
იაპონიას მიწისძვრამ და ცუნამმა სერიოზული ზარალი მიაყენა. სტიქიურ უბედურებას დიდი მსხვერპლი მოჰყვა. მას რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი შეეწირა. გარდა ამისა, იაპონიის ეკონომიკამ 300 მილიარდ დოლარზე მეტი იზარალა. წამყვან დარგებში, როგორიცაა მშენებლობა და ელექტრონიკა, წარმოება შემცირდა, ამან კი განაპირობა იენაზე ტრანზაქციების შემცირება, რამაც შეამცირა მოთხოვნა იენაზე. შესაბამისად, ფუნდამენტური ანალიზის საფუძველზე, იაპონიის ვალუტის კურსი უნდა შემცირებულიყო. მიწისძვრის შემდეგ, თავდაპირველად, იწყო კიდეც შემცირება, თუმცა ამჟამად იენის კურსი დაუბრუნდა თავის მიწისძვრამდელ მნიშვნელობას და მისი კურსის რყევა ნორმის ფარგლებშია.
სავალუტო კურსის დადგენის დროს ორი ტიპის ანალიზი მიმდინარეობს: ფუნდამენტური და ტექნიკური. ფუნდამენტური ანალიზის მიხედვით, მიწისძვრის შედეგად, იაპონური იენის კურსს პრობლემები უნდა შექმნოდა, ბაზარი ვოლატილური უნდა გამხდარიყო, რაღაც მომენტში იაპონიის ვალუტის კურსმა ვარდნაც კი დაიწყო, მაგრამ ტექნიკური ანალიზი გვიჩვენებს, რომ არც მიწისძვრას, არც აფეთქებას და არც რადიაციას იაპონიის ვალუტის კურსისთვის ამ ეტაპზე დიდი ზარალი არ მიუყენებია. არ გამართლდა ტრეიდერების აზრი იმის შესახებ, რომ იენის კურსი დაეცემოდა, იმიტომ რომ: 1. იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა დაიჭირა საკმაოდ მკაცრი და გამართლებული პოზიცია და ბაზარზე სათანადო ინტერვენციები განახორციელა. გარდა ამისა, 2. მსოფლიოს 7 წამყვანი ინდუსტრიული ქვეყნის ცენტრალურმა ბანკებმა ერთობლივად განახოციელეს ღია ბაზრის ოპერაციები და იაპონიას მხარი დაუჭირეს. ამან უზრუნველყო ის, რომ იაპონიის ვალუტის კურსის ვოლატილურობამ იკლო და მისაღებ ჩარჩოებში მოექცა. ამიტომ, ფუნდამენტური ანალიზის შედეგად მიღებული დასკვნები არ გამართლდა და ტექნიკურმა ანალიზმა დაამტკიცა, რომ იენის კურსის ვოლატილობა ამჟამად ნორმის ფარგლებშია.
იაპონიის ვალუტის კურსს მიწისძვრამდეც დაცემის ტენდენცია ახასიათებდა. იაპონიის დიდი აღმავლობის შემდეგ, 1992 წლიდან მოყოლებული, იაპონიის ეკონომიკა, ძირითადად, რეცესიის ხანაშია. იაპონია არა მხოლოდ ვერ გამოვიდა რეცესიიდან, არამედ მსოფლიოს ნომერ მეორე ქვეყნის პოსტიდან გადაინაცვლა ნომერ მესამე ქვეყნის პოსტზე და თავისი ადგილი ეკონომიკური სიდიდის მიხედვით ჩინეთს დაუთმო. მას შემდეგ იაპონია სხვადასხვა გზას ეძებს, თუ როგორ გაუწიოს ეკონომიკას სტიმულირება. მთელი ეს პერიოდი იენის კურსის რყევა დაკავშირებული იყო რეცესიასთან. ამის მიუხედავად, მიწისძვრის დროს იაპონიას სერიოზული დახმარება აღმოუჩინეს, და მისი ვალუტის კურსის რყევა საზღვრებში მოაქციეს. იაპონია შედის მსოფლიოს დიდ შვიდეულში და მის ეკონომიკას, ისევე როგორც მისი ვალუტის კურსს, სხვა ქვეყნის ეკონომიკებზეც დიდი გავლენა აქვს. ამიტომაც, მსოფლიოს დახმარებამ ხელი შეუშალა სერიოზულ უარყოფით ცვლილებებს არა მხოლოდ იაპონიაში, არამედ მთელ მსოფლიოში.
ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია იაპონიის ეკონომიკისა და ვალუტის კურსის პროგნოზირებასთან დაკავშირებით ამბობს: "პროგნოზების გაკეთება იენაზე ძალიან რთული საქმეა, იმიტომ რომ არ ვიცით, რა მოხდება ატომურ ელექტროსადგურებზე, მოვლენის განვითარების შესაძლო მასშტაბები უცნობია. მაგრამ ერთი რამის თქმა დანამდვილებით შემიძლია, იაპონიის ეკონომიკა საკმაოდ მყარი ტემპებით განვითარდება, იმიტომ რომ ამ დანგრეულ ქვეყანას ახლა აშენება სჭირდება, რაც გაზრდის ინვესტიციებს, მშენებლობებს, წარმოებას და გამოაცოცხლებს ეკონომიკას. სამწუხაროა, რომ ასე მოხდა, მაგრამ ეს უბედურება იაპონიისთვის გახდება მულტიპლიკატორი, სტიმული და მამოძრავებელი ძალა იმისთვის, რომ ეკონომიკამ წამოიწიოს წინ. ამაში მთელი მსოფლიო ჩაერთვება და ამისთვის უკვე ემზადებიან კიდეც, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ არ ვიცით, რა მოხდება იაპონიაში. ფუნდამენტური ანალიზის საფუძველზე კი ვამბობ, რომ იაპონიის ეკონომიკას სერიოზული აღმავლობა ელოდება წინ, თუ, რა თქმა უნდა, მოხერხდება ატომური საშიშროების მოხსნა".
ნანა მუკბანიანი