფასებით, ეს ფაქტი საფრთხეს შეუქმნის მსოფლიო ეკონომიკის აღდგენას.
Societe Generale-ს ანალიტიკოსების შეფასებით, შანსი იმისა, რომ ნავთობის მოპოვების კვოტის გაზრდა მოხდება, არის დაახლოებით 65%. მაგრამ საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთი შეთანხმების შედეგების მიუხედავად, მაინც აპირებს ნავთობის მოპოვების ზრდას. ქვეყანა მოპოვების მოცულობას დღეში 0.5 მილიონი ბარელით გეგმავს, რის შედეგადაც მისი მოპოვება 3 წლიან მაქსიმუმს მიაღწევს და დღეში 9.5-9.7 მილიონ ბარელს გაუტოლდება. ანალიტიკოსების აზრით კი, საუდის არაბეთის ფაქტობრივი მოპოვება ბაზარზე უფრო დიდ ზეგავლენას ახდენს, ვიდრე OPEC-ის ფორმალური ლიმიტები.
ნავთობის ფასის კოტირებაზე აღნიშნული ინფორმაცია, ბუნებრივია, გავლენას ახდენს. ეს სპეკულაციის კარგ საშუალებას იძლევა. WTI-ის თვიური ფიუჩერსები 0.67%-ით გაიაფდა და 98.35 დოლარს შეადგენს. Brent-ის ფიუჩერსები კი გაძვირდა 0.9%-ით და 115.52 დოლარს მიაღწია.