DataLife Engine > სოფლის მეურნეობა > სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული მდგომარეობა ყოველწლიურად უარესდება

სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული მდგომარეობა ყოველწლიურად უარესდება


12 მარტი 2010. : merabi
თუმცა მთავრობა ოპტიმისტურადაა განწყობილი

რამდენიმე კვირის წინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას, სხვა მრავალ საინტერესო და ქვეყნისთვის აქტუალურ თემასთან ერთად, სოფლის მეურნეობის შესახებაც ისაუბრა. მისი განცხადებით, მიუხედავად მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა, საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული მდგომარეობა უმჯობესდება. პრეზიდენტის თქმით, წინა წელს სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში გაიზარდა, ამ სფეროში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი კი 25%-ით და არც 2010 წელი უნდა იყოს მძიმე სოფლის მეურნეობის დარგისთვის.
"სოფლის მეურნეობა რჩება პირადად ჩემი და მთელი მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტად. გასულ წელს, სოფლის მეურნეობის სექტორის ზრდა ახალი საექსპორტო პროდუქტების ხარჯზე მოხდა, მათ შორისაა ცხვრის ხორცი, რომლის ექსპორტიც წელიწადში 25 ათასი ერთეულიდან, შარშან 266 ათას ერთეულზე ავიდა. გარდა ამისა, პირველად ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩვენ შევძელით ყველაზე წარმატებული რთველის ჩატარება", - აცხადებს სააკაშვილი.
მიუხედავად პრეზიდენტის ოპტიმისტური განწყობისა, ქვეყანაში სოფლის მეურნეობის სექტორში, შეიძლება ითქვას, რომ კატასტროფული მდგომარეობაა.
ბოლო წლებში დაუმუშავებელი სავარგულების რაოდენობა მუდმივად იზრდებოდა. წელს კი, შესაძლოა, მიწების 2-3 დაუმუშავებელი დარჩეს.
ქართველი გლეხები საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებას არ ჩქარობენ.
რის მიზეზადაც გლეხები ტექნიკის უქონლობას ასახელებენ. პრობლემები აქვთ იქაც, სადაც პრეზიდენტის ნაჩუქარი ტრაქტორები დაარიგეს. მოსახლეობის თქმით, სასოფლო ინვენტარზე ხელმისაწვდომობა ძალიან დაბალია, რის გამოც მიწის დამუშავება უგვიანდებათ.
სოფლის მეურნეობის დაფინანსება 2008 წელს 71 მლნ. ლარს შეადგენდა, 2009 წელს 113 მლნ-ს, ხოლო 2010 წელს გამოყოფილი თანხა 55 მლნ. ლარამდე შემცირდა. ამ თანხიდან 20 მლნ-ზე მეტი ადმინისტრაციულ ხარჯებზე და ხელფასებზე მოდის, ანუ ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობისთვის 2010 წელს 30 მლნ. ლარამდეა გამოყოფილი.
2009 წელთან შედარებით, მიმდინარე წელს თანხები აღარ არის გამოყოფილი გასულ წელს ხელისუფლების მიერ გაპიარებული რთველის დაფინანსებისთვის, ასევე მეღვინეობის განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებებისთვის, ვენახების განახლებისთვის და სასოფლო-სამეურნეო კვლევის დანერგვისთვის. გაუქმდა "სოფლის მექანიზაციის უზრუნველყოფის და სოფლად სატრაქტორო პარკის განახლების პროგრამაც".
როგორც პრეზიდენტი აცხადებს, გასულ წელს ქვეყნის მშპ-ში სოფლის მეურნეობის სექტორის წილი მნიშვნელოვნად გაიზარდა. უცნობია, რაზე დაყრდნობით აცხადებს ამას სააკაშვილი, რადგან ახლადშექმნილ საქსტატს, ჯერ-ჯერობით 2009 წლის მონაცემები არ გამოუქვეყნებია. რაც შეეხება მანამდე არსებულ ტენდენციას, შეიძლება თამამად ითქვას, რომ 2003-2008 წლებში სოფლის მეურნეობის წილი ქვეყნის მშპ-ში მუდმივად მცირდებოდა.
ეს ტენდენცია ეხება როგორც მსხვილფეხა საქონლის რაოდენობას, ისე წარმოებულ პროდუქციას და სახნავ-სათესი მიწების მოცულობას. მაგალითად, თუკი 2003-2005 წლებში ქვეყანაში 350_400 ათას ტონამდე კარტოფილი იწარმოებოდა და მას სოფლის მეურნეობის მთლიან შიდა პროდუქტში 5-7% ეკავა, 2008 წლის მონაცემებით ეს მაჩვენებელი დაახლოებით 2-3%-ია. მნიშვნელოვნადაა შემცირებული ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში წარმოებული ხილის მოცულობაც.
ფაქტობრივად, ქვეყანაში არცერთ სოფელს არ ჰყავს ვეტექიმი, რის გამოც, თითქმის ყველგან უმძიმესი მდგომარეობაა შინაური ცხოველების დაავადებების მხრივ. არსებული მძიმე ვითარების ნაწილობრივ გამოსწორების მიზნით, ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ სახელმწიფოს გარკვეული ვაქცინა აჩუქა, რათა დაავადებების შესაჩერებლად შესაბამისი ღონისძიებები გატარებულიყო, თუმცა, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ამ ვაქცინის გამკეთებელიც არავინ აღმოჩნდა.
ფაქტია, რომ სახელმწიფოს დღემდე არ აქვს სტრატეგია, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ სფეროს განვითარება, თუმცა, როგორც პრეზიდენტი აცხადებს, მისი და მთავრობის ძირითად პრიორიტეტს სწორედ სოფლის მეურნეობის განვითარება წარმოადგენს..

თენგო ოქრომჭედლიშვილი