DataLife Engine > სოფლის მეურნეობა > "ქართულ სოფლის მეურნეობას გადაგვარება ელის"
"ქართულ სოფლის მეურნეობას გადაგვარება ელის"23 აპრილი 2010. : merabi |
|
საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი სტრატეგიული დარგი მეცხოველეობა-მეფრინველეობა გადაშენების ზღვარზეა. ამ ხმაურიან დასკვნას ექსპერტების ნაწილი სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით აკეთებს. სპეციალისტების განმარტებით, წინა წლებთან შედარებით 300 ათასი სულით შემცირდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 600 ათასით ღორი, 300 ათასით ცხვარი და 3 მილიონით ქათამი. ეს კი ექსპერტების შეფასებით, კატასტროფაა. მათივე მტკიცებით, ქვეყანაში მეცხოველეობის განვითარების მხრივ სერიოზული პრობლემებია და ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან არანაირი ღონისძიება არ იგეგმება.
ამ ტენდენციასთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის განყოფილებათა გამგეს თამაზ კუნჭულიას ვესაუბრეთ. - ბატონო თამაზ, საქართველოში ბოლო წლების სტატისტიკური მონაცემებით, კატასტროფულად შემცირდა პირუტყვისა და ფრინველის სულადობა. რამ განაპირობა ეს? - უკვე ორი-სამი წელია საქართველოში სულადობის შემცირების ტენდენცია იგრძნობა. იგი ეხება როგორც მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვს, ასევე ფურებს. სხვათაშორის, მანამდე ფურების ზრდის ტენდენცია იყო და რაოდენობამ საბჭოთა პერიოდში არსებულ რაოდენობასაც გადააჭარბა, თუმცა, შემდეგ დაიწყო კლება. რაც შეეხება შემცირების მიზეზს, საქართველოში საზღვარგარეთიდან დიდი რაოდენობით ხორცი შემოდის, ჩვენი პროდუქტი კი მას კონკურენციას ვერ უწევს. იგივე მდგომარეობაა მეღორეობაში. წინა წლებთან შედარებით, ქვეყანაში საგრძნობლად არის შემცირებული ღორის რაოდენობა. მიზეზი აფრიკული ჭირია, რომლის გავრცელების შემდეგ ღორის სულადობა მნიშვნელოვნად შემცირდა. რაც შეეხება ცხვარს, ქართული მეცხვარეობა ზამთრის საძოვრებით არის შეზღუდული. მინდა გითხრათ, რომ ზამთრის საძოვრებზე, შირაქში არამატო ცხვარი დგას, არამედ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვიც. რამაც ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დაგვაყენა. - გასულ წელს ქვეყნიდან დიდი რაოდენობით ქართული ცხვარი გაიყვანეს. წელს კი, მთავრობის განცხადებით, შეკვეთა კიდევ უფრო გაიზარდა. როგორ ფიქრობთ, ეს ხელს შეუწყობს მეცხვარეობის განვითარებას? - მართლაც, გასულ წელს არაბებმა ცხვრის გაყვანა დაიწყეს. როგორც ამბობენ, მათ უკვე 250-300 ათასი ცხვარი გაიყვანეს და ეს ტენდენცია შემდგომშიც გაგრძელდება. ახლა კი დაიწყეს ხბოების გაყვანა. ეს ნიშნავს რომ ბაზარი გამოჩნდა. ის რომ ქართულ პირუტყვზე არსებობს მოთხოვნა, ბუნებრივად მიმაჩნია, რადგან ჩვენი პირუტყვი ბუნებრივ საძოვრებზე იზრდება. ხელოვნური საკვები მათ ნაკლებად ეძლევათ, ამიტომ მათი ხორცი მეტ-ნაკლებად ეკოლოგიურად სუფთაა. თუკი მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება, ძალიან კარგი იქნება, თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ ეს ტენდენცია დაგვღუპავს, მაგრამ ასე არ მოხდება, თუ მთელი ეს პროცესი რეგულირებადი იქნება. უნდა გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები, რომ გვქონდეს საკმარისი ზრდა. ტრაგედია იმაშია, რომ ჩვენმა სოფლის მეურნეობამ დაკარგა ბაზრის მოთხოვნაზე რეაგირების უნარი, იმის გამო, რომ არ არსებობს შესაბამისი ცოდნა, ხოლო ექსპორტს სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა არ აქვს. - 2010 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნადაა შემცირებული. თქვენი აზრით, რამდენად საკმარისია გამოყოფილი თანხა ქართული სოფლის მეურნეობისთვის და როგორ აისახება ეს დღევანდელ ვითარებაზე? - ეს თანხები ჩვენი სოფლის მეურნეობისთვის, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის. როგორც ვიცით, მიმდინარე წელს ვეტერინარულ მომსახურებაზე თანხა საერთოდ არ არის გამოყოფილი. ეს იმ დროს, როცა სხვადასხვა დაავადებებია გავრცელებული. ამ დაავადებებს სახელმწიფო მკურნალობდა, დღეს კი ვეტერინარული მომსახურება, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. თვითონ გლეხს ამის არც საშუალება აქვს და არც საკმარისი ცოდნა. ყველაზე დიდი დეფიციტი, რაც სოფლის მეურნეობას სჭირს, ეს არის ცოდნის დეფიციტი. სოფლის მეურნეობას სჭირდება მნიშვნელოვანი დახმარება. ფერმერს გარკვეული ხარჯების ნაწილი სახელმწიფომ უნდა დაუფაროს. ამით წაახალისებს მას, რომ განავითაროს საქმიანობა და პროდუქცია საზღვარგარეთ გაიტანოს. - სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ მეცხოველეობის ხელშეწყობისთვის 500 საჯიშე ძროხა ჩამოიყვანეს. რამდენად საკმარისია ეს ქვეყანაში მეცხოველეობის განვითარებისთვის? - საბჭოთა პერიოდში ამდენი ძროხა ერთ რაიონს ჩამოჰყავდა, მაგრამ შედეგი არ იყო. მარტო ჩამოყვანა არ არის საკმარისი. რომ ჩამოიყვან, მას საკვებით უზრუნველყოფა უნდა. რაც უფრო მაღალი ჯიშის არის პირუტყვი, მით უფრო მაღალი მომსახურება სჭირდება. ასევე საჭიროა რძის შემგროვებელი პუნქტების და სასაკლაოს მოწყობა. - გარდა მეცხოველეობისა, მნიშვნელოვნადაა შემცირებული დამუშავებული მიწების რაოდენობაც. მათ შორის გამოსაყოფია, ხორბლის ნათესი ფართობები. როგორ ფიქრობთ, რა არის ამ შემცირების მიზეზი? - მიზეზები თითქმის იგივეა, რაც მეცხოველეობასთან დაკავშირებით. საქართველოში პროდუქციის შემოტანა იმდენად მძლავრად აეწყო, რომ ადგილობრივი პროდუქცია იმპორტირებულს ფასით კონკურენციას ვერ უწევს. 1 ჰექტარზე დათესილი ხორბლით რა კონკურენცია უნდა გაუწიოს გლეხმა იმპორტიორს, რომელსაც უფრო დაბალი ფასის შეთავაზება შეუძლია. არაკონკურენტუნარიანი გახდა ქართული ხორბალი და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ზოგიერთი მეცნიერის განცხადებით, ქართული ხორბალი საცხობად არ ვარგა. კატასტროფაა, როდესაც საქართველოში 500 ათასზე ჰა-ზე მეტი მიწა დაუმუშავებელი რჩება. - თუკი მომავალში სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული მდგომარეობა არ შეიცვალა, რა ელის უახლოეს მომავალში ამ სფეროს საქაღთველოში? - ჩვენ ვართ ვაჭრობის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი, სადაც საშინელი შეზღუდვები გვაქვს. მაშინ, როდესაც ამ ორგანიზაციაში ვწევრიანდებოდით, მახსოვს, ყველა აღფრთოვანებული იყო, გარდა ერთი მინისტრისა, ეს იყო ბაკურ გულუა, რომელიც ამბობდა, რომ ამ ორგანიზაციაში შესვლა ჩვენთვის ნაჩქარევი იყო და მზად არ ვიყავით. მართლაც, ამან არ გაამართლა, რადგან ვერ ვაკმაყოფილებთ იმ პირობებს, რასაც განვითარებული ქვეყნები ითხოვენ ჩვენგან. თამბაქოზე, ეთერზეთებზე, მცენარეულ ზეთზე, ჩაიზე არის მოთხოვნა და მათი წარმოება თანდათან ისპობა. თუკი რაიმე არ შეიცვალა, ჩვენს სოფლის მეურნეობას გადაგვარება ელის. მარი ნანავა |