ნანახია: 1228
სახელმწიფო ეკონომიკის გამოცოცხლებას ცდილობს
რამდენიმე კვირის წინ ჩინეთის მთავრობამ ფინანსური პოლიტიკის კორექტირება დაიწყო. როგორც ბანკთა მმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ლიუ მიუ მინკანმა განაცხადა, ხელისუფლება მთლიანად მზადაა შეარბილოს კრედიტთა გაცემის წესები. ბოლო წლების განმავლობაში, ბანკთა ბალანსების წმენდაზე პეკინმა 500 მლრდ. დოლარი დახარჯა, თუმცა ახლა ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, შეინარჩუნოს ნებისმიერი ფასები, მაღალი იქნება ეს თუ დაბალი, რათა მხარი დაუჭიროს ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპებს. კრედიტთა გაცემაში ახალი შესწორებების თანახმად, ბანკს აქვს კრედიტთა გაცემის უფლება იმ პირებისა და კომპანიებისთვისაც, რომლებიც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო დროებით სიძნელეებს განიცდიან. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ შარშანდელი წლის მიწურულს მთელი რიგი ცვლილებების შედეგად ბანკებს საკრედიტო პოლიტიკის აქტივიზაციის ბიძგი მისცა. ჯერ კიდევ ნოემბერში ჩინეთში და ამავე დროს მსოფლიოში კაპიტალიზაციით უმსხვილესმა "ჩინეთის სავაჭრო-ინდუსტრიულმა ბანკმა" განაცხადა ახალი, მოსახლეობისთვის უფრო ფართომასშტაბიანი საკრედიტო პროგრამის შესახებ. ხაზგასასმელია, რომ უკვე დეკემბერში ჩინეთის საფინანსო ინსტიტუტებმა 108 მლრდ. დოლარის კრედიტი- რეკორდული მაჩვენებელი 2008 წლის იანვრიდან მოყოლებული გასცეს. ექსპერტთა მიერ გაკეთებულ პროგნოზთა უმეტესი ნაწილის თანახმად, მსოფლიოში ამ ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოს პოლიტიკა წელს მხოლოდ 7.5%-ით გაიზრდება, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იქნება ბოლო 20 წლის მანძილზე. მსოფლიოში უკვე საგრძნობლად დაეცა ჩინური საქონლის მომხმარებელთა რაოდენობაც, რასაც, ბუნებრივია, ექსპორტის შემცირებაც მოჰყვა. ჩინეთში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ექსპერტთა აზრი არაერთგვაროვანია. "კრედიტთა ასე ფართოდ გაცემა მეტად სახიფათო გადაწყვეტილებაა, თუმცაღა სწორედ ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ ჩინეთი შეშფოთებულია ეკონომიკური ზრდის შენელების, უმუშევართა რიგების გაზრდისა და სოციალური დაძაბულობის გამო; და ასეთი მასშტაბებით სესხების გაცემა არც თუ უპრიანი ნაბიჯია მძიმე ეკონომიკური ვითარების ფონზე, ამან თითქოს უნდა გვიხსნას გამძვინვარებული კრიზისისაგან, მაგრამ შესაძლებელია უარესი და მეტად სერიოზული პრობლემებიც კი შეგვიქმნას სამომავლოდ," - აღნიშნავს ოქსფორდის უნივერსიტეტის "დეილი ეკონომისტის" წარმომადგენელი ლინდა იუზი. აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ 2008 წლის სექტემბრიდან დაუბრუნებელი კრედიტების რაოდენობამ 5.49%-ით იკლო, ექვსი თვის წინ კი ეს მაჩვენებელი 6,3%-ს უდრიდა. გარდა ამისა, ფინანსური მარეგულირებელი ორგანო ჯერ კიდევ კრძალავს სესხების მიცემას იმ კომპანიებისათვის, რომლებსაც ახალი პროექტის დაწყება სურთ, მაგრამ ძველი ვალი არ გაუსტუმრებიათ, ბანკებს კი სარისკო აქტივების შესყიდვას უკრძალავს.
|