DataLife Engine > სოფლის მეურნეობა > ექსკლუზიური ინტერვიუ სოფლის მეურნეობის მინისტრ ბაკურ კვეზერელთან
ექსკლუზიური ინტერვიუ სოფლის მეურნეობის მინისტრ ბაკურ კვეზერელთან24 სექტემბერი 2009. : merabi |
|
- მიუხედავად იმისა, რომ წელს ხორბლის ცუდი მოსავალი გვქონდა, გლეხებს მოსავლის რეალიზაცია მაინც უჭირთ, რადგან ადგილობრივი წარმოების პროდუქცია უკრაინიდან შემოტანილ დაბალფასიან ხორბალს კონკურენციას ვერ უწევს. გლეხებს კარგი მოსავლის მიღებაში, სტიქიური მოვლენების გარდა, ტექნიკური და სხვა საშუალებების არქონაც უშლის ხელს. ამ და სხვა მრავალი მიზეზის გამო, გლეხები და ფერმერები აცხადებენ, რომ მომავალი წლისთვის ხორბალს ვერ დათესავენ. რა ღონისძიებების გატარებას აპირებს სახელმწიფო გლეხებისა და ფერმერების დასახმარებლად?
- დეკემბრის თვის პირველი რიცხვები უკვე ხორბლის თესვის ბოლო ვადაა. მომავალი წლისთვის უფრო მეტი ფართობები დამუშავდება, იქედან გამომდინარე, რომ წელს ნაკლები მოსავალი იყო. ძირითადად, როცა ერთ წელს კარგი მოსავლის მიღება პრობლემაა, მომავალი წელისთვის ეს აუცილებლად გამოსწორდება. სამომავლო მოსავლის პროგნოზი ძალიან კარგია. ყველა, ვინც წელს მოსავლით ზარალი ნახა, მომავალი წლისთვის უფრო მეტს გააკეთებს და ამით ზარალს დააბალანსებს. ამდენად, ვფიქრობ, წელს ხორბლისთვის საკმაოდ დიდი ფართობი დამუშავდება. გარდა ამისა, ვისაც წელს ხორბლისთვის დამუშავებული მიწა არ ჰქონდა, ისიც აუცილებლად ხორბალს დათესავს, რადგანაც პროგნოზით მომავალი წელი უფრო უხვმოსავლიანი იქნება. სუბსიდირებას ჩვენ არ ვაპირებთ, რადგან დედოფლისწყაროსა და სხვა რეგიონებიდან, სადაც ხორბლის კულტურა კარგად არის განვითარებული, ძალიან კარგ მოსავალს ველოდებით - რაოდენობრივადაც და ხარისხობრივადაც. სწორედ ეს ხორბალი იქნება გამოყენებული სათესლედ. მართალია გლეხები ამბობენ, რომ ხორბალს ვერ ყიდიან, მაგრამ ეს მათ მიერ მაღალი ფასის მოთხოვნითაა განპირობებული. ხორბლის თვითღირებულება 20 თეთრს არ აღემატება. თუ აღემატება, მაშინ ეს აბსოლუტური ზარალია. თვითღირებულება მოსავლის პირდაპირპროპორციულია და ფასიც შესაბამისად სხვადასხვააა. ყოველწლიურად ვაუმჯობესებთ მანქანათა პარკს. წელს იაპონიის მთავრობის დახმარებით ჩვენ 200-მდე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას შევისყიდით და სხვადასხვა ფორმით მოსახლეობას გადავცემთ. ეს პროგრამა შეღავათიანი იქნება. მთავრობის მხრიდან გლეხებს და ფერმერებს სხვა არანაირი შეღავათები არ დასჭირდებათ. - როგორ ახერხებთ ადგილობრივი ბაზრის დაცვას, რათა ჩვენს მოსახლეობას მოსავალი გასაყიდი არ დარჩეს იმ პირობებში, როცა ჩვენი ბაზარი შემოტანილი დაბალფასიანი პროდუქტითაა გაჯერებული? - ხორბალი აუცილებლად უნდა შემოვიტანოთ, რადგან არ გვაქვს იმდენის წარმოების პოტენციალი, რამდენსაც მოვიხმართ, ამიტომ იმპორტი აუცილებელია. გლეხის და ფერმერის გადასაწყვეტია, რას იტყვის, მაგრამ ხორბლის მიმართულებით ჩვენთვის მთავარია აბსოლუტური უსაფრთხოება. იმპორტი რაც უფრო იაფი იქნება, მით უფრო დაბალი ფასი ექნება პურს. ამდენად, ჩვენი მიზანია, რომ რაც შეიძლება