ნანახია: 1559
ინფლაცია რეცესიაზე საშიშია
ევროპის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი დაწია
ევროპის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი 50 საპროცენტო პუნქტით - 2%-მდე დაწია, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი საპროცენტო მაჩვენებელია. 2008 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული ევროპის ფინანსურმა რეგულატორმა საპროცენტო განაკვეთი უკვე ოთხჯერ შეამცირა, რის შედეგადაც, საერთო ჯამში, 225 პროცენტული პუნქტით შემცირდა საპროცენტო განაკვეთი, მათ შორის დეკემბერში, საპროცენტო განაკვეთი რეკორდული მაჩვენებლით 75 პროცენტული პუნქტით შემცირდა. იმ ფონზე, როცა ევროკავშირის 16 ქვეყანაში სერიოზული ეკონომიკური ვარდნაა და ინფლაცია მცირდება, ევრობანკისთვის პრიორიტეტი რეცესიასთან ბრძოლაა. დეკემბერში ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ჟან-კლოდ ტრიშემ განაცხადა, რომ არ სურდა საპროცენტო განაკვეთის ძალიან დაბალ ნიშნულამდე შემცირება, თუმცა იანვრის დასაწყისში უკვე ნათელი გახდა, რომ რეცესია ევროზონაში იმაზე ადრე გავრცელდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. პროგნოზები დამშვიდების საშუალებას არ იძლევა. მიმდინარე წელი რეგიონისთვის ეკონომიკური თვალსაზრისით, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, ყველაზე საშინელი იქნება. გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის - გერმანიის მშპ-მ 2008 წლის მეოთხე კვარტალში 2%-ს მიაღწია, ევროზონის ქვეყნების სამრეწველო წარმოება ნოემბერში 7,7%-მდე დაეცა, უმუშევრობა კი 7,8%-ით გაიზარდა. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის პროგნოზით, 2009 წელს ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკური ვარდნა 0,6%-ს შეადგენს. ევროკავშირის ქვეყნებში დღეისათვის მოქმედი საპროცენტო განაკვეთი გაცილებით მაღალია, ვიდრე "დიდი რვიანის" ქვეყნების ცენტრალური ბანკების საპროცენტო განაკვეთები. ამერიკაში საპროცენტო განაკვეთის დიაპაზონი 0-დან 0,25%-მდე მერყეობს, დიდ ბრიტანეთსა და კანადაში 1,5%-ია, იაპონიაში კი 0,1%. ანალიტიკოსები ევროპის ცენტრალური ბანკის მომდევნო ნაბიჯებს ელოდებიან. ანალიტიკოსთა ნაწილი თვლის, რომ ევროპის ცენტრალური ბანკის მხრიდან საპროცენტო განაკვეთის კიდევ უფრო დაწევა გარდაუვალია, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს პროცესი დასრულებულია და გაზაფხულამდე არანაირი ცვლილება არ იქნება. რაც შეეხება ევრობანკის მეთაურის ტრიშეს მოსაზრებას, მან ეს საკითხი ღიად დატოვა.
|