ნანახია: 745
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (World Economic Forum) საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია საერთაშორისო პარტნიორობის გაზრდა. ფორუმები, როგორც წესი, დავოსში (შვეიცარია) ტარდება. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი 1971 წელს შეიქმნა. აქ გაწევრიანებულია, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის, დაახლოებით, 1000-მდე მსხვილი კომპანია და ორგანიზაცია. ფორუმის მთავარი აღმასრულებელი ორგანო დირექტორთა საბჭოა. მათი შტაბბინა ჟენევაშია განთავსებული. ფორუმის ბიუჯეტი ყოველწლიურად წევრთა შენატანებით ივსება. საბჭოში წევრების ყოფნა არყოფნის საკითხი ყოველწლიურად განიხილება. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამაარსებელი და მისი უცვლელი ხელმძღვანელი შვეიცარიელი პროფესორი კლაუს შვაბია. მისი ინიციატივით, 1971 წელს პირველი სიმპოზიუმი ჩატარდა, სადაც სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან დაახლოებით 450-მა წამყვანმა ბიზნესმენმა მოიყარა თავი, განხილვის მთავარი თემა მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივები და საერთო სტრატეგიაზე მუშაობა იყო. სხდომებზე განიხილებოდა დასავლეთ ევროპის პოზიციები კონკურენტულ ბრძოლაში. წლების განმავლობაში, თემატიკა თანდათან იცვლებოდა და ფართოვდებოდა, განხილვის მთავარ საგნად პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები, ვაჭრობის ქსელის განვითარება და სხვადასხვა ქვეყნებს შორის პარტნიორობის აუცილებლობა იქცა. 70-იანი წლებიდან, დავოსში მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ადამიანების (მმართველობის წევრები და ბიზნეს ლიდერები) მოწვევა დაიწყეს და უკვე შემდგომი 10 წლის განმავლობაში ფორუმს წელიწადის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენის სტატუსი მიენიჭა. 1987 წელს ფორუმმა მიიღო სახელწოდება, რომლითაც ჩვენ მას დღეს ვიცნობთ -მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი. ამ დრომდე მას `მენეჯმენტის ევროპული ფორუმი~ ეწოდებოდა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ცნობილი ლოგოტიპი გამოხატავს ღია, თავისუფალ მსოფლიოს და ორგანიზაციის სურვილს, გააერთიანოს მსოფლიო. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მთავარ ღონისძიებად დავოსში (რომელიც მსოფლიოში ცნობილი სათხილამურო კურორტია) ჩატარებული ყოველწლიური შეხვედრები ითვლება. ეს შეხვედრები ტრადიციულად, იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში ტარდება. (ერთადერთი გამონაკლისი 2002 წლის ნიუ-იორკის სესია იყო, რომელიც აშშ-ში სოლიდარობის ნიშნად ჩატარდა, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის შემდეგ). დავოსის ფორუმზე, თანამედროვე მსოფლიოს საჭირბოროტო საკითხები არაფორმალურ ვითარებაში განიხილება. დავოსის შეხვედრების ჩარჩოებში დაახლოებით 300 პლენარული სხდომა (სემინარები და მოლაპარაკებები "მრგვალ მაგიდასთან") იმართება. დავოსის ფორუმზე რეზოლუციებს არ იღებენ, მაგრამ აქაური შეხვედრები საშუალებას იძლევა, დამყარდეს ახალი საქმიანი კონტაქტები და გაიმართოს მოლაპარაკებები ყოველგვარი ოფიციოზის გარეშე. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, მხოლოდ ტრიბუნა არ არის დისკუსიებისთვის - ის ინიცირებას უწევს პოლიტიკურ და ეკონომიკურ კვლევებს. 1979 წლიდან ფორუმის სპეციალისტები ყოველწლიურად ადგენენ მოხსენებას, სახელწოდებით "გლობალური კონკურენტუნარიანობა", რომელშიც მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანას აფასებენ. შეფასება 2 მთავარი მაჩვენებლის მიხედვით დგება - პოტენციური ზრდის ინდექსი და კონკურენტუნარიანობის ინდექსი. რაც შეეხება წლევანდელ ეკონომიკურ ფორუმს, ის 28 იანვრიდან 1 თებევრლამდე მიმდინარეობდა. ექსპერტების განცხადებით, 2009 წლის დავოსის ფორუმი, ალბათ, ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული. შიში, რომელიც ეკონომიკური კრიზისიდან მომდინარეობს, გვერდს არც ფორუმის მონაწილეებს უვლის. თითს ყველა ამერიკის შეერთებული შტატებისკენ იშვერს და ღიად თუ დაფარულად, მკაცრად აკრიტიკებს მას. საჯარო განხილვის საგნები გაკოტრებული ბანკირები, ერთ დროს საკუთარ თავში დარწმუნებული პოლიტიკოსები და ბიზნესმენები არიან. უკვე ხმამაღლა გამოთქვამენ აზრს, რომ ამერიკის გეგმამ გლობალიზაციის შესახებ და თავისუფალი მარკეტინგის სისტემამ კრახი განიცადა.
ნინო კავკასიძე
|