DataLife Engine > სოფლის მეურნეობა > სოფელში მიწების დამუშავება ძალიან მცირდება
სოფელში მიწების დამუშავება ძალიან მცირდება24 სექტემბერი 2009. : merabi |
|
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიხედვით, უკანასკნელ დროს მნიშვნელოვნად მცირდება ერთ სულზე წარმოებული უმნიშვნელოვანესი სასურსათო პროდუქტის რაოდენობა. სტატისტიკური მონაცემებით, 1990 წლიდან 2007 წლამდე ნათესი ფართობები 700 00-დან 297 000 ჰექტრამდე შემცირდა, მარცვლეული კულტურების, მზესუმზირისა და ბაღჩეულის ნათესები კი განახევრდა.
გაზეთი "ბ&ფ" ქვემო ქართლში ფერმერებს გაესაუბრა. მათი განცხადებით, ხორბლის მოსაყვანად 1 ჰექტარი მიწის დახვნა, კულტივაცია, თესვა საშუალოდ 180 ლარი ღირს. ნათესს შხამ-ქიმიკატებით მოვლაც სჭირდება, რაც საშუალოდ 80 ლარი მაინც ღირს. თუ ბუნებამაც ხელი შეუწყო და მოსავალი კარგი მოვიდა. ხორბლის კომბაინით აღებას 1 ჰექტარზე 90-100 ლარი სჭირდება. გარდა ამისა, მათ მძიმე ტვირთად აწევთ - მიწის გადასახადი 1 ჰექტარზე 35 ლარი. ფერმერები ამბობენ, რომ მათ მიღებული მოსავლის რეალიზაცია უჭირთ, რადგან მათი ხორბალი დაბალ ხარისხიანი თესლითაა დათესილი, რომლის ღირებულებაც 1 კილოგრამზე 60 თეთრია. გლეხებს მოსვენებას არც მიღებული მოსავალი აძლევს, რადგან მათ ხორბლის რეალიზაცია უჭირთ. `წისქვილები ჩვენს ხორბალზე უარს აცხადებენ, რადგან მათ ურჩევნიათ შემოტანილი იაფფასიანი ხორბალი შეისყიდონ. სახელმწიფო ხორბლის მოსავლის აღება-ჩაბარებაში არ ერევა. ჩვენ ჩვენს მოსავალს ნაწილ-ნაწილ ვყიდით, ძირითადად იმ გლეხებზე, რომლებსაც ხორბალი არ დაუთესიათ. სახელმწიფომ უნდა მოგვცეს გასაქანი, რომ თუ აქ არ სჭირდებათ ჩვენი ხორბალი, აზერბაიჯანში ან სომხეთში მაინც შევძლოთ თავისუფლად გატანა და რეალიზაცია. სახელმწიფოს მიერ გადმოცემული ტრაქტორები 1 ჰექტარს 10 ლარად უნდა გვიხნავდეს, მაგრამ 90 ლარად ხნავს. არცერთი რაიონის ხელმძღვანელი არ ფიქრობს, ხორბლის აღების პერიოდში კომბაინის ან ტრაქტორის შემოყვანას, ჩვენ საკუთარი სახსრებით გვიჭირს ტექნიკის მოძიება და ამასობაში გვიგვიანდება მოსავლის აღება, რადგან კომბაინის დასაქირავებლად რიგში ყოფნა გვიწევს. წელს ტექნიკის დაგვიანებით შემოყვანის გამო, დაგვისეტყვა და წვიმამ გაგვიფუჭა მოსავალი. ფერმერების და გლეხების მიმართ არანაირი შეღავათი და კომპენსაცია არაა. ამ დროს კი გამგებლები და მინისტრები პრეზიდენტს ატყუებენ, ვითომ სოფლებში ყველაფერი კარგადაა. ჩვენ ვითხოვთ იაფ კრედიტს, რომლითაც საკუთარი ტექნიკის შეძენას და მიწების დამუშავებას შევძლებთ. სამწუხაროდ, დღეს კრედიტები ფერმერისთვის მიუწვდომელია. თუ უნდა სახელმწიფოს გამართული