მოქნილად და დაბალანსებულად შევინარჩუნოთ არსებული სიტუაცია. საქართველოში ხორბალი ძირითადად უკრაინიდან შემოდის. რთველი დღესასწაულიდან თავსატეხად იქცა ქვეყნიდან 2008 წელს იმდენი სპირიტ გავიდა, რამდენიც შემოვიდა ასეთია სტატისტიკა. ნუთუ "რუჯსა" და "გუგულს" სპირიტ არ უწარმოებიათ. - როგორ მიმდინარეობს წლევანდელი რთველი., რა რაოდენობის მოსავალს ელოდებით, რამდენია ერთი კილოგრამი ყურძნის ჩაბარების ფასი და სულ რამდენი ქარხანა ჩაიბარებს წელს ყურძენს? - ჯამში ყურძნის 140 ათასამდე ტონა მოსავალს ველოდებით. უკვე ქარხნებში დაბინავებულია 9 300 ტონა საფერავი. 30 ათას ტონას გადასამუშავებლად ველოდებით, რაც სასურსათოდ და სხვა მიმართულებებით მოიხმარება. წლის განმავლობაში გლეხებისგან ყურძენს 42 ქარხანა მიიღებს. ამ მომენტისთვის ყურძენს 30-მდე ქარხანა იბარებს. - ყურძნის ჩამბარებლები ამბობენ, რომ ქარხანაში ყურძნის ჩაბარების ცნობის მიხედვით რიგში დგომა უწევთ, ამასობაში კი ყურძენი უფუჭდებათ. თუ გაქვთ ამის შესახებ ინფორმაცია და როგორ აპირებთ ამ პრობლემის მოგვარებას? - არა მგონია, რომ ეს ინფორმაცია გლეხებისგან მოდიოდეს. გაფუჭებული ყურძენი არცერთ ქარხანაში მე არ მინახავს. გლეხები არ ამბობენ, რომ ყურძენი ფუჭდება. თუ ვინმეს რიგის გამო უფუჭდება ყურძენი და ჩაბარება გაუჭირდა, ამ პრობლემით მე პირადად დავინტერესდები. ყურძნის ჩასაბარებლად ცნობას სოფლის რწმუნებული გასცემს და მთელი წლის განმავლობაში 50 ან 60 ადამიანზე უხდება ცნობის გაცემა. როგორ შეიძლება ამან რიგი გამოიწვიოს. ჩემთვის ასეთი შემთხვევები ცნობილი არ არის. - ღვინის ქარხნებიდან ღვინოს ყიდულობენ ამ მიზნით, რომლებმაც სპირტი უნდა აწარმოონ და რომლებიც მთავრობის წევრების ე.წ. "კრიშის" ქვეშ იმყოფებიან, ესენი არიან "რუჯი" და "გუგული". რამდენად წარმატებით ართმევენ თავს ისინი იმ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ღვინო უნდა შეისყიდონ და სპირიტი აწარმოონ, მაშინ როცა ამ ერთი წლის განმავლობაში, სიტუაციის თანახმად, თითქმის იმდენივე სპირიტი გავიდა ქვეყნიდან, რამდენიც შემოვიდა? - ამ პროგრამის ფარგლებში ამ ქარხნებმა იყიდეს 3 ათასი ტონა ღვინო, რისგანაც უკვე სპირტი გამოხადეს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ექსპორტზე ჯერ არ გაუტანიათ, რადგანაც ამას შესაბამისი ბაზრის მოპოვება სჭირდება. - თუ გადახედავთ თქვენი მინისტრობის განვლილ პერიოდს, რა მიგაჩნიათ ყველაზე წარმატებულ პროექტად ან საქმედ, რომელიც თქვენს მიერ იქნა განხორციელებული? - ჩვენ წლის განმავლობაში ძალიან ბევრი წარმატება გვქონდა. ჯერ ვერ დავასახელებ, თუ რომელი პროექტი უფრო წარმატებული იყო. წლის ბოლოს შესაძლებელი იქნება ამ პროექტების გამოცხადება. მომავალ პროექტებზეც მომავალში ვისაუბრებთ, რადგან ჯერ წლევანდელი პროგრამები გვაქვს დასასრულებელი - გავრცელდა ინფორმაცია, რომ მალე სოფლის მეურნეობის მინისტრი შეიცვლება, რამდენად შეესაბამება ეს სინამდვილეს? - მე არ ვიღებ ამ გადაწყვეტილებებს და შესაბამისად, არ მაქვს არანაირი ინფორმაცია. დიდი მადლობა ექსკლუზიური ინტერვიუსთვის. ესაუბრა ადა ექიზაშვილი |