ნანახია: 437
არგენტინის ხელისუფლება სიმინდის ექსპორტის მოცულობის გაზრდის საკითხს განიხილავს. საუბარია 2010-2011 მარკეტინგული წლის პერიოდში დამატებით დაახლოებით 7 მილიონ ტონა სიმინდის მოსავლის ექსპორტირებაზე. მანამდე ხელისუფლების მიერ ექსპორტზე 5 მილიონი ტონა სიმინდის გატანა იყო ნებადართული. არსებული პროგნოზით, არგენტინაში მოსავალი 18,5-20 მილიონი ტონას მიაღწევს, შიდა მოხმარების მაჩვენებელი 8 მილიონი ტონაა, დანარჩენი 10,5-12 მილიონი ტონა კი შესაძლებელია ექსპორტზე გავიდეს. არგენტინული სიმინდის ძირითადი შემსყიდველი ირანი, ალჟირი, კოლუმბია, ეგვიპტე და პერუა. კომპანიის "პროაგრო" ცნობით, ტრეიდერი კომპანიის Cosur SA დირექტორი ფრედი პრაჰტედა ვარაუდობს, რომ 2010-2011 მარკეტინგულ წელს სიმინდისა და სოიოს მოსავალი არგენტინაში შემცირდება, თუმცა ბოლო პერიოდში მოსავალთან დაკავშირებით პროგნოზები მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. ბოლო პერიოდში არგენტინაში წვიმიანი ამინდები იყო, დაეცა ტემპერატურაც. ვარაუდობენ, რომ 2009-2010 მარკეტინგულ წლებთან შედარებით მოსავალი 11,4%-ით შემცირდება და 19,5 მილიონ ტონას შეადგენს. მანამდე წუხდნენ იმის გამო, რომ გვალვების შედეგად მოსავალი შესაძლოა 14 მილიონ ტონამდე შემცირებულიყო. აღსანიშნავია, რომ არგენტინამ ცოტა ხნის წინათ 1 მილიონი ტონა ხორბლის ექსპორტირებაზე გასცა განკარგულება. არგენტინის ხელისუფლება შიდა ბაზარზე ხორბალსა და სიმინდზე შიდა ფასების სტაბილიზაციის მიზნით ექსპორტს აკონტროლებს.
ირაკლი ჯღარკავა
|