ნანახია: 795
ბარაკ ობამა: "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ 4.000.000 სამუშაო ადგილის შექმნა, დანარჩენზე კი კერძო სექტორმა უნდა იზრუნოს" "ბიზნესის შემოსავლები გაიზრდება, ეკონომიკა კი აყვავდება" ბარაკ ობამამ ამერიკელ ხალხს, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების 44-ე პრეზიდენტმა, 24 იანვარს პირდაპირი ეთერით მიმართა. მან ეკონომიკის განახლების იმ სამომავლო გეგმებსა და პროგრამებზე ისაუბრა, რითაც ის არსებული რეალობის შეცვლას აპირებს. "ეს არ არის მხოლოდ მოკლევადიანი პროგრამა უმუშევრობის დასაძლევად. ეს არის ის, რაც ინვესტიციებს მოიზიდავს ჩვენთვის ისეთ პრიორიტეტულ დარგებში, როგორიცაა განათლება, ენერგეტიკა, ჯანდაცვა და ახალი ინფრასტრუქტურა. ისინი ჩვენ გაგვაძლიერებენ და 21 საუკუნეში ჩვენ კვლავ კონკურენტუნარიანები ვიქნებით. " – ბარაკ ობამა. მან ისაუბრა იმ 10.000 სკოლაზე, რომლის განახლებაც მოხდება, იმ სამეცნიერო საბჭოებზე, რომელთა რაოდენობა მალე გასამმაგდება. მან ყურადღება გაამახვილა დაუსაქმებელ მოქალაქეებზე და დაჰპირდა მათ, რომ ერთი თვის განმავლობაში, როგორც კი ყველა იურიდიული ნიუანსი დაზუსტდებოდა, მდგომარეობის გასაუმჯობესებლად თავისი გეგმის განხორციელებას შეუდგება. ადმინისტრაცია ამ გეგმის დახვეწაზე კონგრესთან კვლავაც აგრძელებს მუშაობას. სულ მალე, როგორც ბარაკ ობამამ განაცხადა, მისი სამოქმედო გეგმა ძალაში შევა და ამერიკა ახალ ეტაპზე გადავა. მთელი ამერიკის მასშტაბით წამყვან ბიზნესმენებს ბარაკ ობამა პრეზიდენტის რანგში პრიველად 28 იანვარს შეხვდა. მათ განიხილეს ის ფაქტორები, რომლებიც უფრო მეტად ასუსტებს ბიზნესს და ათობით ათას ადამაინს სამსახურს აკარგვინებს. შეხვედრაზე გაზიარებული იქნა მოსაზრებები, თუ როგორ შეიძლება არსებული მდგომარეობის დაძლევა და მიმდინარე პროცესების შეჩერება. შეხვედრის შემდეგ ბარაკ ობამამ ბიზნესმენების მიმართ ტელევიზიით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ კრიზისი რომლის წინააღმდეგაც იბრძვის ამერიკა და მთელი მსოფლიო, უპასუხისმგებლობითაა გამოწვეული. "დღესდღეობით ჩვენი ეკონომიკის ასეთი სავალალო მდგომარეობა უპასუხისმგებლო მუშაობითაა გამოწვეული და მასში წვრილი ყველას მიუძღვის, ამიტომ ჩემს საინაუგურაციო სიტყვაში "ახალი პასუხისმგებლობის ერაზე" ვისაუბრე. მე მესმის, რომ ვაშინგტონის გააზრებული და სწორი ნაბიჯების გარეშე, არაფერი გამოვა. კარგი მთავრობის გარეშე ყველაზე წარმატებული ბიზნესიც კი ვერ იარსებებს. ჩვენ ერთი წუთიც კი არ გვაქვს დასაკარგი. ადამიანები, რომლებმაც სამსახურები დაკარგეს, ან ადამიანები, რომლებიც დაკარგვის შიშში ცხოვრობენ ჩვენგან კონკრეტულ ქმედებებს ითხოვენ, მათ დახმარება სჭირდებათ. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ 4.000.000 სამუშაო ადგილის შექმნა, დანარჩენზე კი კერძო სექტორმა უნდა იზრუნოს. ამის დიდი იმედი გვაქვს. ჩვენ ინვესტიციებს ჩავდებთ იმაში, რაც შედეგს მოგვცემს. ამ ყველაფრის განსახორციელებლად აუცილებლად უნდა დავიბრუნოთ ამერიკელი ხალხის ნდობა, იმ ხალხის, რომელმაც ჩვენ აქ სამუშაოდ მოგვიყვანა. ბიზნესი - მცირე და დიდი – ქმნის სამუშაო ადგილებს, გასცემს ხელფასებს, ისინი წარმოადგენენ იმ საძირკველს, რომელზეც ამერიკელი ხალხის სიცოცხლე და ოცნებებია დაფუძნებული. ჩვენ, მთავრობა, გავაკეთებთ ყველაფერს, რათა შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც დასაქმებულ ხალს ექნება შესაძლებლობა, რომ წარმატებას მიაღწიოს, ბიზნესის შემოსავლები გაიზრდება, ეკონომიკა კი აყვავდება. ჩემი სამოქმედო გეგმა სწორედ ამას გულისხმობს." ირმა ზარნაძე
|