მეურნეობა ჰქონდეს, გლეხები და ფერმერები რამდენიმე წლით მაინც მიწის გადასახადისგან უნდა გაათავისუფლოს და ამ დაზოგილი თანხით ჩვენ შევძლებთ ტექნიკის შეძენას. ჩვენი ერთ-ერთი პრობლემა კიდევ ისაა, რომ ვერ ვშოულობთ ხარისხიან სოფლის მეურნეობისთვის საჭირო იარაღებს, ბარს, თოხს და ა. შ. ყველაფერი თურქეთიდან შემოდის და უხარისხოა. სახნავი გუთნის შესაკეთებლად კი ერთი ჭანჭიკის ფასი 12 ლარია. მაშინ როცა 1 კილოგრამ რკინას თურქეთი ჩვენგან 27 თეთრად ყიდულობს. სამწუხაროა, რომ ქართული წარმოების არაფერი აღარ იყიდება. ჩვენს სოფლებში სიტუაცია თანდათან უფრო მძიმდება, თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ მომავალი წლისთვის ხორბლის და სხვა მარცვლეულის დათესვას ვერ შევძლებთ", -ფერმერი აცხადებს თამაზ ვარდოსანიძე. სოფლის მეურნეობაში რომ უამრავი პრობლემაა, ამას ყველა აღიარებს, მაგრამ მაშინ, როცა პამიდორი და ბადრიჯანი მიილევა, შეჭირვებულ ხალხს მხოლოდ აღიარება ვერ დააკმაყოფილებს. ამ დღეებში პოლიტიკური პარტია ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ სოფლის მეურნეობაში არსებული მპრობლემები და ამ პრობლემების გადაჭრის მათეული ხედვა გაახმოვანა. "ბ&ფ" გიორგი თარგამაძეს ესაუბრა: "სახელმწიფომ სოფლის საჭიროებისთვის 2009 წლის ბიუჯეტიდან თანხა გამოყო. პირველად სოფლის მეურნეობაში განსახორციელებელი სახელმწიფო პროგრამებისთვის 12 მილიონი იქნა გათვალისწინებული. ეს თანხა შემდეგ წლის განმავლობაში სხვადასხვა პროგრამებიდან შეივსო და დაახლოებით 20 მილიონი ლარი შეადგინა. საშუალოდ თითო სოფელზე საჭიროებებისთვის 20-25 ათასი ლარი დაიხარჯა. მაგრამ რას წარმოადგენდა ეს სოფლის საჭიროება, ამ კუთხით ძალიან ბევრი კითხვისნიშანი გაჩნდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენ სოფლების შემოვლა დავიწყეთ და ვაწარმოეთ სერიოზული მონიტორინგი, თუ როგორ მიიღებოდა და რამდენად შეესაბამებოდა ჩატარებული სამუშაოები სოფლის მცხოვრებთა პრობლემებს. აღმოვაჩინეთ, რომ სოფლის მოსახლეობისთვის არც კი უკითხავთ უფრო მეტად რაში სჭირდებოდათ ამ თანხის გამოყენება. ერთის მხრივ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ საერთოდ ტენდენცია მისასალმებელია, რომ სოფელზე სერიოზული თანხები იქნეს მიმართული, რადგან ბოლო პერიოდში თუ რამე ხდებოდა სოფლებში, ეს მხოლოდ შემორჩენილი ინფრასტრუქტურის განადგურებას და ნგრევას უკავშირდებოდა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ გამოყოფილი თანხების სამუშაო პროექტები 2010 წლისთვის უნდა დასრულდეს, ამიტომ ჩვენს მიერ მთავრობისთვის შეთავაზებული წინადადება წარმოადგენს 20 მლნ-იდან სოფლის