DataLife Engine > სოფლის მეურნეობა > ვაქცინის არ არსებობის გამო ათასობით პირუტყვი იხოცება
ვაქცინის არ არსებობის გამო ათასობით პირუტყვი იხოცება15 მაი 2010. : merabi |
|
ვაქცინის არ არსებობის გამო ათასობით პირუტყვი იხოცება
რეგიონებში, განსაკუთრებით, ქვემო ქართლის, ბოლნისის, ასევე, კახეთში, გურჯაანის რაიონში ღორის ჭირი მძვინვარებს. მოსახლეობას ათობით სული ღორი ეხოცება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური კი არანაირ რეაგირებას არ ახდენს. მოსახლეობა საკუთარი ძალებით პირუტყვის გადარჩენას იმ მიზეზის გამო ვერ ახერხებს, რომ საქართველოში ღორის ჭირის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს. ჩვენი გადამოწმებითაც, ვერც ერთ ვეტერინარულ მაღაზიაში, ღორის ჭირის საწინააღმდეგო ვაქცინა ვერ აღმოვაჩინეთ. მაღაზიის მეპატრონეები აცხადებენ, რომ საქართველოში ეს ვაქცინა ჩეხეთიდან და რუსეთიდან შემოდიოდა, ხოლო მას შემდეგ, რაც საქართველოში ღორი თითქმის გაწყდა, ღორის ჭირის ვაქცინაზე მოთხოვნა შემცირდა, ამიტომ მცირე ოდენობის ვაქცინის შემოტანა ძვირი ჯდება და აღარ შემოაქვთ. იმედდაკარგულმა და მიტოვებულმა ბოლნისის რაიონის მოსახლეობამ, მას შემდეგ, რაც სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურს მიმართა, მათთან ადგილობრივი ვეტერინარიის სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ და ღორის ავადმყოფობა შეამოწმეს. დადგინდა, რომ ეს ღორის კლასიკური ჭირი იყო. თუმცა, ვეტერინარიის სამსახურის თანამშრომლებმა ბოლნისის მოსახლეობას ისიც განუცხადეს, რომ მათ მკურნალობა არ შეუძლიათ და მოსახლეობამ თავად უნდა მიხედოს ამ პრობლემას. მაშინ, როცა ამდენი ღორი წყდება საქართველოში და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პრობლემის საწინააღმდეგო ღონისძებების გატარების ნაცვლად სირაქლემის პოზიციაში ყოფნას ამჯობინებს, არ უზრუნველყოფს საქართველოში საჭირო ვაქცინის შემოტანას, მოსახლეობა მარტო როგორ გაუმკლავდება ამ პრობლემას? ეს ხომ მარტო იმ ადამიანების პრობლემა არ არის, ვისაც პირუტყვი ეხოცება? როდესაც რეგიონებში ამდენი პირუტყვი იხოცება, ჩნდება იმის საშიშროება, რომ ადგილობრივ ბაზარზე შეიძლება დაავადებული ღორის ხორცი მოხვდეს. სიტუაციას ისიც ამწვავებს, რომ საფრთხეებს საგულდაგულოდ მალავენ, შესაბამისად, ღორის ხორცის ხორცის მომხმარებელი ინფორმირებული არ არის. თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ღორის ჭირით დაავადებული ხორცი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის. შეიძლება ის იმპორტირებული ღორის ხორცზე უკეთესი ხარისხისაც კი იყოს. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ქვეყანაში ვეტერინარული კონტროლის შესუსტება გახდა ღორის ჭირის გავრცელების მიზეზი, რომლის ლიკვიდაცია ჯერ კიდევ ბევრი ენერგიის დახარჯვას მოითხოვს და ეს აუნაზღაურებელ ზარალს მიაყენებს სოფლის მეურნეობას. სამინისტრო დღეს არსებულ პრობლემას ყურადღებას არ აქცევს და იმდენსაც კი არ იაზრებს, რომ მალე ადგილობრივი, ეკოლოგიურად სუფთა ღორის ხორცი, რომელიც დარწმუნებული ვართ, სოფლის მეურნეობის მინისტრს ბაკურ კვეზერელსაც ძალიან უყვარს, სანატრელი გაგვიხდება. სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის უფროსს უნდა ახსოვდეს, რომ "ვეტერინარის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად ქვეყნის ვეტერინარული სამსახურის წინაშე დგას სამი ძირითადი მიზანი, რომელიც სასწრაფოდ რეაგირებას მოითხოვს, ესაა ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა; ქვეყნის ტერიტორიის დაცვა სხვა ქვეყნებიდან ცხოველთა გადამდები სნეულებების აღმძვრელების შემოტანისგან; მოსახლეობის დაცვა ცხოველებისა და ადამიანის საერთო დაავადებებისგან. ადა ექიზაშვილი |