დასავლეში უპირატესობას ჯანსაღ სასმელს ანიჭებენBrand finance-ის ვერსიით, კომპანია Coca-cola პირველად გავარდა მსოფლიოს წამყვანი ბრენდების პირველი ათეულიდან, რადგან 9 მილიარდი დოლარი დაკარგა და მესამე პოზიციიდან მე–16–ზე გადაინაცვლა.
ასეთი ცვლილება დასავლეთის ქვეყნებში მომხმარებლის ქცევის მოდელის შეცვლამ გამოიწვია, სადაც უპირატესობას უფრო ჯანსაღ არაგაზირებულ სასმელებს ანიჭებენ.
ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდად 2011 წლის რეიტინგში Google დასახელდა, რომლის ღირებულებაც 44,3 მილიარდი დოლარია. ამ მაჩვენებლით მან უკან ჩამოიტოვა Microsoft–ი (42,8 მილიარდი), რომელიც შარშანდელი მეხუთე ადგილიდან მეორე პოზიციაზე აღმოჩნდა.
500 კომპანიას შორის პირველ ათეულში ძირითადად ამერიკული კომპანიები შედიან, ერთადერთი გამონაკლისია ბრიტანული Vodafone–ი, რომელიც მეხუთე პოზიციაზეა. გასულ წელს პირველ ათეულში ბრიტანული ბანკი HSBC–ც იყო, თუმცა წელს ის მერვედან მე–11 პოზიციაზე ჩამოვიდა, იაპონურმა Toyota–მ კი მეათედან მე–14 ადგილზე გადაინაცვლა. ამის მიზეზი 2010 წლის განმავლობაში მის მიერ ავტომობილების გაწვევის არაერთი კამპანია გახდა.
ბრიტანულ კომპანია BP–ს მექსიკის ყურეში მომხდარმა კატასტროფამ 3,4 მილიარდი დოლარი დააკარგვინა და 52–ე ადგილიდან 104–ზე გადასწია.
რაც შეეხება კომპანიებს, რომლებმაც წინსვლა განიცადეს, მათ შორის ერთ–ერთია Apple–ი, რომელიც 29,5 მილიარდით მე–19–დან მე–8 ადგილზე ავიდა. მისი წარმატების მთავარი მიზეზი iPad–ის პლანშეტები გახდა.
რეიტინგის გასული წლის ლიდერი, სუპერმარკეტების ქსელი Wal-mart–ი ახლა მესამე ადგილზეა, რადგან მისი ღირებულება 41,37 მილიარდი დოლარიდან 36,22 მილიარდამდე შემცირდა.
ბრენდის ღირებულების ყველაზე მკვეთრი შემცირება Nokia–მ განიცადა, რომელმაც ერთ წელიწადში 9,9 მილიარდი დოლარი დაკარგა.
Brand finance–ის აღმასრულებელი დირექტორის დევიდ ჰეის განცხადებით, გლობალურ რეიტინგში ათი ლიდერიდან ხუთი ტექნოლოგიური კომპანიაა.
2011 წლის რეიტინგის ახალბედა მონაწილეა ქსელი Facebook–ი, რომელიც 285–ე ადგილზეა ბრენდის 3,7 მილიარდი დოლარის ღირებულებით.