სახელმწიფო პროგრამებისთვის თანხების გამოყოფას, რაც მართლა გამოიწვევს სოფლის აღმავლობის სერიოზულ ძვრებს. რთველის შედეგებს სოფლის მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიური და სოციალური მნიშვნელობა აქვს. წელს თითქოს არის საუბსიდირება საფერავზე და სხვა ჯიშის ყურძენზეც, მაგრამ პრობლემას წარმოადგენს იმ ადამიანების მდგომარეობა, რომლებსაც ათ და მეტ ჰექტარზე აქვთ გაშენებული ვენახი. რადგან ქარხნები ყურძენს მხოლოდ გლეხებისგან იღებენ და ფერმერებისგან არა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფერმერებს ყურძენი არ გაუფუჭდეთ. მე ვესაუბრე რამდენიმე გლეხს და ისინი ნაწილობრივ კმაყოფილები არიან წლევანდელი სუბსიდირებით, მაგრამ ძლივს ძლიობით აბალანსებს აღებული თანხა მათ ნაშრომს და მოსავლის ხარჯებს. ჩვენ გვაქვს ახლო კონტაქტი გლეხებთან, რომ ვიცოდეთ რა აწუხებთ მათ. გლეხები ჩივიან, რომ აღებული ცნობის მიხედვით სხვადასხვა დროს უწევთ ყურძნის ჩაბარება. ეს მართალია ორგანიზაციული მხრივ კარგია, მაგრამ მათ ამ ლოდინში ყურძენი უფუჭდებათ. პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომ თურმე ხორბალს მიხედვა სჭირდება. ამას მიხედვა კი არა, სწორი პოლიტიკის გატარება სჭირდება. პირველ რიგში იმპორტირებული ხორბლის სტრუქტურის შესწავლაა საჭირო. ასევე იმის გაანალიზება, რისი წარმოების ტრადიციული, ეკონომიკური, აგრარული შესაძლებლობებიც არსებობს საქართველოში. განსაკუთრებით მაშინ, როცა ამხელა ტრადიციები არსებობს. ამ კუთხით მისაღებია კონკრეტული გადაწყვეტილებები. მოსავლის სტიქიისგან დაზარალების შემთხვევაში უნდა ფუნქციონირებდეს სადაზღვევო სისტემა, რაც გამოსავალს წარმოადგენს. ასევე გრძელვადიანი დაბალპროცენტიანი კრედიტებია საჭირო. სახელმწიფო უნდა დადგეს სახით და არა ზურგით საკუთარი მოსახლეობის წინ. ამ დღეებში პრემიერ-მინისტრთან ნიკა გილაურთან ვაპირებთ შეხვედრას, სადაც ერთ-ერთი წამყვანი თემა აგრარული მეურნეობის პოლიტიკაში ცვლილებების შეტანა იქნება. საქართველოში იმ ოლიგარქებისთვის, ვისაც მთელი რიგი სფეროები ქართულ ეკონომიკაში მონოპოლიზირებული აქვთ, პროდუქტის იმპორტი უფრო მომგებიანია, ვიდრე ადგილობრივი პროდუქტის წარმოება. ოლიგარქობა ნიშნავს იმას, როცა პოლიტიკა და ბიზნესი ერთმანეთშია შერწყმული და როცა პოლიტიკური გავლენებით შესაძლებელი ხდება გარკვეული სფეროების აბსოლუტური კონტროლი. ქვეყანაში არ არსებობს ანტიმონოპოლიური სამსახური. ამიტომ საქართველოს ეკონომიკის პოლიტიკის სრული გადახედვაა საჭირო, რომლის რადიკალური ცვლილებებიც აუცილებლად აისახება როგორც სხვა, ასევე ხორბლის წარმოების პერსპექტივაზეც". ადა ექიზაშვილი |