
ამერიკული მასობრივი ინფორმაციის წყაროების ინფორმაციით, საბერძნეთი მსოფლიო კრედიტორებისგან ფინანსური დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს. მისი მოცულობა 60 მილიარდი ევროთი განისაზღვრება. აღნიშნულ დახმარებას, როგორც აცხადებენ, ოფიციალური ათენი მომავალ თვეში მიიღებს.
განსაზღვრულია კრედიტის გაცემის მიზნობრიობაც, აღნიშნული თანხის ნაწილით, 27 მილიარდი ევროთი საბერძნეთი საბიუჯეტო სახსრების დეფიციტს დააფინანსებს, დარჩენილ 32 მილიარდს კი 2013 წლისთვის შეინახავს. აღნიშნული კრედიტის უზრუნველსაყოფად საბერძნეთი სახელმწიფო ქონებას ჩადებს გირაოს სახით.
საბერძნეთის საკრედიტო მდგომარეობა გასულ კვირას გამწვავდა, როდესაც ევროზონის ფინანსური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ლუქსემბურგში დახურული შეხვედრა გამართეს, რომელიც საბერძნეთის ვალების პრობლემას ეხებოდა. გერმანული საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, შეხვედრაზე წინა პლანზე წამოწეული იყო საბერძნეთის ევროზონიდან გასვლის და ნაციონალურ ვალუტაზე დაბრუნების საკითხი.
გარდა ამისა, ევროპის დედაქალაქებში აქტიურად განიხილება ვალების რესტრუქტურიზაციის და გამოსყიდვის ვადების გაგრძელების საკითხი. სწორედ ეს გახდა სარეიტინგო სააგენტო Standart & poors-ის მიერ საბერძნეთისთვის საკრედიტო რეიტინგის მორიგი შემცირების მიზეზი. წინა შემთხვევაში სააგენტომ საბერძნეთს ერთბაშად 2 საფეხურით, B კატეგორიამდე შეუმცირა რეიტინგი, მოტივით -"გაზრდილი რისკი იმისა, რომ ქვეყანა მიიღებს ზომებს ვალის დაფარვის პირობების შესაცვლელად, ნაადრევად გამოშვებული სახელმწიფო ობლიგაციებით~.
სარეიტინგო სააგენტო აგრეთვე მიიჩნევს, რომ ობლიგაციების მფლობელებმა შესაძლოა დაკარგონ დაბანდებული სახსრების 70%, ვალების რესტრუქტურიზაციის გამო. რეიტინგში ცვლილებების შედეგად საბერძნეთი დღევანდელი მდგომარეობით მხოლოდ ერთი საფეხურით მაღლა იმყოფება პაკისტანთან შედარებით.
საკრედიტო რეიტინგი საბერძნეთს ასევე შეუმცირა Moody's-მაც, იმ მოტივით, რომ საბერძნეთმა თავის მდგომარეობის გამო შეიძლება დააზარალოს კრედიტორები. Moody's-მა რეიტინგის კორექტირებისგან ჯერ-ჯერობით თავი შეიკავა და ქვეყანას იგივე რეიტინგი, BB+ ნეგატიური პროგნოზით დაუტოვა.
გასული წლის მაისში ევროკავშირმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საბერძნეთს 110 მილიარდი ევროს საკრედიტო ხაზი გაუხსნა. საბერძნეთმა, თავის მხრივ, 2014 წლამდე მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ ბიუჯეტის დეფიციტის 3%-მდე შემცირების ვალდებულება აიღო. მაგრამ, როგორც ახლა ირკვევა, ქვეყანა ამ პირობის შესრულებას ვერ უზრუნველყოფს, რასაც ევროზონის და სავალუტო ფონდის მიერ საბერძნეთისთვის გამოყოფილი ახალი 60 მილიარდიანი კრედიტიც მოწმობს.
2010 წლის ბიუჯეტის დეფიციტმა საბერძნეთში მთლიანი შიდა პროდუქტის 10.5% შეადგინა, ეს მაჩვენებელი არ ჯდება ევროკავშირის ქვეყნების მიზნობრივ მაჩვენებლებსა და ორიენტირებში.