ნანახია: 673
მსოფლიო ფინანსური კრიზისი ავსტრიის ეკონომიკაზეც მძიმედ აისახა. მდგომარეობა საფონდო ბირჟებზე კვირიდან კვირამდე უარესდება, რამაც საბანკო სექტორში მთელი რიგი ცვლილებები გამოიწვია. აღნიშნულმა პროცესებმა განსაკუთრებით მძიმედ იმოქმედა მსხვილ ბანკებზე და ამის გამო მსოფლიო ფინანსური სისტემა კონსოლიდაციის საჭიროების წინაშე აღმოჩნდა. პატარა რეგიონალური ბანკები კი საერთოდ არსებობის პრობლემის წინაშე დადგნენ. ისეთი მცნებები როგორიცაა, საწყისი კაპიტალის ან ძირითადი კაპიტალის ლიკვიდაცია, ხშირად გაისმის ბოლო პერიოდის ავსტრიულ მედიაში. ასეთ პანიკურ გარემოში დაბნეული კლიენტები ინტენსიურად ხურავენ თავიან საბანკო ანგარიშებს და ფულს სახლებში, სეიფებში ინახავენ. ავსტრიის საბანკო სისტემა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ინტეგრირებულმა ეკონომიკამ ძალზედ დააზარალა. ავსტრიულ მედიაში 230 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის გამოყოფაზე საუბრობენ, რაც ქვეყნის ეროვნული პროდუქციის 70% შეადგენს. ავსტრიის მთავრობა ავსტრიელი, გერმანელი, იტალიელი და ბელგიელი ინვესტორების სამომავლო და სავარაუდო ალიანსს მხარს უჭერს. Assoclated Presse -ის ინფორმაციით, გერმანია მხარს დაუჭერს ავსტრიას საბანკო კრიზისის დაძლევაში, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა. გერმანია მზად არის თავისი გამოცდილება გაუზიაროს პარტნიორ, აღმოსვლეთ ევროპის ქვეყნებს, არსებული კრიზისის დაძლევაში. მერკელმა და ავსტრიის კანცლერმა ვერნერ ფაიმანმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ისინი, ვინც წარსულში ექსპორტის წარმოებით და ფინანსური ექსპანსიებით აღმოსავლეთ ევროპაში კარგ ბიზნესს გააკეთებდნენ, ახლა მათ რეგიონში სტაბილიზაციის შესანარჩუნებლად მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენა მართებთ. Finanz-blog-ის ინფორმაციით, კრიზისის უარყოფითი შედეგები კერძო საკუთრების ფასებზე მოსალოდნელი არ არის. ავსტრიის კერძო საკუთრების მეურვეთა საბჭო გარკვეულ ტენდენციებს გამოყოფს: ფასები ბინებზე და კერძო საკუთრებაზე სტაბილური იქნება, ხოლო ბინების დაქირავებაზე და მათში ინვესტირებაზე მოთხოვნა იზრდება, რადგან ინვესტორები ამ ეტაპზე უფრო მეტად დაინტერესებულნი არიან იმით, რომ ფასიანი ქაღალდები და აქციები კერძო კაპიტალში დააბანდონ. ავსტრიის ეკონომიკასთან დაკავშირებით სამომავლოდ პოზიტიური განცხადებები კეთდება. მაგალითად, WIFO- ს ცნობით, მთლიანად შიდა სოციალური პროდუქტის წარმოება 2009–2013 წლებში საშუალოდ 1,3 % უნდა გაიზარდოს. თუმცა ფინანსური კრიზისის გამო აღნიშნული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი -ით შემცირებულია უკანასკნელი 5 წლის მონაცემებთან შედარებით. მიმდინარე წლის საგადასახადო რეფორმა და კონიუნქტურული პაკეტი საჭირო იმპულსს მისცემს კერძო სამომხმარებლო ბაზარს და სამშნებლო ინდუსტრიას საიმისოდ, რომ წინააღმდეგობა აუწიოს არახელსაყრელ, ერთგვარად შეზღუდულ საერთაშორისო პირობებს. თუმცა პროგნოზები კეთდება იმის თაობაზეც, რომ 2009 და 2010 წლებში, საერთაშორისო ფინანსური კრიზისის გამო, ავსტრიის ეკონომიკა რეცესიულ პროცესებს ვერ აცდება და მხოლოდ 2010 წლიდან დაიწყება ეკონომიური აღმავლობა. აქვე უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ კრიზისიდან შედარებით ნორმალურ ფაზაში გადასვლისას პოტენციური ზრდის ტენდენცია აგარ იქნება ისეთი მაღალი, როგორიც ეს წარსულში იყო. ამის მიზეზად კი კერძო მესაკუთრეების, მეწარმეების და ბანკების გადაჭარბებული სიფრთხილე სახელდება, რაც ეკონომიკურ ზრდას გარკვეულწილად შეაფერხებს. ხოლო კრიზისიდან გამოსვლის და, ასე ვთქვათ, ამოსუნთქვის ფაზად 2011-2013 წლები სახელდება. ამ პერიოდისთვის ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდა წლიურად 2%-ით ივარაუდება.
ქეთი სიხუაშვილი
|